რეზიუმე: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB).
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადამ კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ მილიარდი ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა კიდევ ერთი წლით გადაიწია. შესაბამისად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის ბიუჯეტი რამდენჯერმე შეიცვალა. თუ 2013 წელს აღნიშნული პროექტის დასასრულებლად 237 მილიონი ლარი იყო საკმარისი, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 4 ლოტის მშენებლობისთვის ჯამში 1 მილიარდი ლარია საჭირო და პროექტი, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, სავარაუდოდ 8 წლის დაგვიანებით, 2024 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში სულ 546 მილიონია დახარჯული ( 2020 წლის 8 თვის ჩათვლით).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ 2021 წლის ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა: „სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2013 წელს 237 მილიონი ლარი ჯდებოდა და 2016 წელს უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სულ ჯდებოდა 637 მლნ და 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, 2021 წლის ბიუჯეტით, ჯდება 1 მილიარდი და დასრულების ვადა 2024 წელია. ეს არის გზის ის მონაკვეთი, სადაც 40 მლნ პირდაპირ მოიპარა „ალტკომმა“. ეს არის გზის მონაკვეთი, რომელიც აშენდა წყალზე, ხიმინჯების გარეშე და წყალში იძირება“(1:57 წთ-დან).
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინანსების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB).
სამტრედია-გრიგოლეთის გზა - ლოტი I
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ.
პროექტით გათვალისწინებულია 26 მიწისქვეშა გასასვლელის და წყალგამტარი მილის მოწყობა და 8 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 3 ხიდი და 1 რკინიგზაზე გასასვლელი ხიდი-ესტაკადა.
ლოტი II
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე -18.5 კმ.
უნდ აშენდეს: 9 ხიდი, 3 სატრანსპორტო კვანძი, 76 სწორკუთხა მილი (მიწისქვეშა გასასვლელები, საქონლის და საველე გასასვლელები).
ლოტი III
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ.
უნდა აშენდეს: 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი, 65 სწორკუთხა მილი (მიწისქვეშა გასასვლელები, საქონლის და საველე გასასვლელები).
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-3 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.
ლოტი IV
სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.
აშენდება: 2 გზაგამტარი, ერთი სატრანსპორტო კვანძი, 42 მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი.
პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 237 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი აღნიშნული გზის მონაკვეთის ბიუჯეტი უკვე 633 მლნ ლარით განისაზღვრა და გზის მშენებლობის დასრულების ვადამ კიდევ სამი წლით გადაიწია. 2020 წლის ბიუჯეტით, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ჯამში 812 მლნ ლარი იყო გამოყოფილი და პროექტი 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასახელებული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სულ მილიარდი ლარია გათვალისწინებული და დასრულების სავარაუდო თარიღმა კიდევ ერთი წლით გადაიწია. შესაბამისად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის ბიუჯეტი რამდენჯერმე შეიცვალა. თუ 2013 წელს აღნიშნული პროექტის დასასრულებლად 237 მილიონი ლარი იყო საკმარისი, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 4 ლოტის მშენებლობისთვის ჯამში 1 მილიარდი ლარია საჭირო და პროექტი, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, სავარაუდოდ 8 წლის დაგვიანებით, 2024 წელს დასრულდება. პროექტის ფაქტობრივი ხარჯმა ( დაწყებიდან 2020 წლის 8 თვის ჩათვლით) 546 მილიონი ლარი შეადგინა.
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ოთხივე ლოტის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, რომელსაც კომპანია „სინოჰიდრო“ ახორციელებს. გზის თავდაპირველი პროექტის მიხედვით, გზა ბეტონის ხიმინჯებზე უნდა აშენებულიყო (რადგან ტერიტორია ჭაობიან ადგილს წარმოადგენს). კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას პროექტის შეცვლა მოითხოვა და ტერიტორიაზე ფითილები დაამონტაჟა. თუმცა ფითილების გამოყენებით გზის მშენებლობამ შედეგი არ გამოიღო და და გარკვეულ ადგილებში ჯდენები (დეფორმაცია, ზედაპირის დაწევა) წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა. იგივე სახის პრობლემა გზის მეოთხე მონაკვეთზეც დაფიქსირდა, რომლის სამუშაოებს ჩინური კომპანია „China Railway 23rd“ ახორციელებს.
საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც კომპანია „სინოჰიდროს“ პრობლემები შეექმნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის მიხედვით, უგანდას რესპუბლიკაში კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დასაქმებული მუშებისთვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ხელშეკრულების შეთავაზების ფაქტმა სკანდალი გამოიწვია. გამოძიებამ, რომელიც აფრიკის განვითარების ბანკის ჯგუფმა ჩაატარა, ცხადყო, რომ კომპანია თაღლითურ პრაქტიკაში იყო ჩართული. შესაბამისად, 2017 წლის ივნისში აფრიკის განვითარების ბანკმა „სინოჰიდრო“ შავ სიაში შეიყვანა.
სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ მონაკვეთზეც შეჩერებული იყო. გზის მშენებლობას უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ახორციელებდა და მშენებლობა ასევე 2016 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. დეპარტამენტმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა და საავანსო თანხის ამოსაღებად ( 18 338 910 ევრო) სამართლებრივ პროცედურებს დღემდე ახორციელებს. მონაკვეთის დარჩენილ სამუშაოებს კომპანია „აკორდი“ ასრულებს.
სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზეც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, სადაც მშენებლობა იტალიურ კომპანია „ტოდინს“ უნდა ეწარმოებინა. ისე რომ გზის მშენებლობა არც დაუწყია, კომპანიასთან დადებული კონტრაქტიც შეწყდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით (18 ივლისი), სამტრედია-გრიგოლეთის მეორე მონაკვეთის ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიან ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. დეპარტამენტისვე ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზეც სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობა, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა და მიწის ვაკისის სამუშაოები ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთზე წინა საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპი 2020 წლის თებერვლის ბოლოს გამოცხადდა. წინადადება 24-მა კომპანიამ წარადგინა, შემდგომი ეტაპი შესული წინადადებების შერჩევა-შეფასება იყო. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 24 თვეში უნდა დასრულდეს.
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, ირაკლი აბესაძის განცხადება არის სიმართლე.