რეზიუმე: საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 2005 წელს არის მიღებული.
2013 წლის 25 ივლისს ამ კანონში ცვლილება შევიდა და მე-2 მუხლს „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები დაემატა. „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომპენსაციას „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც მიიღებდნენ. „ნ“ ქვეპუნქტით კი კომპენსაციის მიმღები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც გახდნენ.
კომპენსაციის ოდენობად 2014 წლის განმავლობაში - ყოველთვიურად 500 ლარი, ხოლო 2015 წლიდან 1 000 ლარი განისაზღვრა.
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2013 წლის 25 ივლისის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს. ინიციატორებს შორის იყო „საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ წევრი გიგა ბუკია, რომელმაც დეპუტატებს კანონპროექტი თვითონვე წარუდგინა.
2015 წლიდან აღნიშნულ კატეგორიებს მიკუთვნებული ბენეფიციარები ყოველთვიურად კომპენსაციას 1 000 ლარის ოდენობით იღებენ.
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგა ბუკიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „არჩევნები 2020-ში“ განაცხადა: „2013 წელს ვიყავით ინიციატორები და ავტორები და მე პირადად, როგორც კონსერვატიული ფრაქციის თავმჯდომარე, ვიყავი მომხსენებელი საქართველოს პარლამენტში კანონპროექტისა, რომლითაც ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახები დღეს 1000-ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციას იღებენ“.
საქართველოში კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ 2005 წლიდან მოქმედებს. თუმცა 2013 წლის ივლისამდე, კანონის მე-5 მუხლში, რომელიც კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს განსაზღვრავს, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები არ იყო. ცვლილების თანახმად, კომპენსაციის მიმღებთა ჩამონათვალს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დაემატნენ.
კანონპროექტის ინიციატორები ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ვიქტორ დოლიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, დავით ბერძენიშვილი, გიგა ბუკია და გოგი თოფაძე იყვნენ; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, რომელიც 2012 წელს პარლამენტში, როგორც „კონსერვატიული პარტიის“ წევრი, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ინფორმაციისთვის, ის ახლა „ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ სიის მეორე ნომერია და საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად კვლავ იბრძოლებს. თუმცა ამჯერად პარტია არჩევნებში დამოუკიდებელ საარჩევნო სუბიექტად მონაწილეობს.
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 25 ივლისის სხდომის დღის წესრიგში, სხვა საკითხთა შორის, საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების თაობაზე“ იყო შეტანილი. კანონპროექტით „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების წესი და პირობები განისაზღვრა.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
დეპუტატებმა აღნიშნული კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს. ცვლილების შედეგად, 2014 წლის განმავლობაში ბენეფიციარები ყოველთვიურად 500-ლარიან კომპენსაციას იღებდნენ, ხოლო 2015 წლიდან კომპენსაციის ოდენობა გაიზარდა და 1 000 ლარი გახდა, როგორც ეს კანონით იყო გათვალისწინებული.