Pfizer/BioNTech-ის ვაქცინასთან დაკავშირებით გაჟღერებული მანიპულაციური მტკიცებები

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

10 დეკემბერს ტელეკომპანია „ობიექტივის” ეთერში გადაცემა „ღამის სტუდიის“ სტუმარმა, ჰომეოპათმა თინათინ თოფურიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას რამდენიმე მანიპულაციური განცხადება და დეზინფორმაცია გაჟღერდა. გადაცემაში თინათინ თოფურიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ უკვე 6 ადამიანი იმსხვერპლა, რაც სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციამაც (FDA) აღიარა. სტუმარმა ვაქცინის არასანდოობისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციით გამოწვეული ალერგიული ფონით მანიპულირებაც სცადა. ამასთან ერთად, თოფურიას თქმით, პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. თინათინ თოფურიას მიერ გადაცემა „ღამის სტუდიაში“ გაჟღერებული მტკიცებების ნაწილი დეზინფორმაციის შემცველია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მტკიცება, რომ ვაქცინაციის ცდების დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, არასწორად არის გაშუქებული და მანიპულაციურ ხასიათს ატარებს.

მოცემული მანიპულაციური განცხადება FDA-ის მიერ 10 დეკემბერს ვაქცინებთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა საბჭოს შეკრებაზე წარდგენილი დოკუმენტიდან იღებს სათავეს. დოკუმენტში, რომელიც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის კვლევის ეტაპებსა და მისი ეფექტურობის შეფასებას ეხება, აღნიშნულია, რომ ვაქცინის ცდებში 29 აპრილიდან 14 ნოემბრის ჩათვლით 43 448 ადამინმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 21 720 ადამიანს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გაუკეთდა, 21 728-ის ორგანიზმში კი ნივთიერება პლაცებო შეიყვანეს. შესაბამისად, მათი ვაქცინაცია არ მომხდარა. პლაცებოს სამედიცინო კვლევების დროს ხშირად იყენებენ. აღნიშნული ნივთიერების გამოყენების დროს კვლევის მონაწილეებმა არ იციან, რომ მათ ორგანიზმში არა ნამდვილი ვაქცინა, არამედ სამკურნალო თვისებებისგან თავისუფალი ნივთიერება შეჰყავთ.

FDA-ის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცდების დროს 43 448 ადამიანიდან 6 გარდაიცვალა. აქედან 4 მათგანი სწორედ პლაცებო ცდის პირს წარმოადგენდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთოდ არ მოხვედრილა. შესაბამისად, მათი გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის ვაქცინის დასახელება სრულიად უსაფუძვლოა. ამასთან ერთად, პლაცებო ჯგუფის გარდაცვლილებიდან სამი 55+ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებოდა. რაც შეეხება 2 გარდაცვლილ მონაწილეს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ნამდვილად აცრეს, ერთ-ერთი ვაქცინის მეორე ინექციიდან 62 დღეში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. მეორე მონაწილე კი ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 3 დღეში ათეროსკლეროზით გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი 55+ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებოდა.

შესაბამისად, თინა თოფურიას მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდის პერიოდში ვაქცინამ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სიმართლეს არ შეესაბამება. ცდაში ჩართული გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ოთხისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთოდ არ გაუკეთებიათ. დანარჩენი ორი ადამიანის გარდაცვალება კი გულის გაჩერებას და ათეროსკლეროზს უკავშირდება. ბოლო ორის შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადებების პროვოცირება ვაქცინაციამ გამოიწვია.

თინათინ თოფურია ვაქცინაციისგან გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებზეც საუბრობს და ამას ვაქცინის არასანდოობასა და მისგან მომდინარე შესაძლო სერიოზულ გართულებებს უკავშირებს.

FDA-ის მიერ გამოქვეყნებულ ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტში ვაქცინაციის შემდგომ შესაძლო ალერგიულ რეაქციაზეა საუბარი, რაც ჰიპერმგრძნობელობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ალერგიული რეაქცია ნებისმიერმა სამედიცინო თუ არასამედიცინო პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს. დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მართლაც ანაფილაქსიის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ათასობით ვაქცინირებულს შორის ალერგიული რეაქცია მხოლოდ ორს გამოუვლინდა, დიდ ბრიტანეთს ვაქცინაციის პროცესი არ შეუწყვეტია. თუმცა ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ (MHRA) მალევე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, Pfizar/BioNTech-ის ვაქცინა არ უნდა გაუკეთდეს მას, ვისაც რომელიმე ვაქცინის ან საკვების მიმართ ალერგიის ისტორია აქვს. ასევე ვაქცინის მეორე დოზის მიღება დაუშვებელია მათთვის, ვინც პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია აჩვენა.

თინათინ თოფურიას თქმით, პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მოცემული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება.

აღნიშნული დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა expressnews.uk. ვებგვერდზე 16 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ პრინცმა ჩარლზმა შესაძლოა, უარი თქვას კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გაკეთებაზე, რადგან პრინცი გენეტიკურ მოდიფიკაციას ეწინააღმდეგება. ამ მოსაზრების გასამყარებლად მასალას პრინც ჩარლზის სტატიიდან - „The Seeds of Disaster“ ამონარიდები აქვს დართული.

რეალურად, პრინცი ჩარლზის სტატია „The Seeds of Disaster” უელსის პრინცისა და კორნუოლის ჰერცოგინიას ოფიციალურ ვებგვერდზე 1998 წლის 8 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში პრინცი ჩარლზი გენმოდიფიცირებულ საკვებს აკრიტიკებს: „მე არანაირი სურვილი არ მაქვს მივიღო გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები და ამას არც ჩემს ოჯახის წევრებს ან სტუმრებს ვთავაზობ“. იგი ასევე ხაზს უსვამს იმ ფუნდამენტურ განსხვავებებს, რაც ერთი მხრივ, ტრადიციული და მეორე მხრივ კი, გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებულ საკვებს შორის არსებობს. აღნიშნული სტატიის გამოყენება იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ კორონავირუსის ვაქცინა დნმ-ს ცვლის, არასწორია. ამასთან ერთად, 18 დეკემბერს პრინცმა ჩარლზმა განაცხადა, რომ იგი ვაქცინის გაკეთებას ნამდვილად აპირებს და საკუთარ რიგს ელოდება.

ამრიგად, გადაცემა „ღამის სტუდიაში“ ჰომეოპათ თინათინ თოფურიას მიერ გაჟღერებული მტკიცებების უმეტესობა დეზინფორმაციას შეიცავს. იგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეპუტაციის შელახვას მანიპულაციური განცხადებების მეშვეობით ცდილობს, რასაც აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს. გადაცემის ჩანაწერი წამყვანმა ნინო რატიშვილმა საკუთარ ფეისბუქ -გვერდზე გამოაქვეყნა, საიდანაც მასალა თინა თოფურიამაც გაავრცელა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: