2020 წლის 8 ნოემბერს, ვებ-გვერდზე report.ge სტატია განთავსდა შემდეგი სათაურით: “მეცნიერებმა ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც COVID-19-ზე გაცილებით საშიშია”. სტატიაში ნიპას ვირუსზეა საუბარი, რომელიც ღამურებიდან ადამიანებზე ვრცელდება.
სტატიაში ნიპას ვირუსი ახალ საშიშ ვირუსად არის მოხსენიებული. თუმცა ეს ვირუსი, ჯერ კიდევ 1999 წელს მალაიზიაში აღმოაჩინეს, რომელიც შემდგომ სინგაპურშიც გავრცელდა. ამ შემთხვევაში, ადამიანების დაინფიცირება ავადმყოფ ღამურებთან ან მათ მიერ დაბინძურებულ ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტით იყო გამოწვეული. ბანგლადეშსა და ინდოეთში მომდევნო აფეთქებების დროს, ინფექციის სავარაუდო წყარო, ხილის ან ხილის პროდუქტების მოხმარება გახდა, რომელიც ინფიცირებული ღამურების ნერწყვით ან შარდით იყო დაბინძურებული.
Report.ge-ის სტატია თავად express.co.uk-ს ეყრდნობა. თუმცა, ორიგინალი სტატიიდანაც მანიპულაციურად და დამახინჯებულად აქვს ინფორმაცია გადმოტანილი. ორიგინალ წყაროში საუბარია იმის აუცილებლობაზე, რომ მეცნიერებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ვირუსულ ინფექციებს, რათა COVID-19-ის მსგავსი ეპიდემიური აფეთქება აღარ განმეორდეს.
ამასთანავე, report.ge-ის სტატიაში ნათქვამია: „ღამურებში უკვე ვირუსის ახალი შტამი ფიქსირდება, რომელიც გაცილებით საშიშია“. ორიგინალ სტატიაში კი მეცნიერები მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ღამურებში ნიპას ვირუსის გენეტიკური შტამი არსებობდეს, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას უფრო ეფექტურად შეძლებს. აღნიშნული ჯერჯერობით მხოლოდ მეცნიერების ვარაუდის საგანია.
Report.ge-ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ნიპას ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90 პროცენტს აღწევს. ოფიციალურად, ამ ვირუსის შემთხვევების სიკვდილიანობის დონე (case fatality), მართლაც საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს რიცხვი 40%-დან 75%-მდე მერყეობს. ამასთან, ნიპას ვირუსის აფეთქებას 2018 წელს პანდემიის კვალიფიკაცია არ მინიჭებია.
პანდემიის დასაწყისიდან ნიპას ვირუსსა და COVID-19-ს ერთმანეთს აქტიურად ადარებდნენ. ნიპას ვირუსი განსაკუთრებულად საშიშ ვირუსულ პათოგენთა სიაშია მოხვედრილი. ეს ფაქტი განპირობებულია იმითაც, რომ COVID-19-ის მსგავსად, არც ნიპას ვირუსისთვის არსებობს ვაქცინა. ვირუსის ბოლო აფეთქება 2018 წელს მოხდა, როდესაც კერალაში 19 ადამიანი დაინფიცირდა და მათგან 17 შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წლის 7 აგვისტოს განაცხადა, რომ 2018 წლის 1-ლი ივნისის შემდეგ ვირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა.
აღნიშნული ვირუსით მანიპულაცია, ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო. მაგალითად, ინდოეთში ფართოდ გავრცელდა მანიპულაცია, თითქოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ნიპას ვირუსის აფეთქების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ვირუსი კორონავირუსზე მეტად სასიკვდილოა. სინამდვილეში, მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა და მანიპულაციის წყარო WHO-ს 2018 წლის გაფრთხილება იყო.
ნიპას ვირუსი ერთ-ერთი ვირუსია, რომელთან ბრძოლაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრიორიტეტების სიაშია, თუმცა 2020 წელს ვირუსის აფეთქებისა და შემთხვევის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა.
თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.