რეზიუმე: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი 2013 წლის ივლისში დაიწყო და დეკემბერში დამთავრდა. რადგან კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება, 2014 წელს დანიშნულ დირექტორებს, მიმდინარე წელს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა ეტაპობრივად ამოეწურათ. შესაბამისად, ისინი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. განათლების სამინისტროს ხელახალი კონკურსი მარტში უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ პანდემიის გამო, კონკურსი გაურკვეველი ვადით გადაიდო. გათავისუფლებული დირექტორების ნაწილი სამინისტროს მიერ მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ნაწილს კი, იგივე მოვალეობის შესრულებაზე უარი ეთქვა. რა გახდა გათავისუფლებული დირექტორების მიმართ განსხვავებული მიდგომის საფუძველი, უცნობია. ჩვენ ვერ შევალთ განხილვაში, სკოლების დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ რჩეული დირექტორები დაინიშნენ, თუ - არა. თუმცა ფაქტი ერთია, რომ გათავისუფლებული დირექტორების მიმართ სამინისტრომ შერჩევითი მიდგომა განახორციელა, რის საფუძველსაც არ ასახელებს. აქედან გამომდინარე, სერგო რატიანის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგო რატიანმა სკოლის დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ხელისუფლებამ გაათავისუფლა ყველა დირექტორი, რომელიც დანიშნული იყო 2014 წელს. მათ არ ჩაატარეს წელს ატესტაცია, რითაც მოუსპეს საშუალება ყოფილ სკოლის დირექტორებს გასულიყვნენ კონკურსში და მისცემოდათ საშუალება, მეორედ ყოფილიყვნენ არჩეულნი. სამაგიეროდ, მათ რჩეულ დირექტორებს ნიშნავენ ფაქტობრივად მოვალეობის შემსრულებლად, რაც არის შერჩევითი სამართალი“.
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანება არეგულირებს. საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპს, სერთიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის, დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას მოიცავს. ამავე ბრძანების დანართის პირველი მუხლის თანახმად, სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან, რეგისტრაცია/ტესტირებისა, (რომელიც ელექტრონულად ტარდება) და გასაუბრებისაგან შედგება, რომელიც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან იმართება. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. ეს კი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს შეადგენს.
ამავე ბრძანებით განმარტებულია, რომ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში მოქმედებს. ამასთან, დირექტორის შესარჩევი კონკურსის შესაბამისად, დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი 2013 წლის ივლისიდან დეკემბრამდე მიმდინარეობდა. რადგან კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება, 2014 წელს დანიშნულ დირექტორებს, მიმდინარე წელს, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადა ეტაპობრივად ამოეწურათ. შესაბამისად, სამინისტროს სკოლის დირექტორების ხელახალი სერტიფიცირება უნდა ჩაეტარებინა, რათა მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცემოდათ.
ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში დაანონსებული სკოლის დირექტორების მსურველთა სერტიფიცირების ეტაპი არ განხორციელდა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე გადაიდო. თუმცა, მათივე განმარტებით, ზემოთ მითითებული დირექტორებისთვის სერტიფიცირების ეტაპზე მონაწილეობის მიღება სავალდებულო არ ყოფილა, ვინაიდან კანონმდებლობის მიხედვით, დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში კარგავს, თუ პირი 7 წლის განმავლობაში დირექტორის საქმიანობის განხორციელებას არ დაიწყებს. შესაბამისად, ყველა მათგანს კუთვნილი სერტიფიკატის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მეორე ეტაპიდან (საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენა) მიიღონ. მანამდე მათ შეუძლიათ, საქმიანობა მასწავლებლის პოზიციაზე გააგრძელონ. სამინისტროსვე ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, ყველა დირექტორი იყო ინფორმირებული.
„ფაქტ-მეტრი“ საკითხში უფრო ღრმად გასარკვევად რამდენიმე სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. თბილისის მე-10 საშუალო სკოლის დირექტორი, ბელა ხუბუტია, იმ დირექტორთა შორის არის, რომელთაც მიმდინარე წლის სექტემბერში დირექტორობის 6-წლიანი ვადა ამოეწურათ. ბელა ხუბუტიას განცხადებით, ისიც, სხვა სკოლის დირექტორების მსგავსად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, დირექტორობის მოვალეობიდან გათავისუფლდა. თუმცა, მისი ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების შესაბამისად გათავისუფლებულ დირექტორების ნაწილს, სამინისტროდან წინასწარ დაუკავშირდნენ და დირექტორის მოვალეობის შესასრულებლად განცხადება დააწერინეს. ბელა ხუბუტია აცხადებს, რომ მხოლოდ იმ დირექტორებს დაუკავშირდნენ და ის დირექტორები გადაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად, ვინც ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად კეთილსაიმედო იყო, ანუ, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ღიად იზიარებდა. ბელა ხუბუტია იმასაც ამბობს, რომ ის პოლიტიკურად აქტიური არასდროს ყოფილა და სწორედ მისი ხელისუფლებისადმი ასე ვთქვათ „პასიური“ დამოკიდებულება გახდა მისი არ დანიშვნის მიზეზი. გარდა ამისა, მისი აზრით, მისი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად არ დანიშვნა შეიძლება იმასაც უკავშირდებოდეს, რომ მე-10 სკოლის შენობა უკვე კარგა ხანია, გამაგრებას და რეაბილიტაციას საჭიროებს. დირექტორი სკოლის რეაბილიტაციას ითხოვს, სამინისტროს პოზიცია კი იმგვარია, რომ სკოლა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და შენობა მთლიანად უნდა დაინგრეს და ახალი აშენდეს. მე-10 სკოლის დირექტორი წლებია, სკოლის სრულად დანგრევას ეწინააღმდეგება. ბელა ხუბუტია საკითხის გასაჩივრებას აპირებს.
გათავისუფლებულთა და მოვალეობის შემსრულებლად არ დანიშნულთა შორისაა თბილისის 186-ე სკოლის დირექტორი მაია გრიგოლიაც. მაიასაც, სხვა დირექტორთა მსგავსად, სექტემბერში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ის დარწმუნებული იყო, რომ შემდგომში მოვალეობის შემსრულებლად უპრობლემოდ დაინიშნებოდა. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რესურსცენტრიდან დირექტორების ნაწილს წინასწარ დაუკავშირდნენ და დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად გადანიშვნაზე განცხადება დააწერინეს. მაია მიიჩნევს, რომ იგი დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად სამინისტროსადმი გამოვლენილი „ურჩობის“ გამო არ დაინიშნა. ის იხსენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რესურსცენტრიდან მას იმ მასწავლებელთა სია ( პირადი მონაცემებით) მოსთხოვეს, ვინც „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილი. ქალბატონმა მაიამ აღნიშნული ფაქტი სამასწავლებლოში გააპროტესტა. გარდა ამისა, მაია გრიგოლიას დიდ დიღომში აშენებული „მეგასკოლა“ მიღება-ჩაბარების აქტით უნდა გადაეფორმებინა და 186-ე სკოლის ბალანსზე დაერეგისტრირებინა, რაზეც მან იმის გამო, რომ „მეგასკოლა“ ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, უარი განაცხადა. მაია გრიგოლიაც საქმის სამართლებრივ ჭრილში გადატანას აპირებს.
ჩვენ განხილულ თემასთან დაკავშირებით განათლების საკითხების სპეციალისტს მარიამ რამინაშვილსაც ვესაუბრეთ. იგი მიიჩნევს, რომ საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის არ ჩატარება პირდაპირ არჩევნებს უკავშირდება. „პანდემიის პირობებში განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდები და მასწავლებელთა პროფესიული გამოცდები ჩაატარა, რომელთა მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით წარმომადგენლობითი იყო. სკოლის დირექტორობის მოსურნე მაქსიმუმ 2000 კანდიდატი იყო. ამიტომ ამ კონკურსის ჩატარება, სამინისტროს მხრიდან სურვილის შემთხვეაში, შესაძლებელი იყო. მაგრამ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მოქმედი დირექტორების უმრავლესობა სკოლის დირექტორებად უკვე ორი ვადით არიან არჩეულნი ან დანიშნულნი, „ ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით კი, ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ ორჯერ. შესაბამისად, სამინისტროს მოქმედი დირექტორების სხვა სკოლაში არჩევა/დანიშვნა მოუწევდათ, რაც წინასაარჩევნოდ არანაირად ხელს არ აძლევდათ. რაც შეეხება კონკრეტულად ნაწილი დირექტორების მოვალეობის შემსრულებლად არ დანიშვნას, ძირითადად ავტორიტეტული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე დირექტორები არ დაინიშნენ. სამინისტროს, ალბათ, ამით იმის ჩვენებაც უნდოდა, რომ ხელშეუხებელი არავინ არის და ეს წინასაარჩევნოდ სხვა დირექტორებისთვის ერთგვარი გაფრთხილებაც იყო. ისიც აღსანიშნავია, რომ დასახელებული დირექტორები პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ, ანუ ხელისუფლებისადმი ღიად მხარდამჭერას არ გამოხატავდნენ და სწორედ ეს გახდა მათ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის მიზეზი“,- განაცხადა მარიამ რამინაშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სკოლის დირექტორები, რომელთაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6-წლიანი ვადა ამოეწურათ, თანამდებობიდან კანონის შესაბამისად გათავისუფლდნენ. თუმცა გათავისუფლებული დირექტორების ნაწილი სამინისტროს მიერ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ნაწილი - არა. რა გახდა გათავისუფლებული დირექტორებისადმი განსხვავებული მიდგომის საფუძველი, სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ.