დეზინფორმაცია: 5G ანტენებმა ხეების გახმობა და ადამიანებში ტკივილები და წნევის ცვალებადობა გამოიწვია

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, აღნიშნული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

ანალიზი

გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა 5G ინტერნეტთან დაკავშირებით მორიგ მანიპულაციას ავრცელებს. მოროშკინას თქმით, საქართველოში ათასობით 5G-ის ანტენების დამონტაჟება კარანტინის პერიოდში მოხდა, რათა ადამიანებს ამ 5G სიხშირისთვის ხელი არ შეეშალათ. მისი მტკიცებით, ანტენების დაყენებას ადამიანებში მომატებული ტკივილები და წნევის ცვალებადობა დაემთხვა.

მოროშკინა ვარაუდს გამოთქვამს, რომ შესაძლოა წიწვოვანი ხეებიც გახმა რადიაციის შედეგად, როდესაც 5G ანტენები სატესტო რეჟიმში ჩაირთო. მეტიც, „ადამიანებს ისეთი თავის ტკივილები და წნევები ჰქონდათ, საავადმყოფოები მიღებას ვერ აუდიოდნენ. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი ფსიქიკური აშლილობა ხალხში, ყველა მძღოლი როგორ ერთიანად გაგიჟდა? რატომ იქცნენ მამები მკვლელებად და რატომ გახშირდა ოჯახური კონფლიქტები? თითქოს ბინდი ეფარებათ თვალებზე ადამიანებს იმიტომ, რომ უარყოფითი, მძიმე ენერგეტიკა არის მომატებული. ასეთ ცვლილებებს ადამიანებში მაგნიტურ-რეზონანსული სიხშირეები იწვევს“. მისი აზრით, ეს ყოველივე ერთმანეთთან კავშირშია. ლალი მოროშკინას მტკიცებები დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს წარმოადგენს და არავითარი სიმართლის მარცვალი მათში არ არის.

არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ.

4G დაახლოებით 6 გიგაჰერცის სიხშირეს იყენებს, ხოლო 5G 30-დან 300 გიგაჰერცამდე არეალში გადაეცემა. თუმცა 30-დან 300 გიგა ჰერცამდე სიხშირეს საკმარისი ენერგია არ აქვს, რომ ქიმიური ბმები გაწყვიტოს ან ადამიანის სხეულთან კონტაქტის დროს ელექტრონები ორბიტიდან მოწყვიტონ. შესაბამისად, 5G-ის რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევენ. ავსტრალიის რადიაციისგან დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს თანახმად, მსგავსი გავლენა მხოლოდ ბევრად ძლიერ ულტრაიისფერ, X-გამოსხივებასა და გამა-გამოსხივებას შეუძლიათ, რომლებიც იონიზებად რადიაციას გამოსცემენ.

გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების სააგენტოს (Ofcom) მიხედვით, 5G-სგან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური რადიაცია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან შედარებით 66-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად, 5G ლალი მოროშკინას მიერ დასახელებულ პრობლემებს არ იწვევს და მტკიცებები გამოგონილია.

მეტიც, პანდემიის დასაწყისში და საყოველთაო ჩაკეტვის/კარანტინის პერიოდში, რაზეც ლალი მოროშკინა საუბრობს, საქართველოში 5G ინტერნეტი არ არსებობდა. კარანტინის დასრულების შემდეგ, მაისში, „ფაქტ-მეტრი“ კომუნიკაციების კომისიას დაუკავშირდა და მათ დაადასტურეს, რომ იმ პერიოდისთვის საქართველოში 5G-ის ანტენები ჯერ არ დამონტაჟებულა. როგორც ცნობილია, საქართველოში 5G ანტენების სატესტო რეჟიმში დამონტაჟება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრმა“ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა და ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენს მკითხველს დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას 5G ინტერნეტის გაშვების თარიღისა და გავრცელების არეალის შესახებ.

თეგები: