იტვირთება

დავით ბაციკაძე: [აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით] კოვიდის მართვაში ჩართული პერსონალის ხელფასები იზრდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ბაციკაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: პირველ რიგში განვმარტავთ: „ფაქტ-მეტრმა“ დააზუსტა, რომ განცხადების ავტორი აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პერსონალს გულისხმობდა, რომელიც რეგიონში არსებული კოვიდსიტუაციის მართვის პროცესში აქტიურადაა ჩართული.

აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის მიხედვით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებისთვის 27 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან 2 195 900 ლარი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრისთვისაა განსაზღვრული. ამ მიზნით, 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული თანხის მოცულობა 1 188 700 ლარს შეადგენდა, საიდანაც 621 500 ლარი ორმოცდახუთი მომუშავის შრომის ანაზღაურებისთვის იყო გამოყოფილი. 2021 წელს კი აღნიშნული მიმართულებით 758 000 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი 136 500 ლარით იზრდება. თუ მომუშავეთა რაოდენობაზე გადავანაწილებთ, გამოვა, რომ თითოეული დასაქმებულის ანაზღაურება ყოველთვიურად, საშუალოდ, 250 ლარით გაიზრდება. საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, ერთი დასაქმებული ხელზე დაახლოებით 200 ლარს აიღებს.

ანალიზი

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შეფასებისას, განაცხადა: „მატება არის იმ მედპერსონალის ხელფასების, ვინც აქტიურად არის ჩართული კოვიდის მართვაში“.

აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები (გეგმა), ჯამურად, 328 474 000 ლარს შეადგენს. აქედან 27 მლნ ლარი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვისაა განკუთვნილი. ამ თანხიდან 2 195 900 ლარი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს მოხმარდება. 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმასთან შედარებით, წელს პროგრამაზე 1 007 200 ლარით მეტის გახარჯვა იგეგმება. 136 500 ლარით იზრდება ორმოცდახუთი მომუშავის შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული თანხის მოცულობაც და ის 758 000 ლარს უტოლდება. საშუალოდ, ყოველთვიურად ერთ მომუშავეს ანაზღაურება 250 ლარით გაეზრდება. თუ გავითვალისწინებთ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც 20%-ს შეადგენს, ერთი დასაქმებული ხელზე, საშუალოდ, 200 ლარით მეტ ხელფასს აიღებს.

ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მიზანს წარმოადგენს რეგიონში ეპიდემიოლოგიურად კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი მზადყოფნისა და დროული რეაგირების გზით. ასევე - დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტირება, მოსახლეობის ცნობიერების დონის გაზრდა, სამედიცინო დიაგნოსტიკურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მუნიციპალურ დონეზე.

პროგრამა შეტანილია აჭარის ა/რ 2021 – 2024 წლების პრიორიტეტებში და მისი დაფინანსებისთვის ჯამურად, 6 656 400 ლარია გათვალისწინებული.

აქვე განვმარტავთ, რომ, როგორც მთლიანად საქართველოს, ისე აჭარის რეგიონის მასშტაბით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვასთან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. თუმცა, ვინაიდან ამ კონკრეტულ ეტაპზე ჩვენი კვლევის საგანს აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს და მხოლოდ განცხადების სიზუსტეს ვამოწმებთ, ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით, განცხადებაში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

რაც შეეხება კოვიდკლინიკებში დასაქმებულ პერსონალს, მათ ხელფასზე 50%-იან დანამატს საქართველოს მთავრობა დაჰპირდა და აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებებს არ უკავშირდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3539 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი