რეზიუმე: მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. მე-2 მოწვევის პარლამენტში მანდატები 23-მა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. მე-3 მოწვევის პარლამენტში 12 საარჩევნო სუბიექტი და 29 დამოუკიდებელი დეპუტატი იყო შესული.
ანალიზი:
2020 წლის 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევების გამო, ოპოზიციური პარტიები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, მხოლოდ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ესწრება. სხდომის დაწყებამდე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე. „უქმნის თუ არა ერთპარტიულ პარლამნეტში ყოფნა დისკომფორტს“, შემდეგნაირად უპასუხა: „ეს არათუ ერთპარტიული პარლამენტი არ არის, ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ ე.წ პოლიტიკურ კრიზისთან, ის ეფუძნება სიყალბეს და, აქედან გამომდინარე, მას არ აქვს პერსპექტივა“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო მანდატი 9 საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა.
ცხრილი 1: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განაწილებული მანდატები.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტია, აღსანიშნავია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი არ არის. 1992 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო მანდატი 23-მა საარჩევნო სუბიექტმა მოიპოვა. 1995 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში 12 საარჩევნო სუბიექტმა შეძლო საპარლამენტო მანდატის მოპოვება. ამასთან, 1995 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით არჩეული 29 დამოუკიდებელი დეპუტატი შევიდა.
ცხრილი 2: საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები [1]; [2]; [3].
წყარო: პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ცხრილი 3 - დან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს მე-3 და მე-4 მოწვევის პარლამენტი მე-10 მოწვევის პარლამენტთან შედარებით, უფრო მრავალპარტიული იყო. შესაბამისად, თამარ ტალიაშვილის განცხადება, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მრავალპარტიულია, არის ტყუილი. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის მანდატის მქონე რვავე ოპოზიციური პარტია მანდატებზე უარს აცხადებს. მათივე თქმით, ისინი აპირებენ პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ხოლო ცესკოს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, თავისი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე მიმართონ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 11 დეკემბრის მდგომარეობით, 5 საპარლამენტო პარტიამ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს, უკვე მიმართა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები (ჯამში 60) გაუქმებულად ჩაითვლება და საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტია - „ქართული ოცნება“ დარჩება. საყურადღებოა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი 2008 წელსაც გამოუცხადეს. თუმცა არსებული მდგომარეობიდან განსხვავებით, 2008 წელს მე-7 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ: ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ლეიბორისტული პარტია, [4] ჯონდი ბაღათურია, გია თორთლაძე, კონსტანტინე გამსახურდია და პაატა დავითაია, მაინც შევიდნენ.
[1] 12 მაჟორიტარ დეპუტატს ავტომატურად მიენიჭა უფლებამოსილება, როგორც აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს
[2] არჩევნების შედეგები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გაყალბებულად ჩათვალა, რის გამოც გაიმართა საპროტესტო გამოსვლები და საქართველოში მოხდა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“. არჩევნების შედეგები გაუქმდა, გარდა მაჟორიტარული წესით ჩატარებულისა და დაინიშნა ხელახალი არჩევნები 2004 წლის 28 მარტს.
[3] ამ ეტაპზე, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. შესაბამისად, ამ დროისთვის „ქართული ოცნება“ ერთადერთი საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც პარლამენტიში ყოფნაზე თანხმობა განაცხადა.
[4]„ლეიბორისტული პარტიის“ 6-მა წევრმა პარლამენტში შესვლისა და ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, მე-6 წევრმა კი, ნუგზარ ერგემლიძემ, ბოიკოტზეც უარი თქვა.