იტვირთება

არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. აჭარაში არსებული ეპიდვითარება კი კვლავ დაძაბულია. ახალი ინფიცირებულების რაოდენობა, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო 24 საათში ერთხელ გვიცხადებს, რეგიონში კვლავ 200 ადამიანს აღემატება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია, რესტორნები საღამოს 10 საათიდან დილამდე - დაკეტილი, ბათუმში არსებული კაზინოები, რომლებშიც ასეულობით მოქალაქე იყო დასაქმებული, რამდენიმე თვეა, რაც აღარ მუშაობს. ქორწილებისა და სხვა რიტუალების აღნიშვნა აკრძალულია. სუპერმარკეტებსა და აგრარულ ბაზრებს მომხმარებელი თითქმის აღარ ჰყავს. ტანსაცმლისა და სხვა არაპირველადი მოხმარების საგნებს ფაქტობრივად, აღარავინ ყიდულობს.

ბოლო რამდენიმე თვეა, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ბათუმში აქციებს პერმანენტულად მართავენ. მთავარი მოთხოვნა, რომელიც მათ ხელისუფლების მიმართ აქვთ, თვეების განმავლობაში დახურული ობიექტების გახსნა და საბანკო ვალდებულებებზე შეღავათების დაწესებაა.

აქციის მონაწილეების ტრანსპარანტებზე ის მესიჯებია, რომლებიც მათ მდგომარეობას ეხმიანება: „დაგვაბრუნეთ ჩვეულ რიტმში“, „მოვითხოვთ არსებობის საშუალებას“, „მასწავლეთ, როგორ ვარჩინო ოჯახი 200 ლარად“...

სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები აჭარის ა/რ მთავრობის შენობასთან მივიდნენ და ათპუნქტიანი მოთხოვნა მიიტანეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარეს შეძახილებით მიმართავდნენ, გარეთ გამოსულიყო და მოქალაქეებს შეხვედროდა.

აქციის პირველმა დღემ ისე ჩაიარა, რომ თორნიკე რიჟვაძე პროტესტში მონაწილე მოქალაქეებთან არ გამოსულა. ისმოდა შეძახილები: „თორნიკე, გამოდი!“ და „რიჟვაძე, ხალხს დაგველაპარაკე!“ თუმცა ამ შეძახილებს მთავრობის თავმჯდომარე არ გამოხმაურებია. შვიდმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო და ის ღამე მთავრობის სახლის წინ, კარვებში გაათენა.

როგორც გაირკვა, საღამოს, უკვე სამუშაო საათების შემდეგ, აქციის ერთ ერთი მონაწილე მთავრობის თავმჯდომარემ სახლში მიიღო. შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. აქციის მეორე დღეს კი, თორნიკე რიჟვაძე მოშიმშილეებთან მაშინ მივიდა, როცა აქციის სხვა მონაწილეები ტერიტორიაზე ჯერაც არ იმყოფებოდნენ.

ეკა მგელაძე: „დღეს ვნახეთ რიჟვაძის გვერდზე ვიდეო, რომ გუშინდელ აქციის მონაწილეს, მოხუც ქალბატონს წუხელ სახლში შეხვდა. უთხრა, მოდი მთავრობის სახლთან და შეგხვდებითო. თან ვიდეო გადაიღო რიჟვაძემ, თავისი პიარისთვის და თავის გვერდზე დადო. ჩვენ დავაკომენტარეთ, აქ ვართ ამდენი ადამიანი და რატომ არ გვხვდებიო. დღეს, როცა აქ მხოლოდ შვიდი მოშიმშილე ვისხედით, აქციის დაწყებამდე, გამოვიდა ვიღაც წარმომადგენელი და გვითხრა, რომ შევსულიყავით ეს მცირე ჯგუფი. არ დავთანხმდით. ამის შემდეგ გამოვიდა რიჟვაძე, შემოგვთავაზა, რომ რამდენიმე ადამიანი შევსულიყავით. ვთხოვეთ, 3 საათზე მოვლენ აქციის მონაწილეები და თვითონ გამოსულიყო, ეთქვა თავისი სათქმელი და იცით, რა გვიპასუხა? მე აქ ვერ „ჩავიცუცქებიო“. ამას გვეუბნება ბატონი რიჟვაძე! რა გამოდის, მთელი ღამე ქუჩაში გავათიეთ და იმიტომ მოვედით აქ, რომ ჩავიცუცქოთ? არ უნდა ხალხთან შეხვედრა. უნდა, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვხვდეს. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შევხვდით, გავაცანით ჩვენი მდგომარეობა და მოთხოვნები. მოგვიტანა მერე სახლში პროდუქტი, „წითელი ჯვარი“ იყო ყუთებზე“. მადლობა ამისთვის, მაგრამ აღარ გვინდა ეს წიწიბურა და მაკარონი. ვითხოვთ, დაგვაბრუნონ სამსახურებში და ბანკის ვალები გაგვინულონ“.

მოგვიანებით ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქცია ოპოზიციის მიერ იყო მართული, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მიეკუთვნებიან და პოლიტიკოსებისთვის დახმარება არ უთხოვიათ. პრინციპში, აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ შეიმჩნეოდნენ, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები იყვნენ, რომლებსაც საზოგადოების ნაწილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერებად მიიჩნევს. თუმცა მოთხოვნები, რომლებიც აქციის მონაწილეებს აქვთ, პოლიტიკურ სარჩულს არ საჭიროებს, ცხადია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ყველა მოქალაქეს გაუუარესდა, მით უფრო, ვინც უკვე თვეებია, სამსახურის გარეშე დარჩა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები კი ასეთია:

„საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადება 0%-ით, წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტის ჩამოწერა; სახელმწიფო საკომპენსაციო თანხის მომატება და გაგრძელება; ქირით მცხოვრებთათვის დახმარება; ბავშვების დაბრუნება სკოლებში; მოგვეცით გადაადგილების საშუალება; დაგვიბრუნეთ საპენსიო დანაზოგი; გახსენით საზღვრები; დაგვიბრუნეთ სამუშაო ადგილები; ქვეყანა დააბრუნეთ ჩვეულ რიტმში“.

მეორე დღეს აქცია სამი საათიდან გაგრძელდა. მთავრობის მოთხოვნა, რომ ათკაციან ჯგუფებს შეხვდებოდა, კვლავ განმეორდა. აქციის მონაწილეების აზრი ორ ნაწილად გაიყო. ერთი ჯგუფი მთავრობის წინადადებას დათანხმდა, მეორე კი დაჟინებით მოითხოვდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გარეთ გამოსულიყო და თავისი სათქმელი ყველასთვის ეთქვა. თუმცა ნაწილმა შეთავაზება მიიღო და მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა.

შეხვედრიდან გამოსულებმა დანარჩენ მონაწილეებს უთხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძემ „ღია კარის“ დღე გამოაცხადა და ყველას მოუსმენდა, ოღონდ მცირე ჯგუფებად უნდა შესულიყვნენ. ამ წინადადებამ სიტუაცია დაძაბა. ნაწილს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ეს „სუსის მეთოდია“ და ამით მთავრობას პროტესტის მონაწილე მოქალაქეების გახლეჩვა და აქციის „გამოხშირვა“ უნდა, „ათკაციან ჯგუფებთან“ შეხვედრებით კი მთავრობა მხოლოდ დროს იგებს და რეალურად არაფრის მოგვარებას არ აპირებს.

ნანა კუხალაშვილი: „რესტორან „შუმერულში“ ვმუშაობდი. მუსიკოსი ვარ, საღამოს 8 საათიდან ვიწყებდით მუშაობას და ახლა 10-ზე რომ იკეტება, რა აზრი აქვს ამ შეზღუდვას? ახლა რა ვქნა? ვერ ვიხდი ვერანაირ გადასახადს. გამოვიდეს მთავრობის თავმჯდომარე, რატომ უნდა ცალკე შეხვედრა მცირე ჯგუფთან? რაც მე უნდა მითხრას, ყველას უთხრას ეს. ხალხი მთავრობას აღარ ენდობა და მე, უცხო ადამიანს, დამიჯერებს? თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, უკვე დასაკარგი არაფერი გვაქვს. დღეს დემონსტრაციულად ვიხსნი პირბადეს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კორონასგან თავის დაცვას, შიმშილი დაგვხოცავს მაინც“.

ასლან ვარშალომიძე: „მიკროავტობუსის მძღოლები ვართ აგერ, ყველას პრობლემა შეგვექმნა. არანაირი შემოსავალი არ გვაქვს, ბანკები პროცენტებსა და ჯარიმებს გვარიცხავს. ხალხი ხომ დადის მაღაზიებში, იქ არაა კორონა? ან დაგვაბრუნონ სამუშაო რეჟიმში, ან ყოველდღიურად მოგვცენ საარსებო საშუალება. ასე როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება? თუ არ იკეთებენ პირბადეს, გააკონტროლონ, დააჯარიმონ. არც სხვაგან იცავენ წესებს, მაგრამ ხომ აძლევენ მუშაობის საშუალებას. თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს, ეს აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. დღეს აქ თითო ადამიანი ვართ ოჯახიდან, ხვალ მეტი მოვალთ, ყოველდღე მოგვემატება. სხვა გზა არ გვაქვს. ეს ბოლო ამოსუნთქვაა. თვითონ ხომ უვლიან ოჯახებს, ჩვენც გვყავს ოჯახები“.

გულნაზი ხასაია: „წინა აქციაზე რომ ვიყავით, სასურსათო კალათები დაგვირიგეს. ეგონათ, აღარ გამოვიდოდით. რატომ უნდა მეთქვა უარი, მთავრობის სახლიდან დამირეკეს, დახმარებაა თქვენთვისო. რომ მოვედი, გადმოაწოდეს ყუთი, რომელსაც „წითელი ჯვარი“ ეწერა. კი დაგვეხმარნენ, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, დღემდე ბინა არ მაქვს, ვმუშაობდი კაზინოში და ასე ვარჩენდი ოჯახს. მარტოხელა დედამ, რომელსაც ორი შვილი მყავს, როგორ გავართვა თავი ყველა ხარჯს?“

გიორგი გორგილაძე: „ეს აქცია ინტერნეტით დავაორგანიზეთ ადამიანებმა, რომლებიც უმუშევრები დავრჩით. ჩვენ არ გვყავს არც სხვა ორგანიზატორი და არც დამფინანსებელი. პოლიტიკისგან აბსოლუტურად თავისუფალია და არც გვითხოვია დახმარება. ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მოგვეცეს მინიმალური საარსებო საშუალება, რათა დავრჩეთ სახლებში. არ გვაქვს პრეტენზია, რომ აღდგეს ისეთი სამსახურები, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ეს ყველაფერი კარგად გვესმის, ვიცით, რომ ადამიანები არ უნდა შეეწირონ ამ პანდემიას, მაგრამ სახლში დარჩენის საშუალება აღარ გვაქვს, 200 ლარად ვერ ვარჩენთ ოჯახებს. 3 000 ლარი დამაწერეს წინა ექვსი თვის გადავადებაში. ბინის დაცლას როდის მომთხოვენ, არ ვიცი. იპოთეკური ლომბარდით მაქვს დატვირთული. ვერავინ პასუხს ვერ გვცემს. წინა აქციაზე, ორსაათიანი მცდელობის შემდეგ, ფუტკარაძე [აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი] შეგვხვდა, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ გამოვიტანეთ. თავიანთი ხელფასებისთვის არაფერი მოუკლიათ და ჩვენ რა დავაშავეთ, ყველაფერმა ჩვენს ზურგზე რომ უნდა გადაიაროს? სადაა მთავრობის პასუხისმგებლობა? გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ყველამ ერთნაირად! - ამას მოვითხოვთ ჩვენ და არა იმ შეზღუდვების მოხსნას, რომლებიც საჭიროა ადამიანების, მათ შორის, ჩვენი ხანდაზმულების დასაცავად“.

კითხვაზე, მოგვარდება, თუ - არა პრობლემები, პასუხი უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ჯერ არ მიუღიათ. მანამდე კი აქცია შეწყდა. ამ ეტაპზე, შიმშილობას მხოლოდ ერთი პირი აგრძელებს. დანარჩენი მოქალაქეები აცხადებენ, რომ კვირის ბოლომდე მოიცდიან და თუ მთავრობა მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებს ვერ გადაჭრის, აქციებს განაახლებენ.


მსგავსი სიახლეები

3268 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი