იტვირთება

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (შემდგომში ცესკო) არჩევნების ჩატარების სპეციალური პროტოკოლი შეიმუშავა.

პროტოკოლის მიხედვით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხელის დასამუშავებელი ხსნარი იქნება განთავსებული. კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირები სათანადო წესით დამუშავდება. ამასთან, კენჭისყრის შენობა პეირიოდულად ბუნებრივად განიავდება. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დღეს თერმოსკრინინგის გავლა, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მოუწევთ. თუ პირს, 5 წუთის ინტერვალით 2-ჯერ ტემპერატურის გაზომვისას, 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, იგი კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საქმიანობას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (პირბადე, დამცავი ფარი და ერთჯერადი ხელთათმანები) გამოყენებით განახორციელებენ.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლები თერმოსკრინინგს არ გაივლიან. ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველთა შორის, დისტანციის დაცვას არეგულირებს და ამოწმებს, აქვს, თუ - არა ამომრჩეველს მარკირება. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში, მხოლოდ პირბადით და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავების შემდეგ დაიშვება. ამომრჩეველი ვალდებულია ნაკადის მომწესრიგებელთან და რეგისტრატორთან მისვლისას, ვინაობის იდენტიფიცირების მიზნით, პირბადე დროებით მოიხსნას. რეგისტრაციის შემდეგ, ამომრჩეველს ერთჯერადი კალამი გადაეცემა, რომელიც უნდა გამოიყენოს ხმის მიცემის პროცესში და ხმის მიცემის შემდეგ სპეციალურ კონტეინერში მოათავსოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიის გამო, ფარული კენჭისყრის კაბინების დიზაინი შეიცვალა. ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, კენჭისყრის კაბინებს ფარდები არ ექნებათ. კაბინის შესასვლელი ერთი მხრიდან გახსნილი იქნება და გახსნილი მხარე მიმართული იქნება შენობის კედლისკენ იმგვარად, რომ კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არ დაირღვეს.

როგორ შეძლებენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები ხმის მიცემას.

2020 წლის 19 ოქტომბერს ცესკომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის შესახებ, დადგენილება მიიღო.

დადგენილების მიხედვით, სტაციონარულ დაწესებულებებსა და კარანტინში (იზოლაცია, თვითიზოლაცია) მყოფი პირები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმას გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით მისცემენ. ამ მიზნით, ცესკო თითოეულ მუნიციპალიტეტში არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტში არანაკლებ ათ საარჩევნო უბანს ქმნის. საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განხორციელების მიზნით, ცესკო სპეციალურ ჯგუფებს ქმნის და მათ შემადგენლობას ამტკიცებს. სპეცჯგუფი არაუმეტეს 12 წევრისაგან შედგება. საარჩევნო უბანში ერთზე მეტი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის არსებობის შემთხვევაში, ცესკო, საჭიროებისამებრ, დამატებით გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ, სპეცჯგუფის არანაკლებ 2-2 წევრს ნიშნავს. საარჩევნო სუბიექტს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, იმ რაოდენობის თითო დამკვირვებელი დანიშნონ, რამდენი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაც შედგება შესაბამის საარჩევნო უბანზე. მედიის წარმომადგნელებს თითო გადასატანი ყუთზე, არაუმეტეს 2 წარმომადგენლის დანიშვნის უფლება აქვთ.

სპეცჯგუფის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეცჯგუფის არაუმეტეს 2-2 წევრს წილისყრით გამოავლენს. გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრის ფუნქცია არ უნდა დაეკისროთ ერთი და იმავე პარტიის მიერ დანიშნულ სპეცჯგუფის წევრებს. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და მედიის წარმომადგენლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ თითო-თითო დამკვირვებელს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინო სივრცეში ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესს დააკვირდება. თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირები საერთო წარმომადგენელზე ვერ შეთანხმდებიან, სპეცჯგუფის თავმჯდომარე თითო დამკვირვებელს/წარმომადგენელს წილისყრით გამოავლენს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე დგება. ცესკოს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

ა) ამომრჩეველი, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო, კენჭისყრის დღისთვის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში იქნება მოთავსებული;

ბ)ამომრჩეველი, რომელიც ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო კენჭისყრის დღისთვის საკარანტინო სივრცეში იქნება მოთავსებული;

გ) ამომრჩეველი, რომელიც ახალი გავრცელების პრევენციის მიზნით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, კენჭისყრის დღისთვის საკარანტინო სივრცეში იქნება მოთავსებული;

დ) ამომრჩეველი, რომელიც ზემოხსენებული დადგენილების საფუძველზე თვითიზოლაციაში იმყოფება და საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლია;

ე) ამომრჩეველი, რომელიც სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ან საკარანტინო სივრცის თანამშრომელია და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო, საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეუძლია;

ვ) გადასატანი ყუთის სპეც ჯგუფებში შემავალი პირები.

ამასთან, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, [1] თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ცესკოს, იმ პირთა სია უნდა მიაწოდონ, რომლებიც, ზემოთ ჩამოთვლილ, ერთ-ერთ კატეგორიას (თვითიზოლაციაში მყოფთა გარდა) მიეკუთვნებიან და კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ შეძლებენ.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე, ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრისთვის სატელეფონო ზეპირი განცხადებით უნდა მიემართათ. [2] თავდაპირველად, მიმართვის ვადა 26 ოქტომბრის 22 საათზე იწურებოდა. თუმცა ოპოზიციის პროტესტისა და ცესკო თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, ეს ვადა, 27 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადასული პირები, ხოლო 28 ოქტომბრის შემდეგ, სამკურნალო/საკარანტინო დაწესებულებაში მოთავსებული პირები გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული ვადების გამო და საქართველოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება რამდენიმე ათასი ადამიანი ხმის მიცემის შესაძლებლობის გარეშე დარჩეს.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები სპეცჯგუფის წევრები და მეთვალყურეები აღჭურვილი უნდა იყვნენ და უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, პირბადე, სახის დამცავი ფარი, ერთჯერადი ხალათი, ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო ხსნარი და სხვა. გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები პირები ამომრჩევლის საცხოვრებელ სივრცეში არ უნდა შევიდნენ. ყოველ ახალ ამომრჩეველთან მისვლისთანავე, შეხების ზედაპირები, მათ შორის, გადასატანი საარჩევნო ყუთის ზედაპირი, სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს. ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრებს შორის, კომუნიკაცია 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, უშუალო კონტაქტის გარეშე უნდა მოხდეს. ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ სპეცჯგუფის წევრის მიერ ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას. პირბადის მოხსნისას ამომრჩეველსა და სპეცჯგუფის წევრს შორის უსაფრთხო დისტანცია დაცული უნდა იყოს. ხმის მიცემისას ამომრჩეველს უნდა მიეწოდოს პირბადე (არქონის შემთხვევაში). ამასთან, ამომრჩეველმა ხმის მიცემის და ხელმოწერის დროს, მისთვის მიცემული ერთჯერადი კალამი უნდა გამოიყენოს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საარჩევნო ბიულეტენის მიღების დამადასტურებელი ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია სათანადოდ მისთვის განკუთვნილ ყუთში/ჩანთაში უნდა მოთავსდეს. ხმის მიცემის ყოველი პროცედურის დასრულების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთი სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს. აქვე, აღსანიშნავია, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირების მიმართ, აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ, მარკირება არ გამოიყენება.

1. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

2. გადასატანი ყუთებით სარგებლობისთვის, პირი აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმში და, შესაბამისად - ოფიციალურად უნდა იყოს აღრიცხული.


მსგავსი სიახლეები

3389 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი