იტვირთება

დავით ზალკალიანი: მინდა ერთ მნიშვნელოვან მიღწევაზე ვისაუბრო. წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჩვენი თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ზალკალიანის განცხადება არის ტყუილი.

ანალიზი:

დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს უსმენდნენ, განაცხადა: „მინდა ერთ მნიშვნელოვან მიღწევაზე ვისაუბრო. წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ჩვენი თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოში“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

როგორ გახდა საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა?

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მართლაც გახდა, რაც მინისტრმა შეაფასა, როგორც საქართველოს მიღწევა საერთაშორისო არენაზე. მან ამ მიღწევას ხაზი იმ სტრატეგიის შესახებ საუბრისას გაუსვა, რომლის წარდგენაც კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ჰქონდა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას სტრასბურგში გამოსვლაც გაიხსენა. როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა მართლაც ღირსშესანიშნავი მოვლენაა, მაგრამ მინისტრის ფრაზა, რომ ეს საქართველოს მიღწევაა, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ევროპის საბჭოს რეგლამენტის მიხედვით, ევროპის საბჭოს ქვეყნები 6 თვის ვადით თავმჯდომარეობენ და ისინი ინგლისური ანბანის მიხედვით იცვლებიან. შესაბამისად, საქართველოს თავმჯდომარეობა ანბანის მიხედვით - Georgia, მოუწია, ხოლო ჩვენ შემდგომ ევროპის საბჭოს საბერძნეთი - Greece და გერმანია - Germany გაუძღვებიან. საქართველომ თავმჯდომარის სტატუსი საბერძნეთს 2020 წლის 15 მაისს გადააბარა, ხოლო ნოემბრიდან თავმჯდომარეობას უკვე გერმანია შეუდგა. თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია წინასწარ განსაზღვრულ თარიღზე, მაისსა და ნოემბერში ხდება, იმ დღეს, რომელზეც მოქმედი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნები შეთანხმდებიან.

დავით ზალკალიანის განცხადება არ არის ერთეული შემთხვევა და ხელისუფლება ხშირად აპელირებდა, რომ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატება იყო. 2019 წლის 10 აპრილს საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა: "ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, აღიარება იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ." მეტიც, ამ "მიღწევის" აღსანიშნად თბილისში აქციაც გაიმართა. სახალხო დამცველი აქციაზე ადამიანების მიყვანის მიზნით ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესაძლო გამოყენებაზე საუბრობდა.

ამრიგად ხელისუფლება ამ საკითხის იმგვარად წარმოჩენას ცდილობს, რომ თითქოს თავმჯდომარედ გახდომა ჩვენი სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგია. საკითხის ასე წარმოჩენა არასწორია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.



თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2904 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი