ახალი კორონავირუსის გავრცელებას მსოფლიოში ადამიანების თვითიზოლაციასა თუ კარანტინში გადასვლა მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, სამსახურის გარეშე დარჩა, ზოგიც სახლიდან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. შედეგად, ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა გლობალურად იმატა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის შემთხვევები დაახლოებით 33%-ით გაიზარდა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში მიმართვიანობამაც მოიმატა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, ჯერ კიდევ აპრილში მოუწოდა ქვეყნებს, ოჯახში ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, შესაბამისი ზომები მიეღოთ.
საქართველოში 12 მარტიდან ყველა საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია გაიცა, ხოლო 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მუშაობას კვლავაც დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის გარკვეულწილად მომატებული რისკი კვლავაც არსებობს. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ რისკს პანდემიასთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორებიც ამწვავებს, როგორიცაა გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული სტრესი, სოციალური იზოლაცია და ა.შ.
მიუხედავად მსოფლიოში არსებული ტენდენციისა, საქართველოში განსხვავებული სურათია. პანდემიის პირობებში შსს-ს სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც ოჯახში ძალადობის მაჩვენებლებს ასახავს, მკვეთრი ცვლილებები არ არის. წელს, არსებული მონაცემებით, [1] შემაკავებელი ორდერების ყველაზე დიდი რაოდენობა აგვისტოში ფიქსირდება, ყველაზე მცირე - აპრილში. აღსანიშნავია, რომ აპრილის განმავლობაში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებდა, აგვისტოში კი შეზღუდვების დიდი ნაწილი უკვე აღარ არსებობდა.
გრაფიკი 1: ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერები ცალკეული თვეების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გრაფიკი 2: ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერები ცალკეული თვეების მიხედვით, 2018-2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სრული უმრავლესობა ქალია. 2020 წლის პირველ ნახევარში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 80%-მდე, ანუ ყოველი ექვსი შემთხვევიდან ხუთ შემთხვევაში, მსხვერპლი ქალია.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, მაჩვენებელს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში 3 642 შემთხვევა დარეგისტრირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 3 632, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3 335 შემთხვევა.
2020 წელს ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევების დინამიკა გვიჩვენებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (მარტი-მაისი), მაშინ როდესაც ყველაზე მკაცრი ზომები იყო ამოქმედებული, სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრირებული დანაშაულის მკვეთრი მატება არ დაფიქსირებულა. მეტიც, აპრილში ყველაზე ნაკლები, 370 დანაშაული დარეგისტრირდა. თუმცა, აპრილიდან ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული დანაშაულის მატების ტენდენცია აღინიშნება.
გრაფიკი 3: სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა) რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკა 2020 წელს ცალკეული თვეების მიხედვით
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გრაფიკი 2: სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა) რეგისტრირებული დანაშაულის დინამიკა 2018-2020 წლების იანვარ-აგვისტოს მონაცემებით
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ არსებული სტატისტიკური მონაცემებით საკითხის სრულყოფილი ანალიზი შეუძლებელია, პანდემიის პირობებში გლობალურად ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდის ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკა გარკვეულ კითხვებს აჩენს.
შსს-ს მიერ აპრილში გავრცელებული განცხადებით, პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა არ შეინიშნებოდა. პარალელურად, უფლებადამცავი ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ბოლო პერიოდში, მათ ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს. აღნიშნული გარემოება გარკვეულ ეჭვებს იწვევს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ აქვს ადგილი სტატისტიკური მონაცემების „შელამაზებას“, რის შესახებაც აქამდეც გვსმენია.
მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ექსპერტების განცხადებებიც იმასთან დაკავშირებით, რომ იზოლაციაში მყოფ ძალადობის მსხვერპლს სამართალდამცავი ორგანოებისთვის, და, ზოგადად, გარე სამყაროსთვის ხმის მიწვდენა უჭირს, რაც დანაშაულის სტატისტიკაზე ახდენს გავლენას. როგორც კავშირი „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქალების დიდ უმრავლესობას პოლიციის გამოძახებაც უჭირდა: „გვირეკავენ, ფრთხილად, როცა და როგორც მოახერხებენ და ყველას ეტყობა, რომ ძალიან დაბნეულები არიან. ვერ წყვეტენ, დაურეკონ პოლიციას და გვთხოვენ, თუ ძალიან დაეძაბებათ სიტუაცია, ჩვენ გამოვუძახოთ პოლიცია“, - განაცხადა მან აპრილში.
31 მარტს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდეს, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება შსს-ს ქმედებებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის, სამინისტროს მიერ აპრილში გაკეთებული განცხადების მიხედვით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მიზნით, პოლიცია ქუჩებში პატრულირებდა, რაც კიდევ უფრო მეტი დაცულობის განცდას უჩენდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. გარდა ამისა, 26 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ პანდემიის პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია მოეხდინა. „სერიოზული პრობლემა იყო თუნდაც ოჯახში ძალადობის შემთხვევები და ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები საქართველოში ყოფილიყო მინიმიზებული და ამ მიმართულებით ვცდილობდით, ყოფილიყო პროაქტიული მუშაობა“, - განაცხადა მან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, შსს-მ განმარტოს:
• რას შეიძლება განეპირობებინა ის, რომ პანდემიის გავრცელების პერიოდში გლობალურად ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, საქართველოში რეგისტრირებული შემთხვევების მაჩვენებელი არ გაზრდილა.
• რით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ უწყების მიერ აპრილში გაკეთებული განცხადების ფონზე (რომ პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ზრდა არ შეინიშნებოდა), უფლებადამცველი ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ მათ ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს.
• კონკრეტულად, რა ზომები მიიღო სამინისტრომ პანდემიის გავრცელების პერიოდში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.