იტვირთება

11 ოქტომბერს Facebook-ჯგუფში „კორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ✌“ დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოქვეყნდა. იდენტური პოსტი (ე.წ. screenshot-ის სახით) Facebook-გვერდმა „სტალინი“ 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მასალის თანახმად, იტალიაში მოხუცები ინექციით დააძინეს და ამით პენსიებზე გათვლილი თანხა დაზოგეს. პოსტის ავტორის თქმით, „იტალიას მიეცა შანსი და გაწმინდეს ქვეყანა, და თუ ეს მართალია, მაშინ იგივე მოელის სხვა ქვეყნებსაც“. პოსტის ავტორი აცხადებს, რომ ინფორმაცია იტალიელებისგან შეიტყო. აღნიშნული ინფორმაცია არავითარ სანდო მტკიცებულებას და ფაქტებს არ ემყარება და ის კორონავირუსის გარშემო არსებული კონსპირაციის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას ემსახურება.

Worldometer-ის თანახმად, იტალიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საკმაოდ მაღალია და ის დაახლოებით 84 წელს უდრის. პანდემიის პირველ ეტაპზე, იტალია იყო ევროპის მასშტაბით პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი ყველაზე სწრაფად გავრცელდა და თან სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი ახლდა. იტალიის შემთხვევის ანალიზმა აჩვენა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად დაღუპული პირებიდან აბსოლუტური უმრავლესობა ხანდაზმულები იყვნენ. ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იტალიაში კორონავირუსით 36 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და მათ შორის 85%-ზე მეტი 70 წლის ან უფროსი ასაკის პირი იყო. აღნიშნული შემთხვევის ამხსნელი ფაქტორებიდან ერთ-ერთი იტალიის დემოგრაფიული მდგომარეობაა. 2019 წლის მონაცემებით, იტალია არის მეორე ქვეყანა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ხანდაზმული მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში საკმაოდ მაღალია. სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს მოსახლეობის 22,8% 65 წლის და უფროსი ასაკის იყო.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის და აშშ-ს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადები 85 წლის ან უფროსი ასაკის პირები არიან. მათი თქმით, ხანდაზმული ადამიანები და განსაკუთრებით ისინი , ვისაც უკვე აქვთ ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, დიაბეტი ან/და გულსისძარღვთა პრობლემები, კორონავირუსით დაავადების უფრო დიდი რისკის წინაშე დგანან. როგორც წესი, აღნიშნულ მოწყვლად ჯგუფს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში უფრო მძიმე გართულებები უვლინდებათ და შემთხვევების ნაწილი სიკვდილითაც სრულდება.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევების ანალიზის მარტის შედეგებმა აჩვენა, რომ გარდაცვლილთა უმეტესობას ვირუსით დაინფიცირებამდე სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი სულ მცირე ერთი დაავადება უკვე აწუხებდა. მაგალითად, მაღალი წნევა, დიაბეტი, გულის დაავადებები და სხვა. ეს დაავადებები კი კორონავირუსმა უფრო დაამძიმა.

ამრიგად, მტკიცება, რომ იტალიაში მოხუცები ინექციით დააძინეს, რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოხუცების გარდაცვალებით იტალიამ ხელოვნურად შეამცირა საპენსიო დანახარჯები, შეთქმულების თეორიაა, ფაქტებს არ ეფუძნება და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფების მანიპულაციური ინტერპრეტაციაა. რეალურად, პანდემიის დაწყებიდან, იტალიამ კორონავირუსით ინფიცირებულების დასახმარებლად მრავალი ღონისძიება განახორციელა. ექიმებსა და ექთნებს პირდაპირი მითითება ჰქონდათ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით უფრო მოწყვლად ჯგუფებს მოპყრობოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ეფექტური სამკურნალო საშუალება და/ან ვაქცინა არ არსებობს, ბუნებრივია, ვირუსისადმი უფრო მოწყვლადი ჯგუფები განსაკუთრებით დაზარალდნენ და შემთხვევების ნაწილი სიკვიდილითაც დასრულდა.


მსგავსი სიახლეები

3539 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
7%

ყველაზე კითხვადი