ანალიზი:
10 ნოემბერს „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მისი ახლო მეგობარია. „ეს არის კაცი, რომელიც პირველი ჩამოვარდა საქართველოში, როცა ომი ატყდა და მილიარდი დოლარის დახმარება ჩამოგვიტანა. რომელიც ამის შემდეგ დასახელდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად, რადგან ობამას რეიტინგს მისი ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ძალიან წაადგა. და ეს მას ძალიან კარგად ახსოვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
2008 წლის ომის შემდგომ, ჯო ბაიდენი საქართველოს მიხეილ სააკაშვილის თხოვნის საფუძველზე ესტუმრა. ჯო ბაიდენი სამშობლოში 18 აგვისტოს დაბრუნდა. მისი კანდიდატურა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ, 23 აგვისტოს დასახელდა. თუმცა, ბაიდენის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოში ვიზიტამდეც განიხილებოდა.
ომის შემდეგ საქართველოს სინდი მაკკეინი, ჯონ მაკკეინის მეუღლე და პოტენციური პირველი ლედი, ესტუმრა და სააკაშვილს შეხვდა. თავად ჯონ მაკკეინმა საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა. მაკკეინი რუსეთისადმი ხისტი დამოკიდებულებით ყოველთვის გამოირჩეოდა, გამონაკლისს არ წარმოადგენდა რუსეთის კრიტიკა 2008 წლის ომის პერიოდში და შემდგომ. აღსანიშნავია, რომ ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, საქართველოში ომს პირველი მაკკეინი გამოეხმაურა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობდა სპეკულაციები, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი მაკკეინმა საგარეო პოლიტიკაში მისი გამოცდილების ხაზგასასმელად გამოიყენა. ვიეტნამის ომის ვეტერანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მის ოპონენტთან შედარებით, მთავარსარდლის პოზიციას, ის უფრო შეესაბამება. სპეკულაციები ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასაც მოჰყვა. პოპულარული მოსაზრების მიხედვით, ობამამ ბაიდენი ბალანსისთვის, საგარეო პოლიტიკაში მისი გამოცდილების გამო შეარჩია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსადმი მხარდაჭერას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ორივე კანდიდატი, როგორც ობამა, ასევე მაკკეინი, გამოხატავდა. საქართველოში რუსეთის ინტერვენცია პირველი საპრეზიდენტო დებატების საკითხიც იყო. შესაბამისად, იმის დადგენა, ამ საკითხს ჰქონდა, თუ - არა, კანდიდატების რეიტინგებზე პოზიტიური ან ნებისმიერი ტიპის გავლენა, შეუძლებელია. ამასთან, დებატებზე პრეზიდენტობის კანდიდატები ძირითადად თანხმდებოდნენ საქართველოს შესახებ საუბრისას და ერთხმად გმობდნენ რუსეთის აგრესიას.
თუმცა, მარტივი არის იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა და ასპექტების დადგენა, რომლებმაც რეიტინგებისა და არჩევნების შედეგებზე, გადამწყვეტი როლი ითამაშა.
2008 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო კრიზისების ფონზე მიმდინარეობდა. ამ საკითხთა შორის, ყველაზე აქტუალური 2007-2008 წლების ეკონომიკური კრიზისი, ასევე, ერაყის ომში შტატების ჩართულობა იყო. შესაბამისად, ეკონომიკური საკითხები, ისევე როგორც ომი ერაყში, 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიისა და კანდიდატებს - დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ბარაკ ობამასა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ ჯონ მაკკეინს შორის, გამართული დებატების მნიშვნელოვანი საკითხები გახდა.
2008 წლის საარჩევნო კამპანიაში ორივე კანდიდატს საშუალება ჰქონდა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ამ მნიშვნელოვან საკითხებზე აეგო.
Pew Research-ის, ცნობილი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიხედვით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა პრიორიტეტული საკითხების ხუთეული შემდეგნაირად გადანაწილდა: 1.ეკონომიკა - 87%; 2.ენერგეტიკა - 77%; 3.ჯანდაცვა - 73%; 4.განათლება - 73%; 5.ერაყი - 72%.
ცხრილი 1: ამომრჩეველთათვის მნიშვნელოვანი საკითხები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში 2004-2008 წლებში.
წყარო: PAW Research
2007-2008 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საპრეზიდენტო არჩევნების ბედზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ჯორჯ ბუშის ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავების წარუმატებელმა პოლიტიკამ და მისმა მზარდმა არაპოპულარობამ, გავლენა მოახდინა მაკკეინზე, როგორც კანდიდატზე, ვინაიდან ის იმავე პარტიიდან იყო დასახელებული, რომელსაც ჯორჯ ბუში წარმოადგენდა. ეს რეიტინგებშიც აისახა. მაკკეინი 2008 წლის აპრილის შემდგომ მხოლოდ ერთხელ, სექტემბერში, ლიდერობდა. მაკკეინის დაწინაურებას რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაცია უსწრებდა წინ, რომელზეც ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა.
17 სექტემბერს, ბარაკ ობამა, საპრეზიდენტო დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნევადაში სიტყვით გამოვიდა, რამაც ის რეიტინგებში პირველ ადგილზე დააბრუნა. ობამას მთავარი სლოგანი, მთელი კამპანიის განმავლობაში, „ცვლილებები“ იყო. სიტყვით გამოსვლის დროს, ობამა იმ საკითხებს გამოეხმაურა, რომლებიც ამერიკელი ამომრჩევლისათვის პრიორიტეტული იყო: გადასახადების შემცირება; ხელმისაწვდომი ჯანდაცვა; ენერგო-ეკონომიკის ტრანსფორმაცია და განათლების რეფორმა.
ამ გამოსვლამ ობამას გარანტირებულად მზარდი რეიტინგი მოუტანა.
ცხრილი 2: საარჩევნო რეიტინგები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე
წყარო: RealClearPolitics.com
ობამას რეიტინგზე პოზიტიური გავლენა ერაყის ომის და ბუშის არაპოპულარობის საკითხებმა იქონიეს.
ჯონ მაკკეინი ერაყში ომის მომხრე იყო, მაშინ, როდესაც ბარაკ ობამა ომს მხარს არ უჭერდა. ობამამ მაკკეინის პოზიცია, მის საწინააღმდეგოდ, მისი იდეების არაპოპულარულ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან დასაკავშირებლად, არაერთხელ გამოიყენა. პირველ საპრეზიდენტო დებატებში, მაკკეინთან სხვადასხვა საკითხზე არსებულ უთანხმოებებზე საუბრისას, ობამამ მოქმედი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის სახელი 10-ზე მეტჯერ ახსენა სწორედ იმ მიზნით, რომ მაკკეინისა და ბუშის ერთმანეთთან ასოცირება მომხდარიყო.
მაკკეინი ბუშის მიერ შეთანხმებული კანდიდატი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე თავად განაცხადა, რომ ბუშის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა (მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს), ის ომს ერაყში ემხრობოდა. ობამა ამას კამპანიის განმავლობაში აქტიურად იყენებდა და ამბობდა, რომ მაკკეინი საკითხების 90%-ში, მხარს უჭერს ბუშს და რომ ამაზე კონგრესში მის მიერ მიცემული ხმების სტატისტიკა მეტყველებს, რომლებიც თანხვედრაშია ბუშის იდეებთან.
Pew Research-ის კვლევის მიხედვით, მაკკეინი ამომრჩეველთა შორის ბუშთან ასოცირდებოდა. ამომრჩეველთა 71%-მა ჯორჯ ბუში უარყოფითად შეაფასა, ხოლო 48%-მა განაცხადა, რომ მათი აზრით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მაკკეინი ბუშის პოლიტიკას გააგრძელებდა.
ცხრილი 3: ბუშის პრეზიდენტობის დადებითი შეფასება
წყარო: Gallup.com
აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში ჯო ბაიდენის ვიზიტმა და მისმა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ ობამას რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია, არის მცდარი. 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რეიტინგები, ისევე როგორც არჩევნების ბედი, ამერიკელი ხალხისათვის მნიშვნელოვანმა საკითხებმა გადაწყვიტა: ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება. ბუშის არაპოპულარობამაც არჩევნებისა და რეიტინგების ბედი მნიშვნელოვანად განაპირობა. საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და მასზე აპელირება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინააღმდეგობაში მოდიოდა იზოლაციონიზმისა და შიდა-პოლიტიკური სტაბილურობის იმ იდეასთან, რომელიც ამერიკელი ამომრჩევლის მთავარი პოლიტიკური დაკვეთა იყო და არჩევნების ბედზე პირდაპირ აისახა.
როგორც უკვე აღინიშნა, ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ საქართველოში ვიზიტის შემდეგ წარადგინეს. თუმცა, მის საქართველოში ვიზიტს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, აშშ-ის 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის რეიტინგებზე, არსებითი გავლენა არ მოუხდენია. ამ დროს ობამა რეიტინგებში უკვე ისედაც წინ იყო. ამას თან ერთვის, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლის, სინდი მაკკეინის ვიზიტიც საქართველოში, რაც ამ დებულებას აბათილებს. თუ დავუშვებთ, რომ ჯერ არ დასახელებული ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დადებითად აისახა ობამას რეიტინგზე, მაშინ უნდა დავუშვათ, რომ პოტენციური პირველი ლედის ვიზიტი საქართველოში ასევე პოზიტიურად აისახა მაკკეინის რეიტინგზე, რაც რეალურ სხვაობას რეიტინგში არ იძლევა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთან მიმართებით პოზიციები და რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაგმობა, ორივე პარტიას აერთიანებდა.