იტვირთება

გორის მერი: ახალი ავტობუსები მუნიციპალიტეტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გადაეცემა

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება არის მცდარი

რეზიუმე: მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისთვის ახალი ავტობუსების გადაცემას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს. 30 ერთეული ტრანსპორტის ღირებულება მთლიანობაში 3 მლნ 800 ათას 500 ევროა. აქედან ადგილობრივი ხელისუფლების წილი 3 მლნ 292 ათას 633 ევროს შეადგენს, დანარჩენი 507 867 ევრო კი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაიხარჯება. სპეციალურად გამართულ საკრებულოს სხდომაზე გორის მერის თხოვნა დააკმაყოფილეს და კონსტანტინე თავზარაშვილს აღნიშნული თანხის სესხად აღების ნებართვა მისცეს. გორის მერიის ინფორმაციით, ერთი ერთეული ახალი ავტობუსის ღირებულება დაახლოებით 106 ათასი ევრო ჯდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ წელს დააანონსა,რომ 2020 წლის შემოდგომიდან გორს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლებოდა და მას საჩუქრად სახელმწიფოსგან მიიღებდა.


ანალიზი
გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტს საჩუქრად 30 ახალი ავტობუსი გადაეცემოდა. „გორს გადმოეცემა 30 ახალი ავტობუსი, აქედან 18 ავტობუსი იქნება-8 მეტრიანი, 12 კი 10 მეტრიანი. ისინი მოემსახურებიან როგორც ქალაქს, ისე სოფლებს. ამის დაფინანსება ხდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ“- აღნიშნა გორის მერმა.

გორის მერიამ ახალი ა(ა)იპ-ის შექმნაზე მუშაობა დაიწყო და აღნიშნულის განსახორციელებლად კანონში შესაბამისი ცვლილება შევიდა. ამჟამად, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო“ უკვე რეგისტრირებულია, რომლის ხელმძღვანელად გორის ყოფილი მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი დაინიშნა. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი გამოიყო, რაც ჯირკველიშვილის თქმით, თავდაპირველად ოფისის მოწყობას, მის ტექნიკითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დარიცხული ხელფასი 1600 ლარი იქნება, ა(ა)იპის წლიური ბიუჯეტი, როგორც მერიაში ვარაუდობენ, 2 მლნ-მდე ლარით იქნება განსაზღვრული. ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკსა და სხვა დეტალებზე მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით ინფორმაცია არ გააჩნია. უწყების ინფორმაციით, ავტობუსების შემოყვანისთანავე ხელი სათანადო ხელშეკრულებას მოეწერება და შესაბამისი ვალდებულებებიც თან იქნება დართული. პარალელურად, ავტოსადგომი ახალი ავტობუსებისთვის უკვე აშენდა, რისთვისაც 951 000 ლარი დაიხარჯა. ობიექტამდე მისასვლელი გზის მოწყობა კი მუნიციპალიტეტს 400 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

ვიდრე გორში ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გორი-კასპის ოლქში და ყოფილი გუბერნატორი შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილი, მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს მისი მუშაობის პერიოდში ერთ-ერთ მიღწევად აფასებს და ამ გადაწყვეტილებას ცენტრალურ ხელისუფლებასთან მის მჭიდრო კომუნიკაციასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვას უკავშირებს. სახელმწიფოს „საჩუქარი“ გორელებს ხოჯევანიშვილმა გუბერნატორობის 2 წლიანი ანგარიშის წარდგენის დროსაც შეახსენა.

რეალურად, გორის მერია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 მლნ 292 ათას 633 ლარს სესხულობს, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს. თანხის დარჩენილ ნაწილის (507 867ევრო) გადახდაზე კი, ვალდებულებას სახელმწიფო იღებს. ახალი ავტობუსებისთვის ცენტრალური ხელისუფლების წილი დაახლოებით 13%-ია. თანხის დიდ ნაწილს გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფარავს (2030 წლამდე).

ეს საკითხი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი, რა დროსაც საკრებულოს წევრებმა მერის თხოვნა განიხილეს და კონსტანტინე თავზარაშვილს 10-წლიანი სესხის აღების ნება დართეს.

„მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს, გორის მუნიციპალიტეტის სახელით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან აიღოს 3 მლნ 292 ათას 633 ევროს ოდენობის სესხი, საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის შესყიდული ავტობუსების მიღების მიზნით და გააფორმოს თანდართული ხელშეკრულება“,- წერია საკრებულოს განკარგულებაში.

ვიდრე გორში ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი ტრანსპორტის საკითხს ონლაინ დისკუსიებით განიხილავს. მათ ნაწილს აინტერესებს, რატომ გახდა საჭირო და აუცილებელი ამდენი ავტობუსის შეძენა ვალით, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს. დათვლილია, თუ - არა, მგზავრების საშუალო ოდენობა დღეში და მოძრაობის მარშრუტები/გრაფიკი? გორელებმა ონლაინ დისკუსიაში მერიის წარმომადგენელს ავტობუსების საჩუქრად გადაცემის პირობაც შეახსენეს.

მერიას დეტალებზე პასუხები ჯერჯერობით არ გააჩნია, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უფრო მეტი სათანადო ხელშეკრულების გაფორმების (მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალიტეტებს შორის) მომენტში ეცოდინებათ. მერიის ინფორმაციით, 6 საათის შემდეგ, კერძო ტრანსპორტის მოძრაობას, მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს, ახალი ტრანსპორტის შემოყვანით კი გორში ეს პრობლემა გადაიჭრება. თუმცა რა დაუჯდება ეს ყველაფერი ბიუჯეტს, იმ ა(ა)იპ-ისთან ერთად, რომელიც უკვე შეიქმნა და სადაც დაახლოებით 110 ადამიანი დასაქმდება, ეს ჯერ უცნობია. მერიის ინფორმაციით, იგეგმება სფეროს სუბსიდირება, მომავალი წლისთვის კი საორიენტაციოდ 1მლნ 600 ათასი ლარით იქნება წარმოდგენილი. ეს თანხა წლების განმავლობაში, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ სერვისში, რომელიც გორელებს აქამდე უფასოდ ჰქონდათ, ახლა თანხის გადახდა და 10 წლის განმავლობაში 3 მლნ ევროზე მეტის დაფარვა მოუწევთ.

ის რომ ავტობუსები მუნიციპალიტეტს საჩუქრად უნდა გადასცემოდა და ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა, გორის მერიც ადასტურებს. თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ რატომ ვერ გახდა შესაძლებელი გასულ წელს მიღებული პირობის შესრულება. მხოლოდ მოსახლეობის საჭიროებებზე მიუთითებს და ფიქრობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, ამ მომენტისთვის, სხვა გზა ვერ გამოიძებნა.

კონსტანტინე თავზარაშვილი არ უარყოფს, რომ მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის საჩუქრად გადაცემას ელოდებოდა, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, თავზარაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაში პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, ფინანსური კუთხით მონაწილეობა მუნიციპალიტეტმაც მიიღოს.

გორის მუნიციპალიტეტის მერია 10 წლის განმავლობში 30 ავტობუსისთვის საჭირო თანხის დიდ ნაწილს დაფარავს, რაც დაახლოებით მთლიანი ღირებულების 85% -ია.

"ჩვენ ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც გვჩუქნის, იმან აღარ გამოიმეტა საჩუქრად. ამიტომ 10 წლიან სესხს ვიღებთ. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოიძია დონორი, ამ შემთხვევაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. არ გადმოგვცეს საჩუქრად, ალბათ ასე უფრო მისაღებია იმ ბანკისთვის და ჩვენი მონაწილეობაც გახდა საჭირო. 10 წლიან სესხს ვიღებთ, რას ვიზამთ, საჭირო იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, მოსახლეობას უნდა შევუმსუბუქოთ ეს პრობლემა", - ამბობს გორის მერი.

მუნიციპალიტეტი ახალი ავტობუსების ჩუქებას მთელი წელი ელოდებოდა, საბოლოოდ გაირკვა, რომ 30 ავტობუსის ღირებულების თითქმის 85% მუნიციპალიტეტმა უნდა დაფაროს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები ახალი ა(ა)იპ-ის შესაქმნელად უკვე გაიღეს, ახლა ავტოსადგომის ასაშენებლად და 10 წლიანი სესხის დასაფარად კი ემზადებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსების საჩუქრად გადაცემის დაპირება, რომელიც გასულ წელს გაიცა, სიცრუე აღმოჩნდა. ამის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი ორგანიზაციის შენახვა და სესხად აღებული თანხების დაფარვა 2030 წლამდე, საკუთარი გადასახადებიდან, თავად გორელებს მოუწევთ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3268 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი