იტვირთება

მთავრობის სახლის წინ, ტროტუარის გასწვრივ, პერიმეტრს პოლიცია იცავს. კვარტლის ერთ მხარეს, აბაშიძის ქუჩის მხრიდან, დიდი კარავი დგას, რომელსაც სახალხო მერია ჰქვია. იქვე ახალგაზრდა კაცი, უკონტაქტო თერმომეტრით, აქციაზე მიმსვლელებს ტემპერატურას უზომავს.

რუსთაველის მხრიდან კვარტალში შემოსვლა თერმოსკრინინგის გარეშეც შეიძლება, თუმცა აქციის ორგანიზატორები გვარწმუნებენ, რომ აქ პირბადე მხოლოდ იმ ადამიანებს არ უკეთიათ, რომლებმაც კოვიდვირუსი უკვე გადაიტანეს. უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ, თუმცა ამდენ ადამიანს შორის რთულია, გაარკვიო, ვინ მართლა მოიხადა ვირუსი და ვინ - უპასუხისმგებლოდ იქცევა.

კვარტალში, რომელსაც აქციაზე მყოფი პოლიტიკოსები სანქცირებულ ტერიტორიას უწოდებენ, რამდენიმე ჯიხური დგას, ყავა, წყალი და ფუნთუშები იყიდება. იქვე განთავსებულია ნაგვის ურნები და რამდენიმე შეშის ღუმელი. მოხალისეებს უწყვეტ რეჟიმში შემოაქვთ შეშა, საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები.

ირგვლივ ტრანსპარანტებია, სხვადასხვა წარწერით. ერთ-ერთ კარავთან - ე. წ. ნაძვის ხე, რომელიც საკვები პროდუქტების ფოტოებითაა „მორთული“.

აქციის მონაწილეები, ყოველდღიურად დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამდე, საქართველოს ჰიმნს რთავენ. ეს ნიშნავს, რომ იმ დღის ღონისძიება გახსნილია.

სცენაზე დროდადრო გამომსვლელები ადიან და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. მერე მუსიკა ირთვება და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ცეკვით, სიმღერით, გადაძახილებით ამხნევებენ. არის ბუშტები, რომლებსაც ხელისუფლება და პოლიცია პირველ დღეებში ძალიან ემტერებოდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი საერთოდ აცხადებდა, რომ ბუშტების გაბერვა კოვიდის გავრცელების წყაროა, რამდენიმე პირი, ჰელიუმის ბუშტების გაშვებისთვის, პოლიციელებმა დააკავეს კიდეც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ - უხეშად და ძალის გადამეტებით.

გარკვეული პერიოდულობით, „თავისუფლების კვარტლის“ ტერიტორია, ქუჩა, კარვები და ჯიხურები სპეციალური ხსნარით მუშავდება, კოვიდვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით.

აქ ბევრი ადამიანია, ყველა ასაკის. არიან ბავშვებიც, რომელთა მშობლებიც ამბობენ, რომ შვილებს ქვეყნისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითს აძლევენ.

და რაც თვალშისაცემია, „თავისუფლების კვარტალში“ ძალიან ბევრი უპატრონო, მიუსაფარი ცხოველი „დასახლდა“. აქ, ადამიანების მსგავსად, მათაც იპოვეს იმედი, მზრუნველობა, დაცულობის შეგრძნება და დამშვიდდნენ, აგრესიულები აღარ არიან, საფრთხეს არავის არ უქმნიან.

„თავისუფლების კვარტლის“ ბინადრები და მათი პოლიტიკური ლიდერები

უკვე ერთ თვეზე მეტია, ბათუმში ოპოზიცია აქციებს მართავს. თუმცა ამ აქციების მთავარი მამოძრავებელი მუხტი ის მოქალაქეები არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაყალბდა, რომ ხელისუფლებამ პანდემია საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური კეთილდღეობის გასახანგრძლივებლად გამოიყენა, რომ რეგულაციებმა ისედაც უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ბიზნესსა და მოქალაქეებს ცხოვრება კიდევ უფრო გაურთულა, რომ...

არის კიდევ ბევრი მიზეზი, რომელთა გამოც ეს ადამიანები მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში ქუჩაში დგანან. ისინი აჭარის ა/რ მთავრობის სახლის წინ ჯერ შეიკრიბნენ, მერე, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კარვები დადგეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებს შორის მოქცეულ მონაკვეთს „თავისუფლების კვარტალი“ დაარქვეს და შეიძლება ითქვას, ახლა ამ „თავისუფალი კვარტლის“ სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. აქედან ცდილობენ, თავიანთი ხმა მიაწვდინონ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჰქვიათ და რომლებმაც, აქციის მონაწილეების შეფასებით, მათ სწორედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება აჰყარეს, როცა არჩევნები გააყალბეს, მკაცრი რეგულაციები დაუწესეს და ისინი მძიმე და რთული ზამთრისთვის გაიმეტეს, ფაქტობრივად - სიცივისა და შიმშილისთვის.

მათთან ერთად ღამეებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც ათენებენ. სახეზე თუ არ იცნობ, პოლიტიკოსების გამორჩევა აქციის მონაწილე სხვა მოქალაქეებისგან შეუძლებელია. ისინი თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად ინაწილებენ ზამთრის ცივი ღამეების სუსხს და მიაჩნიათ, რომ დედაქალაქელ კოლეგებს, რომლებიც დიპლომატებს ხვდებიან და მათი დახმარებით ხელისუფლებას თავიანთ მოთხოვნებს აცნობენ, ამ აქციებით ზურგს უმაგრებენ.

რატომ იქცევიან ასე? ამბობენ, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის. თუმცა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც აქციებზე არ დგას, ამის არ სჯერა. მას არც ხელისუფლების სჯერა, მაგრამ ოპოზიციის მიმართ იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, რომ ქუჩაში არ გამოდის. თვლის, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მხოლოდ თავიანთი პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვიან, ხალხი კი ყველას „ფეხებზე ჰკიდია“. ამიტომ შეჩვეულ მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ, იმის შიშით, რომ ახალი უარესი იქნება.

გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, უკვე აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი. თუმცა პირველივე სხდომაზე, ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განცხადების დაწერას აპირებს და უფლებამოსილებას მოიხსნის, თუ მანამდე ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება.

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ამ აქციებმა თავისი შედეგი გამოიღო და ხელი შეუწყო ოპოზიციის კოორდინაციასა და ერთად დგომას. გარდა ამისა, საპროტესტო მუხტი შეინარჩუნა და არ ჩააქრო. ამ აქციებმა, ეროვნული მასშტაბით, გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ დღეს არც ერთი ოპოზიციური ძალა არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ამ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ელჩების ჩართულობით, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს აქციები ამ პროცესს ზურგს უნდა უმაგრებდეს. აქ ყველა ოპოზიციური ძალაა და მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ორი პარტია მოხვდა, ქუჩაში ყველა ოპოზიციური ძალის დგომა თანაზომიერად მნიშვნელოვანია. ახლა ერთობას ალტერნატივა არ აქვს.“- გვითხრა გიორგი კირთაძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი, ბათუმის საკრებულოს წევრი, იურისტი მირდატ ქამადაძე „ფაქტ-მეტრს“ უხსნის, რომ ეს ნერვების ომია და ამ ომში მორალური უპირატესობა მათ მხარესაა: „ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი უკვე დიქტატორად და უზურპატორად ყალიბდებიან. დიქტატორები ცუდად ასრულებენ, მაგრამ მე არ მინდა, რომ ეს ჩვენთან მოხდეს, რადგან ქვეყანას დახევს უკან. აქ არჩევნები უნდა წყვეტდეს ქვეყნის ბედს და არა - დიქტატორი. იმის იმედი მაქვს, რომ ადამიანები აქ ბრძოლას პრინციპულად გავაგრძელებთ. ყველას გვესმის, რომ ეს ნერვების ომია და ამ ომში მორალური უპირატესობა აქციაზე მყოფი მოქალაქეების მხარესაა. აქ ადამიანები რომელიმე პარტიის ან პოლიტიკოსისთვის არ დგანან. აქ მყოფი ადამიანები ვითხოვთ, რომ მოგვეცეს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლება და გაიმარჯვოს იმან, ვისაც ხალხი ხელისუფლებას ანდობს. ოპოზიციას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის დემოკრატიული პროცესების, ეკონომიკის განვითარებაში. გვესმის, რომ ცოტაც რომ ვიყოთ, ამომრჩეველმა მანდატი მოგვცა და უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ეს არჩევნები არ ჩატარებულა საერთოდ“.

„თავისუფლების კვარტალში“ კი მოქალაქეების რაოდენობა, აქციის პირველ დღეებთან შედარებით, ნაკლებია. ეტყობა, „ნერვების ომში“ გმირობა ყველას არ შეუძლია. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც აცხადებენ, რომ სახლში არსებულ პირობებს ვეღარ უძლებენ, რადგან უმუშევრობამ პრობლემები შეუქმნათ, გადასახადებს ვერ იხდიან, ვერ თბებიან, საჭმელი არ აქვთ და უიმედობა ანადგურებთ. ამიტომ აქ, აქციაზე, ხალხთან ერთად ყოფნა ურჩევნიათ.

დიანა ანგელენკო: „ყოველდღე აქ ვარ, გაჭირვებამ გამომიყვანა გარეთ. ამდენი ხანია, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ვითხოვ. ქირით ვცხოვრობდი, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ვერ გადავიხადე ქირა და გამომიშვა გარეთ დიასახლისმა. ახლა ბავშვებს მეზობელი იტოვებს, მე რომ აქ მოვდივარ. ღამე აივანზე მძინავს ამ სიცივეში. მატყუებენ, რიჟვაძე შეგხვდებაო. განცხადებითაც მივმართე, არაერთხელ ვთხოვე დახმარება, მაგრამ შედეგი არ არის. პანდემიამდე ვმუშაობდი. ახლა ორივე ბავშვს სიცხე აქვს, წამალსაც ვერ ვყიდულობ. ერთს გულის პრობლემა აქვს. მეც ხერხემალი მაქვს დაზიანებული, საოპერაციო ვარ. ასე უმუშევრად დარჩენილმა რა უნდა ვქნა, რომელ პრობლემას მივხედო? სოციალური შემწეობაც არ დამინიშნეს, არ ვიცი, რატომ. ოპოზიციამ რომ სახალხო მერია გააკეთა, იმათთან მივედი და მეხმარებიან, სწორ მიმართულებას მაძლევენ. იმედი გამიჩნდა, რომ რაღაც გამოსავალს მომაძებნინებენ“.

რამაზ შაინიძე: „დედაჩემი, თექვსმეტი წელია, საბერძნეთშია და იქიდან გვარჩენს ხუთ ადამიანს. რამდენ ხანს უნდა იყოს იქ? ფაქტობრივად, უდედოდ გავიზარდე. მეც ვმუშაობდი სასტუმროში, დაცვის სამსახურში. მარტში, პანდემიის დროს წამოვედი. განათლებაც მაქვს მიღებული, რამდენიმე პროფესია შევისწავლე. მერე რამდენიმე ადგილას ვცადე მუშაობა, მაგრამ ყველაფერი დაიხურა და დავრჩი ასე. რთულ მდგომარეობაში ვართ. მინდა, ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს, ჩემ გვერდით მინდა დედა რომ იყოს და მე ვმუშაობდე. როგორ ჩამოვა, ხომ ხედავს თვითონაც, რომ სტაბილური მდგომარეობა არაა ქვეყანაში. მამა გულით ავადმყოფია, ვერ ვმკურნალობ. რომ ჰკითხო ამათ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებენ და არჩევნები წაგვართვეს. აქ ვდგავარ სხვებთან ერთად და ვიცავ ჩემს ხმას. აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას“.

სახალხო მერია და სახალხო გენინსპექცია

აქციის მონაწილეები ცდილობენ, იქვე შენობაში მყოფ ხელისუფლებას თავიანთი ხმა გააგონონ. თუმცა ზოგიერთს აქვს განცდა, რომ თბილ და კომფორტულ კაბინეტებში გადანაწილებულ ხელისუფლებას, რომელიც კომფორტს ამ ადამიანების გადასახადებით იქმნის, არაფერიც არ ესმის. ან თუ ესმის, არაადეკვატურად აღიქვამს და სრულიად შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს.

აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების მონაწილეობით, სახალხო მერია და სახალხო გენინსპექცია შექმნეს. ამბობენ, რომ ამ გზით პრობლემების მქონე მოქალაქეების დახმარებას ცდილობენ და საკუთარ უსაფრთხოებასა და უფლებებს იცავენ.

ალექსანდრე მილორავა, „ლელოს“ წარმომადგენელი, სახალხო მერიის კოორდინატორი: „ყოველდღიურად მოგვმართავენ ადამიანები სხვადასხვა დახმარებისთვის. დაახლოებით 75 ადამიანს გავუწიეთ სხვადასხვა ტიპის დახმარება. ცხელი ხაზი შევქმენით და ის ადამიანები, რომლებიც ვერ უკავშირდებიან სასწრაფო დახმარებას ან ექიმს, ჩვენთან რეკავენ. სამედიცინო და სოციალურ მიმართულებებს ლევან ანთაძე ხელმძღვანელობს [ბათუმის საკრებულოს წევრი, უკვე 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩეული წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიციიდან, ექიმი]. აქედან ნაწილს კონსულტაციებით დავეხმარეთ, ხოლო ნაწილი გადავიყვანეთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. გარდა ამისა, მოგვმართავენ ისეთი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის თაობაზე ხელისუფლებისგან პასუხებს ელოდებიან და ვერ იღებენ. განათლების მიმართულებით ლალი ანთიძე [ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფიის დოქტორი, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „გირჩის“ სიის პირველი ნომერი იყო] მუშაობს. სახალხო მერია თავის როლს ასრულებს, რადგან უნიათო ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის როლს“.

ბონდო თედორაძე, ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში ქობულეთიდან, ქობულეთის საკრებულოს წევრი: „როცა აქციის მონაწილეები აკრავდნენ სტიკერებს, ან სხვა კანონიერი ფორმით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს, მაგალითად, ბუშტების გაშვებით, პოლიცია ამის საშუალებას არ გვაძლევდა და უხეშად გვიზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას. არაკანონიერ მოთხოვნებს არ ვემორჩილებით და პოლიციამ არაერთი მონაწილე დააკავა. დაკავებისას მათ მიათრევდნენ სახით, წვივებში ფეხებს ურტყამდნენ. დაახლოებით სამი დღე ძალის გადამეტებით აკეთებდნენ ყველაფერს. რეალობამ დაგვანახა, რომ უნდა შექმნილიყო მექანიზმი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა პოლიციის ქმედებებს. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ერთობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავრთეთ აქტივისტები, იურისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომ შეგვექმნა სახალხო გენინსპექცია. გვყავს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც აღჭურვილია ვიდეოაპარატურით. მოვახდინოთ იმ პოლიციელების იდენტიფიცირებას, რომლებიც გადაამეტებენ ძალას. ამ ფაქტებს, განცხადებასთან ერთად, შევიტანთ პროკურატურაში. ასევე ამ ვიდეო და ფოტომასალას მტკიცებულების სახით გამოვიყენებთ სასამართლოში, როცა ჩვენს წევრებს დააკავებენ, რათა დავუმტკიცოთ მოსამართლეებს, რომ არაკანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, კანონის დარღვევით დაკავებული აქციის მონაწილეები არავითარ სასჯელს არ იმსახურებენ. სამწუხაროდ, პოლიციის ზღვარგადასულმა ქმედებამ ჩვენ შეგვმატა პოლიტპატიმარი ირაკლი ჩხვირკია, რომელსაც შვიდი დღე-ღამე იმისთვის მიუსაჯეს, რომ თორნიკე რიჟვაძეს ბუშტები აუფრიალა. დღეს გვყავს პოლიცია, რომელიც რიჟვაძისა და ბიძინა ივანიშვილის ყარაულად იქცა. გენინსპექცია იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების გამოვლენაზე. თუ ისჯება საზოგადოების ნებისმიერი მოძალადე წევრი, რატომ არ უნდა დაისაჯოს მოძალადე პოლიციელი?! დარწმუნებული ვართ, რომ დღეს არც ერთ საქმეს არ გამოიძიებენ, მაგრამ მივალთ იმ რეფორმამდე, როცა შინაგან საქმეთა მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ. ის ხალხი უკვე ამ ქმედებებს აუცილებლად გამოიკვლევს. ჩვენ ამით პოლიციელებს პრევენციისკენ მოვუწოდებთ“.

ბათუმში „ნერვების ომი“ გრძელდება. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ არ დაიღლებიან. აქციის მონაწილეებს კი ყოველდღე აკლდებიან ადამიანები, რომლებიც, ეტყობა, პროცესის ასე გაჭიანურებას არ ელოდნენ და ნებისყოფა არ ეყოთ. დაღლა ეტყობათ „თავისუფლების კვარტალსა“ და მთავრობის სახლს შორის ჩამდგარ პოლიციელებსაც. დაიღალა ხელისუფლებაც, რომელსაც ასეთი „მეზობლები“ დიდად არ ეპიტნავება, თუმცა ნერვები ჯერ არ ღალატობს. კი, ერთი-ორჯერ აშკარად უღალატა, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, „თავისუფლების კვარტალში“ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა. ალბათ, იმიტომ, რომ მთავრობის წევრები მთავარი შესასვლელით, ფაქტობრივად, აღარ სარგებლობენ. ყველა მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება, აქციის მონაწილეებიც და ხელისუფლებაც.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს და, შესაძლოა, არ ასახავდეს „ფაქტ-მეტრისა“ და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ პოზიციას.


მსგავსი სიახლეები

3539 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი