რეზიუმე: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების შემთხვევაში, პარლამენტში 10 საარჩევნო სუბიექტი მოხვდებოდა.

ანალიზი:

2020 წლის 3 ნოემბერს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განაცხადა, რომ „სრულად პროპორციული არჩევნები რომ ჩატარებულიყო დღეს, ამ არჩევნების შედეგებით პარლამენტში შევიდოდა მხოლოდ: ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ქართული ოცნება 100 მანდატამდე და დარჩენილი მანდატები ნაციონალურ მოძრაობას ( რადგან იმ შემთხვევაში სხვა ფორმით ითვლება მანდატები). შესაბამისად, “დრო განსჯის” პრინციპით ალბათ ხვდებით რამდენად სახელმწიფოებრივი იყო ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწვეტილება არ დაგვეჭირა მხარი 2020 წლიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ის რომ დღეს მრავალპარტიული პარლამენტი გვყავს ეს ჩვენი იმ გადაწყვეტილების შედეგია“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, 24 ივნისს მმართველი გუნდის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები, ბუნებრივი ბარიერის პირობებში, სრულად პროპორციული წესით ჩატარდებოდა. მიუხედავად საჯაროდ გაცემული დაპირებისა, 2019 წლის 14 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა. 2020 წლის 8 მარტს, მმართველ გუნდი და ოპოზიცია, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, არჩევნების 120/30 მოდელით და 1 %-ანი ბარიერით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

ცესკოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა (იხ. ცხრილი 1). მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არჩევნების საბოლოო შედეგი გამოქვეყნებული არ არის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამჟამინდელ მონაცემების საფუძველზე, არსებული შედეგები შეგვიძლია, იმ შედეგებთან შევადაროთ, რომელიც არჩევნების სრულად პროპორციულად ჩატარების შემთხვევაში იქნებოდა.

ცხრილი 1: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული წესით ხმების 48.24 % მიიღო ( 61 მანდატი პროპორციული და 14 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში) და პირველივე ტურში გაიმარჯვა. ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ 75 მანდატი მოაგროვა. ამასთან, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ 16 მაჟორიტარულ ოლქში გასამართი არჩევნების მეორე ტურებიდან, ყველა ოლქში გაიმარჯვებს და პარლამენტში 90 მანდატით შევა.

არჩევნების, სრულად პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების შემთხვევაში, 1 მანდატის მოსაპოვებლად პარტიებს ხმების საერთო რაოდენობის 0.67 %-ის დასჭირდებოდათ. შესაბამისად, ამ შედეგების გათვალისწინებით, ზემოხსენებულ სუბიექტებს ნინო ბურჯანაძის პარტიაც შეემატებოდა და პარლამენტში 10 საარჩევნო სუბიექტი მოხვდებოდა. მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდებოდა:

ცხრილი 2: როგორ გადანაწილდებოდა მანდატები 31 ოქტომბრის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში. [1]

წყარო: ცესკოს შედეგები, ავტორის გათვლები.

ცხრილიდან, ნათლად ჩანს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, პარლამენტში 10 საარჩევნო სუბიექტი მოხვდებოდა. აღსანიშნავია ისიც, მანდატების რაოდენობა, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუმცირდებოდა (90-დან 73-მდე), სხვა ყველა სუბიექტს კი გაეზრდებოდა. რაც მთავარია, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, მეათე მოწვევის პარლამენტში მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტებას ვერ შეძლებდა. შესაბამისად, ნინო წილოსანის განცხადება, რომ „არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, პარლამენტში, მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდებოდა“, არის ტყუილი.

1. შედარებისთვის გამოყენებულია, მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტების მონაცემები, რომლებიც ბუნებრივი ბარიერის პირობებში შეძლებდნენ პარლამენტში შესვლას. ცხრილში გადაუნაწილებელი მანდატები გათვალისწინებული არაა. შესაბამისად, ცხრილში მოყვანილი მანდატების საერთო ჯამი 145-ს შეადგენს.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია