ცესკო: „სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ცესკოს განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: ცესკო განცხადებაში, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის გამოწვეული დისბალანსის ობიექტურ გარემოებებზე უთითებს. სხვა ყველა შემთხვევაში გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნას ცდილობს. ხოლო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ ლეგიტიმურ პროტესტსა და ეჭვებს შეცდომაში შემყვან მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. იმის გათვალისწინებით, რომ 20-მდე უბნის ხელახალი გადათვლის შედეგად, რამოდენიმე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, პროპორციული და მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა და ერთ შემთხვევაში მეორე ტურიც კი დაინიშნა, ცესკო ადამიანური შეცდომებზე და სხვა გარემოებებზე მითითებით, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო უბნების 8%-ის ხელახალ დათვლაზე საუბრობენ. ასეთი მასშტაბის დარღვევების ადამიანური გადაცდომებით ახსნა არასწორია. ამასთან, აღნიშნული არგუმენტი, ცესკოს მიმართ არსებულ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ანალიზი:

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების შედეგების დათვლის პროცესში უამრავი დარღვევა და უზუსტობა გამოიკვეთა, რის საფუძველზეც მოქალაქეების ნაწილმა და მონაწილე სუბიექტებმა არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიეს. რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებზე დაიწყო მუშაობა. არჩევნების ხარვეზებსა და დარღვევებზე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებიც მიუთითებენ. მანიფესტაციების პარალელურად, სოციალურ ქსელში რიგითმა მოქალაქეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმ ოქმების გავრცელება დაიწყეს, რომლებიც, მათივე თქმით, არჩევნების გაყალბებასა და არალეგიტიმურობაზე მიუთითებენ.

ოქმების გავრცელებას ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას. არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა, გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის, რომელიც გამოწვეულია შემაჯამებელ ოქმში მონაცემთა შეტანისას დაშვებული შეცდომით, აღნიშნულ შემთხვევაში, შესწორების ოქმითა და შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, აღმოიფხვრება უზუსტობა“.

სპეცუბნებზე პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის დისბალანსი, ნამდვილად შეიძლება ზემოხსენებული ობიექტური ფაქტორებით იყოს გამოწვეული. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მსგავსი პრობლემა მოსალოდნელი იყო და ცესკოს დამატებითი ზომების მიღებით, მთელი რიგი გაურკვევლობის თავიდან აცილება შეეძლო. 2020 წლის 19 ოქტომბერს ცესკომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ, დადგენილება მიიღო. დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრისთვის სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიემართათ. შესაბამისად, ცესკოს არჩევნების ჩატარებამდე საკმარისი დრო ჰქონდა, მიღებული ინფორმაცია კარგად დაემუშავებინა და ზუსტად განესაზღვრა, თითოეული გადასატანი ყუთის მეშვეობით, მაჟორიტარული სისტემით რამდენი ადამიანი შეძლებდა ხმის მიცემას. მონაცემების ამგვარი სახით დამუშავება, ერთი მხრივ, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის დისბალანსს უფრო გასაგებს გახდიდა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებაში სპეცუბნების შედეგების მიმართ სანდოობას გაზრდიდა.

რაც შეეხება ზოგადად შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსსა და დარღვევებს, 1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელურად დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე, მოცემული დისბალანსი, ერთეულ შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის მსგავსი ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

4 ნოემბერს 25 არასამთავრობო ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ორგანიზაციების შეფასებით, „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“. განცხადების ავტორები, იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას ითხოვენ, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნეოდა.

დარღვევების სიმძიმეზე და ხმების ხელახალი დათვლის აუცილებლობაზე ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამიმაც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მთავრობამ დამატებითი ძალისხმევა უნდა გაწიოს იმისთვის, რომ სწრაფად და სწორად განიხილოს საჩივრები, ჩაატაროს ხელახალი დათვლა და გამართოს განმეორებითი არჩევნები, სადაც ეს საჭიროა; და გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების ცნობები და კანონის სრული ძალით გაასამართლოს დამრღვევები და მიიღოს ყველა ზომა მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა, ხელისუფლებას დროული და სამართლიანი რეაგირებისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ „არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევები შემაშფოთებელია და მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა და შესაბამისმა საარჩევნო ადმინისტრაციამ სრულად გამოიძიოს გაყალბების შესახებ არსებული ლეგიტიმური პრეტენზიები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირები“.

დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადებებთან ერთად, არჩევნების პროცესში გამოვლენილ მძიმე დარღვევებზე, თავად ცესკო მიერ რამოდენიმე უბნის ხელახალი დათვლაც მიუთითებს. 5 ნოემბერს ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ხელახალი გადათვლა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში მოხდა. აქედან 11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი ყუთის მონაცემები, 9 შემთხვევაში, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ შემთხვევებში გასწორდა შედეგები“. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარული ოლქი, სადაც ცესკოს პირველადი მონაცემებით ქართული ოცნების კანდიდატი, შალვა კერესელიძე პირველივე ტურში იმარჯვებდა. ქსნის ციხის საარჩევნო უბნის ხელახალი გადათვლის შედეგად, ცესკომ არჩევნების შედეგის მაჟორიტარული ნაწილი გააუქმა, რამაც მთლიან მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გამოიწვია.

ზემოხსენებული მაგალითები პირდაპირ მიუთითებს, რომ არჩევნების პროცესში გამოვლენილმა დარღვევებმა არჩევნების შედეგზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ერთი უბნის მონაცემების გაუქმებამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარული ოლქში, მთლიან შეცვალა არჩევნების წინასწარი შედეგი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშების მიხედვით, საარჩევნო უბნების 8% ხელახალ გადათვლას საჭიროებს, თუმცა ცესკომ ჯერჯერობით, მხოლოდ 20 საარჩევნო უბანი გადათვალა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, ყველა პრობლემური საარჩევნო უბნის გადათვლის შემთხვევაში, შესაძლებელია, ცესკოს წინასწარი შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცვალოს.

ყოველივე ზემოთქმული გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცესკოს განცხადება ფაქტებით მანიპულირებას წარმოადგენს. ცესკო განცხადებაში, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის გამოწვეული დისბალანსის ობიექტურ გარემოებებზე უთითებს. სხვა ყველა შემთხვევაში გამოვლენილ მძიმე დარღვევების ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნას ცდილობს. ხოლო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ ლეგიტიმურ პროტესტსა და ეჭვებს შეცდომაში შემყვან მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს. იმის გათვალისწინებით, რომ 20-მდე უბნის ხელახალი გადათვლის შედეგად, რამოდენიმე გადასატანი ყუთის მონაცემები გაბათილდა, პროპორციული და მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა და ერთ შემთხვევაში, მეორე ტურიც კი დაინიშნა, ცესკო ადამიანური შეცდომებზე და სხვა გარემოებებზე მითითებით, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო უბნების 8%-ის ხელახალ დათვლაზე საუბრობენ. ასეთი მასშტაბის დარღვევების ადამიანური გადაცდომით ახსნა არასწორია. ამასთან, აღნიშნული არგუმენტი, ცესკოს მიმართ არსებულ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო აძლიერებს.

რედაქტორის შენიშვნა
სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, „ფაქტ-მეტრმა“ ვერდიქტის განსაზღვრისას ერთ-ერთ არგუმენტად, 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED )1 ნოემბრის განცხადების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმების საერთო რაოდენობის 8 %-ში გამოვლენილ დისბალანსს არჩევნების შედეგებზე 4.1 %-ზე ნაკლები გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა და აღნიშნული ტენდენცია საარჩევნო პროცესის სანდოობას საფრთხეს უქმნიდა.
11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.
ზემოხსენებული განცხადებიდან გამომდინარე, მოცემული სტატიის ვერდიქტის განსაზღვრისთვის „ფაქტ-მეტრი“ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს მხედველობაში აღარ იღებს. ამის მიუხედავად, სტატიის ვერდიქტი უცვლელი რჩება. „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გარდა, სტატიაში ვერდიქტის განსაზღვრისათვის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ალან გილამიმის შეფასება; აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტის, დენიელ ტვაინინგის შეფასება და 25 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება არის გამოყენებული. ამასთან, ცესკო განცხადებაში, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის გამოწვეული დისბალანსის ობიექტურ გარემოებებზე უთითებს. სხვა ყველა შემთხვევაში გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნას ცდილობს. ამგვარი განცხადების მანიპულაციური ხასიათი სტატიაში წარმართული მსჯელობით და ზემოხსენებული შეფასებებით დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული განცხადების ვერდიქტის განსაზღვრისას „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს და დაშვებულ შეცდომას გავლენა არ ჰქონია.

რედაქტორის შენიშვნა:

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, „ფაქტ-მეტრმა“ ვერდიქტის განსაზღვრისას ერთ-ერთ არგუმენტად, 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ, გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED )1 ნოემბრის განცხადების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმების საერთო რაოდენობის 8 %-ში გამოვლენილ დისბალანსს არჩევნების შედეგებზე 4.1 %-ზე ნაკლები გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა და აღნიშნული ტენდენცია საარჩევნო პროცესის სანდოობას საფრთხეს უქმნიდა.

11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.

ზემოხსენებული განცხადებიდან გამომდინარე, მოცემული სტატიის ვერდიქტის განსაზღვრისთვის „ფაქტ-მეტრი“ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს მხედველობაში აღარ იღებს. ამის მიუხედავად, სტატიის ვერდიქტი უცვლელი რჩება. „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გარდა, სტატიაში ვერდიქტის განსაზღვრისათვის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორის, ალან გილამიმის შეფასება; აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტის, დენიელ ტვაინინგის შეფასება და 25 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება არის გამოყენებული. ამასთან, ცესკო განცხადებაში, მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს შორის გამოწვეული დისბალანსის ობიექტურ გარემოებებზე უთითებს. სხვა ყველა შემთხვევაში გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ადამიანური გადაცდომებით (ტექნიკური უზუსტობებით) ახსნას ცდილობს. ამგვარი განცხადების მანიპულაციური ხასიათი სტატიაში წარმართული მსჯელობით და ზემოხსენებული შეფასებებით დასტურდება. შესაბამისად, აღნიშნული განცხადების ვერდიქტის განსაზღვრისას „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშს და დაშვებულ შეცდომას გავლენა არ ჰქონია.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი