რეზიუმე: არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პირდაპირ მიუთითებენ, რომ საარჩევნო უბნების კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების დაახლოებით 7-8 პროცენტში მნიშვნელოვანი დისბალანსი შეიმჩნეოდა. „სამართლიანი არჩევნები“ ცესკოს საარჩევნო უბნების 8 %-ის ხელახალი დათვლისკენ მოუწოდებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 117 უბანთან მიმართებით, შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას ითხოვს.
ანალიზი:
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ხმის მიცემისა და შედეგების დათვლის პროცესში გამოვლენილმა უხეშმა დარღვევებმა ამომრჩევლის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ამასთან, არჩევნების შედეგებს მმართველი პარტიის გარდა, ყველა ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
2020 წლის 1 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ცესკოს მიმართ გაკეთებულ მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა ის შეფასება, რომელიც თითქოსდა იმგვარია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რაღაცას არასწორად აკეთებს, არის აბსოლუტურად მცდარი და საფუძველს მოკლებული“.
1 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელურად დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე, მოცემული დისბალანსი, ერთეულ შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ში დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის მსგავსი ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 1 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ „საარჩევნო უბნებიდან მოწოდებული შემაჯამებელი ოქმების ასლების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ ოქმების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7%-ში აღინიშნება ე.წ. მეტობითი დისბალანსი, ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რასაც ყველა პროცედურის სწორად ჩატარების დროს, არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ასეთ შემთხვევათა 1/3-ში მნიშვნელოვანი დისბალანსია.
დარღვევებზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ საუბრობს. ორგანიზაციამ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით „საია“ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს. წარდგენილი საჩივრებიდან „საია“ 117 უბანთან მიმართებით, შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას ითხოვს. გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები ფიქსირდება.
ზემოხსენებული ანგარიშები ცხადყოფს, რომ, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე ხმების დათვლისას, ცესკოს მხრიდან არაერთ, უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პარალელურმა დათვლამ აჩვენა, რომ საარჩევნო უბნების 8 % ხელახალ გადათვლას საჭიროებს. შესაბამისად, თამარ ჟვანიას განცხადება, რომ ცესკოს მიმართ არსებული შენიშვნები უსაფუძვლოა, არის მცდარი. ამასთან, თამარ ჟვანია ცდილობს, დამკვირვებელი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინოს და საზოგადოებაში მათ მიმართ უნდობლობა გამოიწვიოს.
რედაქტორის შენიშვნა:
სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, „ფაქტ-მეტრმა“ ვერდიქტის განსაზღვრისას 1 ნოემბერს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გამოიყენა. „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED )1 ნოემბრის განცხადების მიხედვით, შემაჯამებელ ოქმების საერთო რაოდენობის 8 %-ში გამოვლენილ დისბალანსს არჩევნების შედეგებზე 4.1 %-ზე ნაკლები გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა და აღნიშნული ტენდენცია საარჩევნო პროცესის სანდოობას უქმნიდა საფრთხეს.
11 დეკემბერს ISFED-მა განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა.
ზემოხსენებული განცხადებიდან გამომდინარე, მოცემული სტატიის ვერდიქტის განსაზღვრისთვის „ფაქტ-მეტრი“ „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს მხედველობაში აღარ იღებს. ამის მიუხედავად, სტატიის ვერდიქტი უცვლელი რჩება. საყურადღებოა, რომ თამარ ჟვანიას მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის (2020 წლის 1 ნოემბერი), ცესკოს მიმართ არაერთი ლეგიტიმური და კრიტიკული კითხვა არსებობდა. კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში კენჭისყრის პროცესში გამოველნილი დარღვევების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა ეტაპობრივად ვრცელდებოდა. ამასთან, 1 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში უამრავი უხეში დისბალანსი და დარღვევა ფიქსირდებოდა (დროთა განმავლობაში, ცესკომ შესწორების ოქმების მეშვეობით შეძლო გამოვლენილი დარღვევების გასწორება ). 1 ნოემბრის მდგომარეობით, დისბალანსსა და გამოვლენილი დარღვევების მასშტაბზე, „სამართლიანი არჩევნების“ გარდა, სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციებიც ( „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“) მიუთითებდნენ. შესაბამისად, სტატიის დაწერის მომენტში, დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადებები და არჩევნების შედეგების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოქმებში არსებული ხარვეზები, ცესკოს კრიტიკისთვის, საკმარის საფუძველს იძლეოდა.