თორნიკე რიჟვაძე: „არასამთავრობო სექტორის ხმა, არასამთავრობო სექტორის წინადადებები ჩვენთვის, მთავრობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ასახავს იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებასა და რეგიონს აწუხებს. ასე რომ, ცალსახად, გაგრძელდება ეს შეხვედრები, იქნება თემატური შეხვედრებიც და პირადად მეც მინიმუმ ერთხელ ორ თვეში შევხვდები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს“.

ვერდიქტი: დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე: თორნიკე რიჟვაძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ 2018 წლის ივლისში დაინიშნა. აგვისტოში კი რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირობა დადო, რომ ამ ტიპის შეხვედრებს ორ თვეში ერთხელ გამართავდა. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ფაქტ-მეტრი პირადად დაუკავშირდა. მათ გვითხრეს, რომ ამ ტიპის შეხვედრა ენჯეოებთან მთავრობის თავმჯდომარეს აღარ ჰქონია. ჩვენი რესპონდენტები, თითქმის ყველა, 2018 წელს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

თუმცა რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აჭარის ა/რ სამინისტროებში თემატურ შეხვედრებს, რომლებზეც რაიმე კონკრეტულ საკითხს განიხილავდნენ, ესწრებოდა. ასევე თქვეს, რომ საკუთარი ინიციატივით ერთხელ ან ორჯერ მთავრობის თავმჯდომარესაც შეხვდნენ.

იგივე განაცხადა მთავრობის აპარატის პრესსამსახურმაც: „მთავრობის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თემატურ შეხვედრებს, საკითხიდან გამომდინარე, მუდმივად მართავდა. ერთ პლატფორმად რომ ჩამოყალიბებულიყო და ათ-ოც ორგანიზაციას ერთად შეხვედროდა, კოლექტიურად, როგორც იმ დღეს შეხვდა, ასეთი რამ არ მახსენდება. თვითონ სამინისტროებმა გვითხრეს, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საკითხიდან გამომდინარე, არაერთი შეხვედრა ჰქონდათ“.

ანალიზი:

2018 წლის 9 აგვისტოს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ პირობა დადო, რომ ამ ტიპის შეხვედრას ორ თვეში ერთხელ გამართავდა. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, იყვნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, საზოგადოება „ბათომი“, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“, ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებებისთვის“, შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი „აჭარა“ და სხვა.

ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომელიც თორნიკე რიჟვაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასე ერთობლივად გამართა. მსგავს ფორმატში ის მესამე სექტორის წარმომადგენლებს აღარ შეხვედრია. ამას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომელნიც 2018 წლის აგვისტოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ.

თუმცა რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლისა და მთავრობის აპარატის პრესსამსახურის თქმით, თემატური შეხვედრები დროდადრო იმართებოდა, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით და ასეთი შეხვედრები, უფრო ხშირად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჰქონდათ. მაგალითად: ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარემ „ფაქტ-მეტრს“ უთხრა, რომ ეკონომიკური განვითარების საკითხების თაობაზე მთავრობის თავმჯდომარეს ორჯერ შეხვდა, თუმცა არ იცის, გაითვალისწინა, თუ - არა მთავრობამ მისი რეკომენდაციები.

ლევან გობაძე: „რაღაც გრაფიკი რომ გვქონოდა შეხვედრების, ასე არ ყოფილა. ორჯერ თუ სამჯერ გვქონდა შეხვედრა. ერთ-ერთ შეხვედრას ტიტე აროშიძე ესწრებოდა [აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი. ამჯერად ის „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში]. სხვა შეხვედრაზე მარტოო ვიყავი. ძირითადად ეკონომიკური განვითარების საკითხებს განვიხილავდით. განსხვავებული ხედვები გვაქვს მაგ ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. მას მიაჩნია, რომ სწრაფი განვითარებაა შესაძლებელი. მე ვთვლი, ეს არა არის შესაძლებელი და ამისთვის რამდენიმე წელი უნდა ავიღოთ, რომ მოსამზადებელი პერიოდი ჩავამთავროთ და პროცესების მსვლელობას ჩავუყაროთ საფუძველი. არ ვიცი, ითვალისწინებდა, თუ - არა ამ რეკომენდაციებს. არ ვამონიტორინგებდით.“

რამდენად ითვალისწინებდა თორნიკე რიჟვაძე რეკომენდაციებს, ამის შესახებ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელ ასლან ჭანიძესაც ვკითხეთ.

ასლან ჭანიძე: „ რაიმე სახის მჭიდრო კომუნიკაცია რომ ყოფილიყო და რაიმე საკითხებზე გვემსჯელა, ასეთი არ ყოფილა. არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ გვქონია და როგორ შევაფასო. ყველა იმ განცხადებას, რომლებსაც რიჟვაძე აკეთებდა, ენჯეო სექტორი ეხმაურებოდა და მოუწოდებდა, რომ უფრო კონსტრუქციული ყოფილიყო. საჯაროდ ვაქვეყნებდით ჩვენს განცხადებებს. არ იყო კონსტრუქციული ამ ურთიერთობაში. არანაირი ჩართულობა არ გვქონია. თუ გახსოვთ, განცხადება რომ გააკეთა „ოცნების სახლთან“ დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გზით შევიმუშავებთ კრიტერიუმებსო? ჟურნალისტმა ჩამოუთვალა ორგანიზაციები, მათ შორის, „გამჭვირვალობა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა. მერე ოთხი ორგანიზაცია დაასახელეს. შესაძლოა, მათთან ჰქონდა შეხვედრა. სოფელთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაგალითად, „ინტელექტთან“ და „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ ჰქონდა შეხვედრები. იმ შეხვედრაზე ვუთხარით მე და მალხაზ ჭკადუამ, რომ ორ თვეში ერთხელ შეხვედრას ეკარგება აზრი, თუ რაიმე მნიშვნელოვან საკითხს არ ეხება. კონკრეტული შემოთავაზება კი, გინდ „ოცნების ქალაქის“ ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან არ ყოფილა. ერთადერთი საშუალება, სადაც ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებდით, მედია იყო“.

ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ წევრი: „არ ყოფილა ასეთი შეხვედრები. თანაშემწემ, რომელსაც ეს საკითხები ეხებოდა [არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა] დაგვიტოვა ნომერი. მერე არანაირი შეხვედრა არ ყოფილა“.

აღსანიშნავია, რომ ნინო ინაიშვილი საზოგადოება „ბათომის“ წევრია. ეს ორგანიზაცია აქტიურად აპროტესტებს ბათუმში მიმდინარე ქაოსურ მშენებლობას და უკვე წლებია, ითხოვს, რომ ქალაქს განაშენიანების რეგულირების გეგმა ჰქონდეს. განსაკუთრებით რეზონანსული იყო ე. წ. ბათუმი რივიერად წოდებულ კონცხზე, ზღვის ნაპირას, ექვსი ცათამბჯენის აშენების საკითხი. პროექტს „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. საზოგადოება „ბათომმა“ და აქტივისტებმა პროექტის განხორციელების მიმართ პროტესტი არაერთი აქციითა და სხვა აქტივობებით გამოხატეს. თუმცა ამას შედეგი არ მოჰყვა. ამის შემდეგ აქტივისტებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ბათუმი“, რომელმაც ქალაქის იმჟამინდელ მერს ლაშა კომახიძესა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა. ჯგუფი ისტორიული ზონის ფარგლებში მშენებლობების შეჩერებას ითხოვდა.

ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარის დროს თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით - ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის და არ ვაპირებთ, ამ ტიპის შემოტევების შედეგად ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებები შევცვალოთ“.

არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში ჩართულობის მცდელობას თორნიკე რიჟვაძემ ასეთი ფიგურალური გამოთქმით უპასუხა. მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულება მოჰყვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გაკეთებულ კვლევას, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად გასხვისებულ ქონებებს ეხებოდა.

როცა ჟურნალისტებმა თორნიკე რიჟვაძეს კვლევის შესახებ ჰკითხეს, მისი პასუხი იყო: „ეს ის ორგანიზაციაა, ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი და ოფისმენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ, მაგათზე მეკითხებით, ხომ?“

იმ „ადგილობრივ კანტორაში“ თორნიკე რიჟვაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისი იგულისხმა, რომელსაც მალხაზ ჭკადუა ხელმძღვანელობს. ის „გამჭვირვალობის“ რეგიონული კოორდინატორი და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორია.

მალხაზ ჭკადუა: „არც ყოფილა მცდელობა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ მსგავსი შეხვედრები გვქონოდა. პირიქით, მას ჩვენს არგუმენტირებულ კრიტიკაზე ხშირად არც ისე ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. მაგალითად: დეკლარაციების მონიტორინგის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის, ასევე მთავრობის მიერ 2019 წელს გასხვისებული ქონების თემაზე კვლევების შესახებ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებები და რეპლიკები იყო შეურაცხმყოფელი და არ შეესაბამებოდა არც თანამდებობის პირის და არც საჯარო მოხელის ქცევის სტანდარტს. ზოგადად, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობისა და მათ მიმართ გამოთქმული მოსაზრებების დროს მთავრობის თავმჯდომარის ქმედებები უკეთესის სურვილს ტოვებს. როცა საზოგადოება „ბათომი“ და აქტივისტები ისტორიული ზონის დამტკიცებას ითხოვდნენ, რიჟვაძემ განაცხადა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო. „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტი რომ შიმშილობდა აჭარის საზმაუს წინ, მაგას გახდომა უნდა და იმიტომ შიმშილობსო. ასეთი შეურაცხმყოფელი რიტორიკა რიჟვაძისთვის დამახასიათებელია. გასაგებია, რომ წარმოადგენს მმართველ პარტიას, მაგრამ ამასთანავე ის თანამდებობის პირია და ვალდებულია, დაიცვას და გარკვეული გარანტიები შესთავაზოს ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. ასეთი რეპლიკებითა და განცხადებებით კი ის ქმნის უფსკრულს სხვადასხვა შეხედულებებისა და მოსაზრებების მქონე მოქალაქეებს შორის. არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ხვდება, თუმცა მე ვერ ვიხსენებ მათ მიერ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებას ან შეფასებას, მათ მიერ დამუშავებულ რეკომენდაციებს. შეიძლება ზოგიერთი ორგანიზაცია თავისი ღირებულებებით იზიარებდეს რაღაცა ტიპის პოლიტიკას, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია ხომ ისაა, იყოს მოდარაჯე ძაღლის როლში და იმუშაოს, რომ მისი ჩართულობით მოხდეს კორუფციის პრევენცია, სერვისების გაუმჯობესება, უკეთესი საჯარო მმართველობა და ჩვენ ამისთვის სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ვთანამშრომლობთ აქტიურად. მთავრობასთან, სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ურთიერთობა არ გვაქვს“.

ის, რომ მთავრობის თავმჯდომარე წარმომადგენლობით ფორმატში, ორ თვეში ერთხელ, არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ შეხვედრია, იმ პირველი შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც დაადასტურეს.

თამილა დოლიძე: ბათუმის „გენდერის მედიაცენტრის“ ხელმძღვანელი, „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“: „იმ შეხვედრაზე ვიყავი და კითხვებიც დავსვი. მერე ასეთი შეხვედრა აღარ გვქონია. ჩვენ როდესაც ვითხოვდით შეხვედრას, გვქონდა რამდენიმე მცდელობა, ისიც [თორნიკე რიჟვაძე], ხაბაძეც და პატარაძეც [არჩილ ხაბაძე, ზურაბ პატარაძე - აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეები] თავიანთ წარმომადგენლებს უშვებდნენ. უმეტესად იმას, ვინც არასამთავრობოების მიმართულებით მუშაობდა. ჩემს შეხვედრებზე მოდიოდნენ. ეს ხდებოდა ჩვენი მიწვევით. ისეთი შეხვედრა მეტი არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ მივუწვევივარ“.

თამაზ მჟავანაძე: „შშმ პირთა უფლებებისთვის“ დამფუძნებელი: „არასამთავრობოდან წამოვედი 2017 წელს, დამფუძნებელი ვარ, მაგრამ აღარ ვხელმძღვანელობ. იმ დღეს მიწვეული ვიყავი როგორც სტუმარი. თუმცა, რამდენადაც ვიცი, მუდმივი კომუნიკაცია იყო კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. მინდა ეს დააფიქსიროთ, რომ კომუნიკაციის პრობლემა მთავრობის თავმჯდომარესთან არ არის, როგორც გუნდური, ასევე - ინდივიდუალური შეხვედრების. ნებისმიერ საკითხზე ჩართულობა გვაქვს“.

ინფორმაციისთვის, თამაზ მჟავანაძე 2017 წლიდან „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. ის ახლა იმ სიის მე-17 ნომერია, რომელიც პარტიამ აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის წარუდგინა.

თომა კაკაბაძე: შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი „აჭარა“, კოორდინატორი: „წარმომადგენლობითი შეხვედრა არ ყოფილა, პირისპირ შევხვდი მხოლოდ ერთხელ ჩვენი ინიციატივით. ეს შეხვედრები პლატფორმად არ ჩამოყალიბებულა, რეგულარული ხასიათი არ მიუღია“.

აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თემატურ შეხვედრებს, საკითხიდან გამომდინარე, მუდმივად მართავდა. თუმცა იმ პირველი შეხვედრის მსგავსი შეხვედრები არ გაუმართავს. სამინისტროები აცხადებენ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, საკითხიდან გამომდინარე, არაერთი შეხვედრა ჰქონდათ.

„ფაქტ-მეტრის“ კვლევით, თორნიკე რიჟვაძე ან მთავრობის სხვა წევრები, გარკვეულ საკითხებზე, რამდენიმე ორგანიზაციას ხვდებოდნენ, მათ შორის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობის მიმართ კრიტიკული შენიშვნებით არ გამოირჩევიან. ხოლო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მთავრობის ამა თუ იმ ქმედებას აკრიტიკებდნენ და რეკომენდაციებსაც გასცემდნენ, თორნიკე რიჟვაძეს საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობა არ ჰქონია. მით უფრო, ორ თვეში ერთხელ, პირადად მთავრობის თავმჯდომარე მესამე სექტორთან შეხვედრებს არ მართავდა. ამდენად, ეს დაპირება არ შესრულდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია