ვიდეოში მოცემული ფაქტი 4: „დეზინფორმაციაა, რომ ბევრ ოქმში არის დისბალანსი. სინამდვილეში, დღეისთვის, გვაქვს დაახლოებით 966 ოქმი, რომელშიც იყო დისბალანსი. 2016 წლის არჩევნებში დაახლოებით, 900-მდე ოქმი იყო. ესაა ჩვეულებრივი ტექნიკური წუნი, რომელიც არჩევნებს ახლავს ხოლმე“.

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში აღნიშნულია: „დეზინფორმაციაა, რომ ბევრ ოქმში არის დისბალანსი. სინამდვილეში, დღეისთვის, გვაქვს დაახლოებით 966 ოქმი, რომელშიც იყო დისბალანსი. 2016 წლის არჩევნებში დაახლოებით, 900-მდე ოქმი იყო. ესაა ჩვეულებრივი ტექნიკური წუნი, რომელიც არჩევნებს ახლავს ხოლმე“.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 14 ნოემბრის მდგომარეობით, დისბალანსი, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა. გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას 19 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღემატება. ხოლო, 857 საარჩევნო უბანში გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლებია.

ცხრილი 4: ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი 2008-2020 წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია.

პროპორციულ ნაწილში, არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით ნაკლები ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 3062 (0.15%). საყურადღებოა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი, ყველაზე მაღალია.

როგორც ქართული ოცნების ვიდეორგოლში, ასევე ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს პროპორციულ ნაწილში გამოვლენილი დისბალანსის პროცენტული მაჩვენებელი იგივეა, რაც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას იყო, 2014 წლის და 2017 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნებთან შედარებით მცირედით ნაკლებია და 2008 წლის პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებისგან რადიკალურად განსხვავდება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი ხარვეზების სხვა წლებთან შედარება და ამით, ისეთი სურათის შექმნა, რომ 2020 წლის არჩევნებში „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“ თავისი არსით არასწორია და საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური პროტესტის გაქარწყლებას ემსახურება მიზნად. რაც შეეხება ვიდეოში არსებულ ზემოხსენებული არგუმენტს, იგი იმ შემთხვევაში იქნებოდა საფუძვლიანი, თუ დისბალანსის მაჩვენებელსა და ამომრჩეველთა აქტივობას შორის, პირდაპირ პროპორციული კავშირი იარსებებდა. თუმცა, როგორც ცხრილი 4 -დან ჩანს მსგავსი კავშირი არ არსებობს. მაგალითად, 2012 წლის არჩევნებში 2020 წელთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა, თითქმის 220 000-ით მეტი იყო, ხოლო ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი 500 -ით ნაკლები. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის ამომრჩეველთა აქტივობის ტოლია, თუმცა ბიულეტენების ნაკლებობის მაჩვენებელი 2020 წელს, 2018 წელთან შედარებით, 5-ჯერ მაღალია. შესაბამისად, როგორც უკვე ვახსენეთ, ვიდეოში და ცესკოს განცხადებაში გაჟღერებული არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ნაკლები ბიულეტენების საერთო რაოდენობის საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობასთან შეფარდებამ აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საშუალოდ, ყოველ 10 საარჩევნო უბანზე 8 ბიულეტენის ნაკლებობაა. აღნიშნული 2008 წლის არჩევნების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ასევე, მნიშნველოვანია, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობა, ზოგადად არჩევნების შეფასების კონტექსტში განვიხილოთ. 31 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, არაერთი, მძიმე დარღვევა, მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ შემთხვევა დააფიქსირეს. 1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელურად დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე, მოცემული დისბალანსი, ერთეულ შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის მსგავსი ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ის რომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ ბიულეტენების ნაკლებობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისბალანსთან დაკავშირებით ვიდეორგოლში არსებული მტკიცება არის ფაქტებით მანიპულირება.

[1] 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობის ოფიციალური მონაცემები „ფაქტ-მეტრამა“ ვერ მოიპოვა. 2008 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს მიერ