ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ივანიშვილის „კლოუნი“ [გიორგი გახარია] დღეს კვლავ პრემიერობის კანდიდატია, ისე რომ არცერთ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა არ მიუღია“. ბოკერიამ აღნიშნა, რომ დებატებში მონაწილეობას თავიდან ირიდებენ, როგორც გახარია და მისი უფროსი, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე.
პრემიერ-მინისტრობამდე, გიორგი გახარიას, 2016-2017 წლებში ჯერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ხოლო 2017-2019 წლებში - შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2019 წლის 8 სექტემბერს პარლამენტმა გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს, ნდობა გამოუცხადა. ასევე, როგორც მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გახდა ცნობილი, გახარია კვლავ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.
მიუხედავად დაკავებული თანამდებობებისა, გიორგი გახარია არც ეკონომიკის მინისტრობის, არც შინაგან საქმეთა მინისტრობისა და არც პრემიერ-მინისტრობის პერიოდში გვინახავს სატელევიზიო პოლიტიკურ დებატებში ოპონენტებთან.
აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, პრემიერ-მინისტრი დებატებში გამოიწვია. დებატები 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაცემაში პრემიერ-მინისტრის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მივიდა. მანამდე ვაშაძის გამოწვევასთან დაკავშირებით გიორგი გახარია აცხადებდა, რომ მას ფიზიკურად არ ჰქონდა დრო, თუმცა პარტიული დებატები შედგებოდა.
„პოლიტიკური დებატები, მათ შორის, პარტიული დებატები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული.
ეს საუბარია პარტიულ დებატებზე. ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უბრალოდ, მე ამისთვის ფიზიკურად დრო არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დებატები შედგება, ეს არის პარტიის გადასაწყვეტი, პარტიული დებატები იქნება, მე არასოდეს არ გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას“, – განაცხადა პრემიერმა დებატებამდე.
აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას, პრემიერ-მინისტრის რანგში, ინტერპელაციის წესით ერთხელ, მიმდინარე წლის 29 მაისს, მოუსმინეს. პრემიერის პარლამენტში მისვლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვეს.