დეზინფორმაცია: ვენაში ექიმები კოვიდ-აფიორას აპროტესტებენ

ვერდიქტი: "ფაქტ-მეტრის" დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი

2020 წლის 19 სექტემბერს Facebook-ჯგუფებში „ანტი-მასონობაანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი(NOW); ანტი-ეკუმენიზმი“ და „კორონა აფიორა“ Facebook-მომხმარებლის Nina Marji-ის პოსტი გავრცელდა აღწერით - „ათასობით ექიმი გამოვიდა ვენაში სოლიდარობის ნიშნად იმ ექიმებისა, რომლებიც აპროტესტებენ კოვიდ აფიორას!!! სირცხვილი ქართველ ექიმებს!!!!“, რომელსაც თან „Wochenblick“-ის სტატია ერთვოდა. აღნიშნულ პოსტს სექტემბრის თვეში, ყალბი Facebook-ანგარიში Kote Afxazi სხვა Facebook-ჯგუფები აზიარებდა: „კორონა მაფია“, „ანტილიბერალური სივრცე“, „Photo-Fact GEORGIA”, „პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“, „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ 6504 ძვ წ“. აღნიშნული ინფორმაცია „სტალინის“ გვერდმაც გამოაქვეყნა. სინამდვილეში ვენაში აქცია მართლაც გაიმართა, თუმცა, ზემოაღნიშნული გვერდები აქციის გამართვის რეალურ მიზეზს ამახინჯებენ და მანიპულირებენ, თითქოს დემონსტრანტები კორონავირუსს გამოგონილად მიიჩნევენ.

ავსტრიული გაზეთი „Wochenblick”-ის სტატიაში, რომელსაც Facebook გვერდები და ანგარიშები მანიპულაციურად იყენებენ, აღწერილია 17 სექტემბერს ქალაქ ვენაში გამართული აქცია. სტატიის თანახმად, ვენაში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და სამედიცინო ასოციაციის წინ შეიკრიბა, რათა "სამედიცინო ასოციაციის მიერ დისკრიმინირებული ექიმებისთვის", პეარ აიფლერისა და კონსტანტინა როშკისთვის, სოლიდარობა გამოეცხადებინა.

„Wochenblick“-ის სტატიის თანახმად, ექიმი აიფლერი ცნობებს გასცემდა, რომლებიც პაციენტებს პირბადის ტარების ვალდებულებისგან ათავისუფლებდა. ამ ფაქტის გამო სამედიცინო ასოციაცია მისთვის ექიმის ლიცენზიის ჩამორთმევას განიხილავს.

მეორე ექიმი, ვის მხარდასაჭერადაც აქცია გაიმართა, გრაცის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმი კონსტანტინა როშია. ის უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან. ექიმის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად პაციენტის მხრიდან როშის მომსახურებით უკმაყოფილება სახელდება. ამასთანავე, როში კორონავირუსის აქტიურ კრიტიკოსად მოიხსენიება. ის პირბადეების ხმარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ „პირბადეები გამოიყენება მხოლოდ დამცირებისა და კონტროლისთვის და მათი ტარება მორჩილების ნიშანია“.

2020 წლის 17 სექტემბერს, ვენაში სამედიცინო ასოციაციის წინ ნამდვილად გაიმართა სოლიდარობის აქცია, რომლის მიზანიც ზემოთ დასახელებული ექიმების მხარდაჭერა იყო. თუმცა, ავსტრიული გაზეთი არ წერს, რომ აქციაზე ექიმები შეიკრიბნენ. ამასთანავე, ავსტრიული გაზეთის ცნობით, აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და არა ათასობით, როგორც ამას ქართულ Facebook-ში გავრცელებულ პოსტებში წერენ.

ქართულ Facebook-ჯგუფებში გავრცელებული პოსტი, რომ „ვენაში ათასობით ექიმი კოვიდ აფიორის გასაპროტესტებლად შეიკრიბა“ სიმართლეს არ შეესაბამება და ფაქტებით მანიპულირებაა.

თეგები: