დეზინფორმაცია: ერდოღანმა ბათუმი თურქულ ტერიტორიად მოიხსენია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე:

Facebook გვერდ „თურქეთი ოკუპანტია“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ისტორიული ტერიტორიები - მათ შორის ბათუმი - რეფერენდუმის შედეგად თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს, ყალბია. სინამდვილეში რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება რეგიონში არსებულ კულტურულ და ისტორიულ კავშირებს ეხებოდა. თურქეთის პრეზიდენტის ამავე გამოსვლაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულ საზღვრებს პატივს სცემს.


ანალიზი:

2020 წლის 7 ოქტომბერს Facebook გვერდმა „თურქეთი ოკუპანტია“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც 2016 წლის 15 ოქტომბერს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტში გამოსვლას ეხება. პოსტის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა ბათუმი თურქულ ტერიტორიად მოიხსენია. „ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ე.წ. „ეროვნული შეთანხმებით“ (Misak-ı Millî) დადგენილი საზღვრები მოიცავს კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერგულს, კირკუმს, ბათუმს, თესალონიკს, ქარდაჯალს, ვარნასა და ეგეოსის კუნძულებს“. ამასთან, პოსტში ნათქვამია, რომ „ჯერ კიდევ 2016 წელს, რიზეს უნივერსიტეტში გამოსვლისას, ერდოღანმა ბათუმი ფაქტიურად „თურქულ ტერიტორიად“ გამოაცხადა“.





სოციალურ ქსელებსა და პრორუსულ მედიებში მსგავსი შინაარსის ინფორმაცია წლების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა (იხილეთ წყარო 1, წყარო 2).

„თურქეთი ოკუპანტიას“ გამოქვეყნებულ პოსტში, წყაროდ მოყვანილია ბერძნული გამოცემა Ekathimerini-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია. Ekathimerini-ს მითითებულ სტატიაში მართლაც წერია, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ ეროვნული შეთანხმება გაიხსენა და განაცხადა, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში თურქეთის ტერიტორიულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომლითაც ამ ტერიტორიების ბედი გადაწყდება. სტატიის მიხედვით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ამ შეთანხმების მიხედვით ბათუმი, სხვა ქალაქებსა და ტერიტორიებთან ერთად, თურქეთის ტერიტორიად მიიჩნევა.

თუმცა, სტატიის თარგმნისას, „თურქეთი ოკუპანტია“ სტატიის ბოლოში გაკეთებულ შენიშვნას უგულებელყოფს, სადაც აღნიშნულია, რომ სტატიაში მოცემული ციტატის ნაწილი დამახინჯებულია: „საინფორმაციო სააგენტომ, მას შემდეგ რაც გაარკვია რომ კორესპონდენტმა დამახინჯებულად დაწერა ერდოღანის გამოსვლის შესახებ და რეფერენდუმთან დაკავშირებითაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, სტატია დარედაქტირდა და განახლდა“. ასევე, სააგენტომ სამსახურიდან გაათავისუფლა სტატიის ავტორი ჟურნალისტი.


როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტიდან ირკვევა, სინამდვილეში რიზეს უნივერსიტეტში სასწავლო წლის გახსნით ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ისტორიულ კავშირებზე (ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან) ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურული ურთიერთობის გამო, ამ რეგიონის ხალხებს შორის მჭიდრო კავშირებია.

გამოსვლაში რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიის ქალაქ მოსულში მიმდინარე ოპერაციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ თურქეთი მუდამ მხარს დაუჭერს ჩაგრულებს: „თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც მუდამ გულში იკრავდა დაზარალებულებსა და დაჩაგრულებს და არც ახლა მიატოვებს თავის მონათესავე ხალხს“. ამავე კონტექსტში პრეზიდენტმა საუბარი რეგიონში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე გააგრძელა და განაცხადა: „ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდება გულის საზღვრისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ფიზიკურ საზღვრებს, თუმცა გულზე საზღვარს ვერ გავავლებთ“. ამ სიტყვებით პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთი მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ იქნება და უპირველესად, აქ სირიაში მიმდინარე ამბებს გულისხმობდა.

ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა ახსენა საქართველო, უკრაინა, ყირიმი, აზერბაიჯანი, ყარაბახი, ბალკანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იმის აღსანიშნავად, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან თურქეთს ისტორიული ურთიერთკავშირების გამო განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. მან რიტორიკული კითხვა დასვა: „შესაძლებელია ბათუმის რიზესგან გამოყოფა“? „შესაძლებელია ედირნეზე ფიქრი სალონიკისგან განცალკევებით?“. ამ შეკითხვებით ერდოღანმა კულტურულ კავშირებს გაუსვა ხაზი და ახსნა, თუ რატომ არის რეგიონში მდებარე სახელმწიფოებთან ურთიერთობა თურქეთისთვის და თურქი ხალხისთვის პრიორიტეტული.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოხმაურება თბილისშიც მოჰყვა, რაზეც საქართველოში მაშინდელმა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენჩ გუმრუქჩუმაც გააკეთა განცხადება. „პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“ -, განაცხადა თურქეთის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში.

შესაბამისად, Facebook გვერდ „თურქეთი ოკუპანტიას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მცდარია და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის გზით, ანტითურქული განწყობებისა და ერებს შორის შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად.



თეგები: