მედეა მეტრეველი: მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გელათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციის დასრულებასთან დაკავშირებით, საზოგადეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით მედია მეტრეველის განცხადება არის სიმართლე
რეზიუმე: მიმდინარე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, გელათის ტაძარის დროებითი გადახურვა ხარვეზების გამოვლენიდან მხოლოდ რვა თვის შემდეგ მოხერხდა და მაშინაც ისე, რომ ყველაზე დაზიანებული დასავლეთის მკლავის ნაწილი კვლავ ტენტით გადახურული დარჩა და თუნუქის საფარველის ქვეშ მხოლოდ დეკემბრის ბოლოს მოექცევა. შესაბამისად, მუნუციპალური განვითარების ფონდის მიერ გელათის ტაძრის დროებით გადახურვის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებისას ( 24 ნოემბერი), ტაძრის სახურავის ნაწილი ისევ ტენტით იყო დახურული.
ტაძრის რეაბილიტაციისას გამოვლენილ ხარვეზად კრამიტის ხარისხი დასახელდა, თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემები უფრო კომპლექსური ხასიათისაა და მათი კვლევა, ერთი სტატიის ფორმატს სცდება. ჩვენ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სახეზე გვაქვს საქმისადმი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულების ფაქტი, რამაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი, საფრთხე შეუქმნა.
აქედან გამომდინარე, მედეა მეტრეველის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა გელათის ტაძარში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია დროებითი გადახურვის კონსტრუქციის დასრულებასთან დაკავშირებით საზოგადეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. კლიმატის გაუარესების და ნალექის მომატების ფონზე, გელათი ზამთარს მაინც დაუცველი ხვდება. კვლავინდებურად ლურჯი „ტენტით“ არის გადახურული ტაძრის დასავლეთის მკლავის ნაწილი, რაც ქვის და ფერწერის დაზიანების პროცესს შეუქცევადს ხდის“.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 24 ნოემბერს ინფორმაცია გაავრცელა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად, გელათის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დაასრულა. ფონდისვე ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად სამონასტრო კომპლექსი ზამთრის პერიოდში სრულად იქნება დაცული, პარალელურად კი მუდმივი გადახურვისთვის საჭირო კრამიტის დამზადება აქტიურად გაგრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფონდმა სამონასტრო კომპლექსზე ხარვეზების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ საკითხის შესწავლა დაიწყო და დეფექტების გამოსწორება კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიას დაავალა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა რამდენად „დაუყოვნებლივ“ დაიწყო ქმედება და რა „ხარვეზები“ იყო დაშვებული გელათის მონასტრის ღვისმშობლის ტაძრის სახურავის რეაბილიტაციისას, ქვემოთ განვიხილავთ.
გელათი მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპები
გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად აღირიცხა. თუმცა, ბაგრატის კათედრალზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ორივე ტაძარი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დააბრუნა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. 2003-2004 წლებში გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევა და პირველადი რიგის საკონსერვაციო სამუშაოები დაიგეგმა, რომლის დამფინანსებელი ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი იყო, 2013-2014 წლებში ასევე ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გელათის ღვისმშობლის ტაძრის წმინდა მარინეს ეკვტერისა და სამხრეთ კარიბჭის ფრესკების გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა, 2014-2015 წლებში გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ფრესკების დიაგნოსტირება და კონსერვაცია კვლავ ამერიკის საელჩომ დააფინანსა, 2015-2017 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის ყელის და მკლავების ქვის კონსერვაცია განხორციელდა, 2016-2017 წლებში კი ისევ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით -გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების კონსერვაცია. პროექტის პარტნიორი, ყველა დასახელებულ შემთხვევაში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტი, შპს „1+1“, შპს „გორსო“ და „იკორთა 2007“ არიან.
გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის და მკლავების გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გადახურვისთვის გამოსაყენებელი კერამიკული კრამიტის აღდგენა-დიზაინი, არსებული თუნუქის გადახურვის დემონტაჟი გუმბათებსა და მკლავებზე, სახურავის რეაბილიტაცია- ხის კონსტრუქციის მოწესრიგება, კირხსნარის გამოყენება და მთელი პერიმეტრის მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილებით შევსება, ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო.
უშუალოდ გელათის ღვისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს დაიწყო. მისი განმახორციელებელი ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო“ ცენტრი იყო. პროექტი 8 თვეში უნდა დასრულებულიყო და ღირებულება 1 356 842 ლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მარტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა.
აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გელათის მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოებში ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ, დადგინდა, რომ ღვისმშობლის ტაძრის გადასახურად გამოყენებული კრამიტი უხარისხო იყო. აღნიშნულის გამო და ასევე გადახურვასა და კედლის შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც, ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა დაასველა. მხატვრობის გამოშრობის პროცესში ფრესკებზე თეთრი ნადები -სავარუდოდ მარილი, წარმოიშვა. სააგენტოს განმარტებით, რესტავრაციის მსვლელობისას ტაძრის გადასახურად გამოყენებული კრამიტის მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, რის შესახებაც სააგენტოს მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა. ამის მიზეზად კი პროექტის მოკლე ვადა დასახელდა და აღინიშნა, რომ მწარმოებლის ცვლილების მიუხედავად, მასალის მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილი იქნებოდა. თუმცა აღმოჩდა, რომ ახალი მწარმოებლის მიერ დამზადებული კრამიტი კირდურაბზე მოწყობილი გადახურვებისთვის არ იყო გათვალისწინებული. სააგენტოს განცხადებით, მათ მიერ დაფიქსირებული ხარვეზები შემსრულებლის - „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წარმოების კრამიტი, რომლითაც ტაძრის სახურავი ხელახლა უნდა შეიცვალოს, უკვე ექსპერტიზას გადის.
მიუხედავად იმისა, რომ გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის რესტავრაციაში აღნიშნული ხარვეზები მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდა, თვეების განმავლობაში ტაძარი ბრეზენტის ტენტით იყო დახურული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოფიციალური ინფორმაციით, ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები, მხოლოდ 8 თვის შემდეგ, მიმდინარე წლის 24 ნოემბერს დასრულდა. თუმცა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტში ჩანს, რომ ტაძრის სახურავის ფრაგმენტი ისევ ტენტით არის გადახურული.
გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ ადგილობრივ აქტივისტს „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელს თორნიკე ბარათაშვილს ვესაუბრეთ. მისი ინფორმაციით, ტაძრის ძირითად ნაწილზე თუნუქის დროებითი გადახურვა მოეწყო, თუმცა რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სახურავის ყველაზე დაზიანებულ ნაწილზე - დასავლეთის ფერდზე, იმ დროისთვის, როდესაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა დროებითი გადახურვის დასრულების შესახებ განაცხადა, ისევ ტენტით გადახურვა იყო დარჩენილი (ორი დღის წინ ტენტით გადახურვა მოიხსნა). უფრო მეტიც, თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ნაწილზე დროებითი გადახურვის მოწყობა პროექტში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მხოლოდ საზოგადოების აქტიურობის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დასავლეთ ფერდზეც დროებითი გადახურვა მოეწყობა და აღნიშნული სამუშაო დეკემბრის 25-მდე დასრულდება. თორნიკე ბარათაშვილისვე ინფორმაციით, გელათის ტაძრის სახურავის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი „ე.წ „ხარვეზები“ მხოლოდ კრამიტის ხარისხით არ არის განპირობებული, პრობლემები უფრო კომპლექსური ხასიათისაა. ასევე მან აღნიშნა, რომ თვეების განმავლობაში ტაძარში წყლის ინფილტრაციამ ფრესკების არა მარილის ფენით დაფარვა, არამედ მრავალ ადგილას მათი ჩამოშლა გამოიწვია.
გელათის ტაძრის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები „ICOMOS საქართველომაც“ (ძეგლების და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) შეაფასა. ორგანიზაციის კომენტარებში აღნიშნულია, რომ ძეგლზე დროებითი გადახურვის მოწყობა უკიდურესად გაჭიანურდა და მხოლოდ სექტემბრის ბოლოს მოეწყო და თანაც ისე, რომ გუმბათის გარშემო მხოლოდ მკლავთა კუთხეებში ტრომპების გადახურვებს და მკლავების მცირე ნაწილს ფარავდა, რაც კედლის მხატვრობის სრულ დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. მათი რეკომენდაციით, აუცილებელია, ღვისმშობლის სახელობის ტაძარზე საიმედო სრული გადახურვა მოეწყოს, რაც იქნება იმის გარანტი, რომ წარმოშობილ დაზიანებათა და და მათი გამომწვევი მიზეზების სრულფასოვანი შესწავლა განხორციელდება. ასევე, ტაძრის ინტერიერში კედლების გაშრობის პროცესი არ უნდა წარიმართოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების ფონზე, ამისთვის კი კლიმატის მუდმივი კონტროლი იქნება საჭირო, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყინვის ფაზა ან/და სწრაფი გამოშრობა.
„IKOMOS„ICOMOS საქართველოს“ რეკომენდაციით, აუცილებელია, სახელმწიფომ ძეგლის მიმდინარე კონსერვაციულ მდგომარეობაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც ეს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონვენციით არის განსაზღვრული და კრიტიკული მდგომარეობის დროულად და ადეკვატურად მართვისთვის საჭირო რესურსების მობილიზება უზრუნველყოს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა და გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
„საია“ გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 2592 მუხლითა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) ითხოვს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების პროცესში ყურადღება უნდა გამახვილდეს, თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს რამდენად თანმიმდევრულად ახორციელებდა. როდის გახდა მისთვის ცნობილი ძეგლის დაზიანების თაობაზე, როდის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და სამოხელეო დანაშაულის ნიშნები ხომ არ იკვეთება.
როგორ წარიმართება პროცესები, დაიწყება, თუ - არა, გამოძიება გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე, სამომავლოდ გაირკვევა. დღევანდელი მოცემულობით, კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, სახეზე გვაქვს საქმისადმი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულების ფაქტი, რამაც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი, საფრთხე შეუქმნა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მედეა მეტრეველის განცხადება არის სიმართლე.