რეზიუმე

30 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Youtube-ზე გამოქვეყნდა ვიდეო სათაურით: “სატანისტების დღესასწაული. (ვინ მართავს რეალურად საქართველოს).” ვიდეო ფართოდ გავრცელდა Facebook-გვერდებზე: კორონა აფიორა, კორონა მაფია, ნიუს რუსთავი, თავისუფალი სივრცე. ვიდეოს შესავალშივე საუბარია იმაზე, რომ საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარტიებს და მთლიანად ქვეყანას მართავს “სატანის აგენტი” ჯორჯ სოროსი. სწორედ მის გამო საქართველოში პარლამენტის არჩევნების დღე - 31 ოქტომბერი “სატანისტების დღესასწაულს” - Halloween-ს დაამთხვიეს. მასალაში ასევე საუბარია ჯორჯ ბუშ უფროსის მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის იდეაზე და 9/11-ის ტერაქტზე, რომელიც ვიდეოს ავტორის თქმით, აშშ-ს მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტი იყო საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. სინამდვილეში, ვიდეო ყალბი ამბების, კონსპირაციებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ერთობლიობას წარმოადგენს. მასში მოყვანილი მტკიცებულებები სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ანალიზი

მტკიცება, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღე - 31 ოქტომბერი “სატანისტების დღესასწაულს” - Halloween-ს დაამთხვიეს, არის შეთქმულების თეორია

საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღის და Halloween-ის ღონისძიების დღის დამთხვევა შემთხვევითობაა და გამიზნულ ქმედებას არ წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის მე-3-ე თავის 37-ე მუხლის თანახმად, საქართველოში პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. Halloween კი არის ძველი კელტური დღესასწაული, რომელიც დღეს მსოფლიოს მასტაბით ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დროს იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება და მსვლელობა, თამაშები, კოსტიუმირებული წვეულებები.

მტკიცება, რომ ჯორჯ ბუშ უფროსი ჯერ კიდევ 1990 წლიდან ამზადებდა აშშ-ს მსოფლიოზე გაბატონებისთვის და რომ 9/11-ის ტერორისტული აქტი თვითონ აშშ-ს მიერ იყო ორგანიზებული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ , არის შეთქმულების თეორია

ვიდეო-მასალის თანახმად, 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ თავს მსოფლიოს ბატონად მიიჩნევს. მსოფლიო მმართველობის შენარჩუნების მიზნით კი 1990 წლის 11 სექტემბრის სიტყვით გამოსვლის დროს ჯორჯ ბუშ უფროსი მსოფლიოს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

1990 წლის 11 სექტემბერს ჯორჯ ბუშ უფროსმა ერთობლივი სესიის დაწყების წინ კონგრესს ნამდვილად მიმართა სიტყვით. 33 წუთიანი მიმართვის დროს მთავარი თემა იყო სპარსეთის ყურის კრიზისი. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ზომებს მიიღებს მსოფლიო დღეს სპარსეთის ყურის კრიზისის სამართავად, რადგან ეს გადაწყვეტილებები მომავალში დიდწილად განსაზღვრავს საერთაშორისო სისტემის განვითარებას. მისი თქმით, საჭიროა ისეთი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება, სადაც ყველა სახელმწიფო აღიარებს და გაიზიარებს საერთო პასუხისმგებლობას თავისუფლებისა და სამართლიანობის მიმართ. შესაბამისად, ჯორჯ ბუშ უფროსის სიტყვით გამოსვლა იყო მოწოდება მთელი მსოფლიოსთვის, ერთიანი ძალებით ებძოლათ სახელმწიფოთა ინტერვენციებისა და ტერორისტული აქტების წინააღმდეგ. ვიდეოს ავტორის მიერ პრეზიდენტის სიტყვების ისეთი ინტერპრეტეაცია, თითქოს ჯორჯ ბუშის მოტივი აშშ-ს სრულიად მსოფლიოზე გაბატონება იყო, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

ბრალდება, რომ 09/11-ის ტერორისტული აქტი თვითონ აშშ-მ დაგეგმა და განახორციელა, აბსურდულია. რეალურად, 2001 წლის 11 ოქტომბერს აშშ-ის ოთხი სამგზავრო კომერციული თვითმფრინავი 19-მა რადიკალმა ტერორისტმა გაიტაცა. ტერორისტული თავდასხმა ალ ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, დაგეგმილი იყო. ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე თვითმფრინავი - პენტაგონის შენობას, ხოლო მეოთხე - პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა. ტერორისტულ თავდასხმას 2,977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9/11-ის ტერაქტის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით წლებია ვრცელდება (უფრო ვრცლად იხილეთ EUvsDisinfo-ს დეზინფორმაციების ბაზა). მსგავსი სახის დეზინფორმაციაზე “ფაქტ-მეტრი” აქამდეც წერდა.

მტკიცება, რომ საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტიებსა და მთლიანად საქართველოს ჯორჯ სოროსი მართავს/აფინანსებს, არის ყალბი ამბავი.

ვიდეოს ავტორი ასახელებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მისი თქმით, ჯორჯ სოროსის დაარსებული ან დაფინანსებულია. ასევე საუბრობს აღნიშნული ინსტიტუტების მოქმედ თუ ყოფილ ლიდერებზე/წევრებზე და მათ კავშირზე ჯორჯ სოროსთან. სინამდვილეში, ავტორის მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” ასოცირდება ჯორჯ სოროსის სახელთან. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მონაცმებით, აღნიშნული ფონდი ცნობილი ფილანტროპის და ბიზნესმენის ჯორჯ სოროსის დაფუძნებული ღია საზოგადოების ფონდების წევრი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 1994 წელს დაიწყო. ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, რეფორმების განხორციელებას ჯანდაცვის სფეროში და სოციალურ თანასწორობას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. რაც შეეხება დანარჩენ ინსტიტუტებს, მათ დაარსებასთან ან დაფინანსებასთან ჯორჯ სოროსი არანაირ კავშირში არ არის. მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ, იხილოთ არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემები იმ პარტიების შემოწირულობების შესახებ, რომლებიც ვიდეოშია დასახელებული: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ევროპული საქართველო” და “ქართული ოცნება”. აღნიშნულ მონაცემების ანალიზისას ნათელი ხდება, რომ მოცემულ პატრიებს სოროსთან ფინანსური ურთიერთობა არ აქვთ.

ვიდეოში დასახელებულ არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე ინფორმაცია ასევე საჯაროა და ხელმისაწვდომია მათ ოფიციალურ გვერდებზე. მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”(IDFI) ფინანასდება “ღია საზოგადოების ფონდის” მიერ, ხოლო “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ISFED) ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის დონორი არის ასევე “ფონდი ღია საზოგადოება”. “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” (GRASS) ასევე ფინანსდება „ფონდი ღია საზოგადოება ევროპის ოფისის“ (OSIFE) მიერ. დანარჩენი ორგანიზაციების “მედიის განვითარების ფონდი” (MDF), “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”) მიმდინარე პროექტების მხარდამჭერად ჯორჯ სოროსი ან მისი ფონდი არ ფიგურირებს.

შესაბამისად, მოცემულ ვიდეო-მასალაში მოყვანილი ფაქტები და მტკიცებულებები არანაირ სანდრო წყაროს არ ეყრდნობა და წარმოადგენს ანტიდასავლურ პროპაგანდას. ვიდეო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად

თუ სოციალურ ქსელებში შეგხვდებათ ყალბი ამბავი ან ფიქრობთ, რომ პოსტი/ვიდეო/სურათი შეიძლება დეზინფორმაციის ნიშნებს ატარებდეს, მოგვწერეთ „ფაქტ-მეტრის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე. თქვენი ჩართულობა ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თეგები: