ირაკლი კობახიძე: ინფლაციის მაჩვენებელი არის ბევრად ნაკლები ვიდრე, თუნდაც დევალვაციის მაჩვენებელი და ორჯერ მეტად რომ გაიზარდა პენსია ეს ნიშნავს იმას, რომ პენსია რეალურად გაიზარდა, მაგრამ არა ორჯერ... ....გაიზარდა დაახლოებით 50%-ით
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
ანალიზი:
რუსთავი 2-ის ეთერში ქართული ოცნების საარჩევნო პრეზენტაციის დროს ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ინფლაციის მაჩვენებელი არის ბევრად ნაკლები ვიდრე, თუნდაც დევალვაციის მაჩვენებელი და ორჯერ მეტად რომ გაიზარდა პენსია ეს ნიშნავს იმას, რომ პენსია რეალურად გაიზარდა, მაგრამ არა ორჯერ... ....გაიზარდა დაახლოებით 50%-ით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით იყო 1.66, ხოლო დღეს, 28 ოქტომბერს კურსი 3,22-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსი თითქმის ორჯერ (დაახლოებით 94%-ით) არის დევალვირებული.
დევალვაცია მხოლოდ იმას გამოხატავს, თუ როგორ შემცირდა ლარის გაცვლითი კურსი სხვა მყარ ვალუტებთან მიმართებით, ხოლო იმას - როგორ შეიცვალა ლარის მსყიდველუნარიანობა - ინფლაცია [1] განსაზღვრავს. 2012 წლის ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ცვლილებამ, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით, დაახლოებით 31% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ლარით რასაც შევიძენდით 2012 წელს (ნოემბერში), 2020 წლის სექტემბერში იგივე რაოდენობის საქონლის (მომსახურების) შესაძენად 130 ლარი დაგვჭირდებოდა.
ინფლაციამ, როგორც ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან ჩანს, 3-ჯერ ნაკლები შეადგინა (დაახლოებით), ვიდრე - დევალვაციამ, შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადების ეს ნაწილი სიმართლეა.
რაც შეეხება პენსიის ზრდას, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე, პენსია 110-125 ლარი იყო [2], ხოლო 2020 წლისთვის პენსიამ 220 ლარი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საწყის მაჩვენებლად ავიღებთ 110 ლარს, პენსია ნომინალურად დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. როგორც ირაკლი კობახიძეც აღნიშნავს, დროში ფინანსების შესადარებლად მნიშვნელოვანია მისი კორექტირება ინფლაციის მაჩვენებლით. ამგვარად მივიღებთ პენსიის რეალურ ზრდას.
ცხრილი 1.2. რეალური პენსიის ცვლილების დინამიკა
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; „ფაქტ-მეტრის“ გამოთვლები
ცხრილიდან ჩანს, რომ პენსიის რეალურმა ზრდამ 34.4-52.7 % შეადგინა, იმის მიხედვით, საწყის მაჩვენებლად 110 ლარს ავიღებთ თუ 125 ლარს. ამასთან, გარდა საბაზისო პენსიისა, სხვადასხვა კატეგორიის პენსიონერისთვის, მათ შორის 70 წელს გადაცილებულთათვის, საპენსიო დანამატია გათვალისწინებული.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში პენსიონერთა უმრავლესობა, ობიექტურად, ძირითადად თანხას საკვებ პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯავს. ამ ჯგუფებში ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით მაღალია, ვიდრე ზოგადი ინფლაცია - შესაბამისად 42,3% და 49,1%. აქედან გამომდინარე პენსიონერთათვის ინფლაციის დონეზე დაკორექტირებული შემოსავლით თუ ვიმსჯელებთ, პენსიის ზრდა უფრო დაბალია, ვიდრე ზოგად ინფლაციაზე დაკორექტირებული მაჩვენებლით მივიღებდით.
აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
[1] განმცხადებელი ტერმინს ამ მნიშვნელობით იყენებს, თუმცა დევალვაცია, როგორც ეკონომიკური ტერმინი, მთავრობის მიერ კურსის გამიზნულად შემცირების აღსანიშნავად გამოიყენება.
[2] პენსია დიფერენცირებულია და განსხვავდება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.