იტვირთება

გიორგი ხოჯევანიშვილი: გორის ყოფილი ბაზრის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

რეზიუმე:

შპს „საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტი“ გორში ორ უძრავ ქონებას ფლობდა. ეს ქონება ბანკი „ქართუსგან” აღებული სესხის სანაცვლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. ვალის გადაუხდელობის შედეგად ორივე ქონება (წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე აგრარული ბაზარი და გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორია) აუქციონის წესით გაიყიდა. ორივე შემთხვევაში მყიდველი „ქართუ ჯგუფია“. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე ორივე ქონება ჯამში 4.84 მლნ ლარად გაყიდა.

ანალიზი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე გორში 26 ოქტომბერს შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი ბაზრის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა და ის გორელებს გადასცა.

„წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო და ხელიდან ხელში ისე გადადიოდა, რომ არ განხორციელებულა ინვესტიცია. მინდა ვაცნობო, გორელებს და არამარტო გორელებს სასიხარულო ინფორმაცია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა“,- აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

ქართულ-ებრაულ კომპანიის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ქონება გასული წლის ოქტომბერში ,,ქართუ“ ბანკის მიმართ დავალიანების გამო დააყადაღეს. ხოლო აღსრულება/აუქციონის წესით გასხვისება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ განახორციელეს.

კომპანიას ქართუ ბანკის მიმართ დავალიანება 1 მლნ 700 000 დოლარი ჰქონდა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონება ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა. აუქციონის შედეგად ორივე ბაზრის ტერიტორია „ქართუ“ ჯგუფმა შეიძინა.

წმინდაწყალზე არსებული აგრარული ბაზარი აუქციონის შედეგად ,,ქართუ ჯგუფმა“ 4 მლნ 360 000 ლარად იყიდა, ხოლო ყოფილი კოლმეურნეობის ბაზრის ტერიტორია - 480 000 ლარად, ჯამში კი 4 მლნ 840 000 ლარი გადაიხადა. ქართულ-ებრაულ კომპანიას ,,ქართუ“ ბანკის მიმართ დავალიანება კიდევ დარჩა.

2020 წლის 23 ოქტომბერს კი ,,ქართუ ჯგუფმა“ ორივე ქონება სსიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის მერიას“ გადასცა.

ხოჯევანიშვილის განცხადება გორის მერმაც გაახმოვანა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიის კერძო მესაკუთრესგან გამოსყიდვა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, რისთვისაც პარტიის თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი მადლიერებას გამოხატავს. მერის განმარტებით, საჩუქრის ღირებულება 1 მლნ 550 ათასი ლარია. მისი ფართობი კი 21 813 კვადრატული მეტრია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებებს ქართულ-ებრაული კომპანიის ყოფილი ადვოკატი გამოეხმაურა. ბაკურ ზურაბაშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიერ ხსენებული უძრავი ქონება არა გამოსყიდული, არამედ ვალის სანაცვლოდ მიღებული ობიექტია.

მერიისთვის გადაცემულ ობიექტზე „ქართული ოცნება“ რეკრეაციული ზონის მოწყობას აანონსებს.

„გორში, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე პარკი მოეწყობა. ინიციატივის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, ტერიტორია კი გორის მუნიციპალიტეტს ფონდმა „ქართუმ“ საჩუქრად გადასცა. პარკის მოწყობის სამუშაოებს ფონდი სრულად დააფინანსებს. ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალგაზრდობის ცენტრიც აშენდება,“- აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

ჯერჯერობით უცნობია რა ვადებში ფიქრობს ამ გეგმის განხორციელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე ივანიშვილი, თუმცა ფაქტია, რომ მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეა. ბიძინა ივანიშვილმა ბაზრის ტერიტორია მართლაც გამოისყიდა. განცხადებაში არ ჩანს თუ რა სახით მოხდა კერძო მესაკუთრესგან იპოთეკით დატვირთული ქონებების ჩამორთმევა. მიუხედავად ამისა, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გორის მერის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3539 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი