იტვირთება

გიორგი კანდელაკი: წყალტუბოს სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად კომპანიებმა უტენდეროდ 1 122 256 ლარი მიიღეს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის სიმართლე

რეზიუმე: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ათი გამარტივებული შესყიდვა (CMR) განახორციელა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1 120 505 ლარი შეადგინა. გამარტივებული შესყიდვის საგანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში არსებული სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენდა. კორონავირუსის პანდემიის პრევენციისთვის სკოლებში არსებული სველი წერტილების გამართული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 16 სოფლის სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის შესყიდვას მხოლოდ 3 სექტემბერს, სწავლის დაწყებამდე 12 დღით ადრე ( სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო), გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „პანდემიის დაწყებიდან სწავლის დაწყებამდე მთავრობას სკოლის ჰიგიენური კვანძების მოსაწყობად ხუთ თვეზე მეტი ჰქონდა.მიუხედავად ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მთელი ეს თვეები ტენდერი არ გამოაცხადა და როცა სწავლის დაწყებამდე მხოლოდ დღეები რჩებოდა, „ფლანგვის დეტექტორის“ ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის 3 სექტემბერს, სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1 122 256 ლარი უტენდეროდ მიიღეს, 9-დან 8 კომპანიას წარსულში არც ერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული“.

„ფლანგვის დეტექტორის“ კვლევის მიხედვით, წყალტუბოს სკოლების სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა ჯამში 1 122 256 ლარი უტენდეროდ მიიღეს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ათი გამარტივებული შესყიდვა (CMR) განახორციელა (screen), რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1 120 505 ლარი შეადგინა. გამარტივებული შესყიდვის საგანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებში არსებული სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოადგენდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა აღნიშნული შესყიდვების ფარგლებში ხელშეკრულება შემდეგ კომპანიებთან გააფორმა: შპს „არია გრუპი“ (ორი ხელშეკრულება ჯამში - 220 731 ლარის), შპს „მიკო ბილდინგი“ (127484 ლარი), შპს“ დაგი (158 689 ლარი), შპს „ხაკო“ (143 190 ლარი), ი/მ აკაკი რობაქიძე (119 595ლარი), ი/მ მაკა მგელაძე (83 407 ლარი), შპს „ასა მოტორსი“ (147 004 ლარი), შპს „ბამა“ (34 051 ლარი) და შპს „იჟმშენი-96“ (86 351ლარი). ხელშეკრულების ფარგლებში სოფელ სორმონის, საყულიის, ოფშკვითის, გუმბრის, სოფელ წყალტუბოს, გეგუთის, მაღლაკის, ფარცხანაყანევის, ქვიტირის, ზედა მესხეთის, პატრიკეთის, დერჩის, საჩხეურას, ჟონეთის, მუხიანის და უკანეთის საშუალო სკოლების საველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რისთვისაც ხელშეკრულებების შესაბამისად, 47 კალენდარული დღე არის განსაზღვრული.

"ფლანგვის დეტექტორის” კვლევის მიხედვით, იმ ცხრა კომპანიიდან, რომელთანაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა, 8 არის ისეთი, რომელსაც მანამდე ან არცერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით საზრდოობდა, ან მაქსიმუმ 2 ტენდერში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, სადაც სანახევროდ კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე იმარჯვებდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც აგვისტოს თვეში უკვე ცნობილი იყო. კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით სკოლაში გასატარებელი რეკომენდაციების დიდი ნაწილი ჰიგიენის ნორმების დაცვასთან არის დაკავშირებული. ესეც რომ არ იყოს, კორონავირუსისგან თავის დაცვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ხელების ხშირი დაბანაა. აქედან გამომდინარე, პანდემიის პრევენციისთვის, სკოლებში არსებული სველი წერტილების გამართული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამის მიუხედავად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 16 სოფლის სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის შესყიდვას მხოლოდ 3 სექტემბერს, სწავლის დაწყებამდე 12 დღით ადრე ( სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო), გამარტივებული შესყიდვით ახორციელებს (ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, ბიუჯეტის სახსრების ეკონომიის შესაძლებლობა იქნებოდა). აღსანიშნავია ისიც, რომ გამარტივებული შესყიდვა გარკვეულ კრიტერიუმებს და წესებს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგ: გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს 5000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტის შესყიდვისას, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის, ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისთვის შეზღუდული ვადების არსებობის შემთხვევაში და სხვა.

ზემოთ განხილული შესყიდვების ღირებულება 5000 ლარს სცდება. სკოლებში სველი წერტილების გამართული მუშაობის საჭიროება უკვე მიმდინარე წლის მარტში იყო ცხადი. აქედან გამომდინარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს აღნიშნული შესყიდვები თუნდაც ივნისში რომ განეხორციელებინა, არც გადაუდებელი აუცილებლობა იქნებოდა და სამუშაოების ჩასატარებლად შეზღუდული დროც არ განისაზღვრებოდა. შესაბამისად, არც გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა დადგებოდა.

ზემოჩამოთვლილ გარემოებათა გამო, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის სიმართლე.

მთავარი ფოტო: ნეტგაზეთი


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3268 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი