შალვა პაპუაშვილი: ოთხი მანდატით ნაკლებს ვიღებდით [ISFED-ის] ძველი მონაცემით ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის ძველი მონაცემების მიხედვით, ქართულ ოცნებას 85 მანდატი ერგებოდა, შესწორებული მონაცემების მიხედვით კი - 89.
ანალიზი
11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.
მიუხედავად ცვლილებისა, ორგანიზაციამ განმარტა, რომ მიღებული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
ISFED-ის განცხადებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ორგანიზაციას მოუწოდა, განცხადების ის ნაწილი ჩაესწორებინა, რომლის მიხედვითაც, ეს ჩასწორება გავლენას არ ახდენს მანდატების გადანაწილებაზე. „რახან სიმართლეს იკვლევენ, მოვუწოდებ ISFED-ს საკუთარი 11 დეკემბერის განცხადების ის ნაწილიც ჩაასწოროს, რომლის მიხედვითაც ეს ჩასწორება გავლენას არ ახდენს მანდატების გადანაწილებაზე. რა თქმა უნდა, ახდენს. ოთხი მანდატით ნაკლებს ვიღებდით ძველი მონაცემით. გახსოვდეს ზედა ჩამკეტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენ მანდატს მიიღებდა „ქართული ოცნება“ ISFED-ის პარალელური დათვლის ძველი და ახალი მონაცემების მიხედვით.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში, ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს.
მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი არის ზედა ზღვარი, რომელიც პარტიას/საარჩევნო ბლოკს პარლამენტში მაქსიმალური მანდატების რაოდენობას განუსაზღვრავს. ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში პარტიას შესაბამისი რაოდენობის მანდატები მოაკლდება და, კანონით დადგენილი წესით, სხვა სუბიექტებზე გადანაწილდება.
ISFED-ის პარალელური დათვლის თავდაპირველი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 45.8% მიიღო (60 მანდატი). ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით, ამ მონაცემით ქართულ ოცნებას 85 მანდატზე მეტი არ ერგებოდა.
კერძოდ: 45.8%* 1.25=57.25
150*57.25/100=85.87 (85 მანდატი)
ISFED-ის პარალელური დათვლის შესწორებული შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47.6% მიიღო (61 მანდატი). ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით, ამ მონაცემით ქართულ ოცნებას 89 მანდატზე მეტი არ ერგება. კერძოდ: 47.6%*1.25=59.5
150*59.5/100=89.25 (89 მანდატი)
ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული ჩასწორების მიხედვით, მინიმალური შედეგი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ცდომილების ფარგლებში შეიძლება, პარალელური დათვლის შედეგებით დაუფიქსირდეს, არის 46.9%, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ამ შემთხვევებში მინიმალური და მაქსიმალური შესაძლო რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდება:
შესაბამისად, ISFED-ის დაზუსტებულ შედეგებს თუ განვიხილავთ, ცდომილების ფარგლებში, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ 87 და მაქსიმუმ 90 მანდატი ეკუთვნის. ამრიგად, ცდომილება პირველად და შესწორებულ მონაცემებს შორის გავლენას მაქსიმუმ 6 მანდატის განაწილებაზე იქონიებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე.წ. ჩამკეტი მექანიზმის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შესწორებული შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ ოთხი მანდატით მეტს იღებს, ვიდრე თავდაპირველი შედეგებით მიიღებდა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის სიმართლე.