იტვირთება

კახა კალაძე: დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: კახა კალაძის განცხადების პასუხად, სტატიაში მოყვანილია რამდენიმე ბოლო წლებში გახმაურებული საქმე/მაგალითი, რომლებში არსებული გარემოებებიც განსხვავებული აზრის/პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნადაა შეფასებული.

ანალიზი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან.

„დღეს უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანაში უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. ჩვენ კარგად გვახსოვს ის წლები, თუ რა დამოკიდებულება იყო იმ ადამიანებისა და ოჯახების მიმართ, ვისაც ჰქონდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები. დღეს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო ადამიანები არ იდევნებიან“, - განაცხადა მან.

სტატიაში მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის მერის განცხადება არის ტყუილი.

ია კერზაიას საქმე

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, იმავე წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით იყო გადაყვანილი.

ია კერზაიას გარდაცვალებამდე, 9 ნოემბერს, მე-6 საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა, რომლის დასკვნითაც, სკოლაში მძიმე დარღვევები გამოვლინდა.

ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, დედამისის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი აღნიშნული ინსპექცია გახდა, რაც პოლიტიკურ პროცესებთან იყო კავშირში. კერძოდ, შენგელიას განცხადებით, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ „ოცნებისთვის“ იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, „დამოკიდებულება შეიცვლებოდა“. „სინამდვილეში ეს იყო არა შემოწმება, არამედ ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა”, - წერდა შენგელია Facebook-ზე.

აღსანიშნავია, რომ 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე „დანაშაულის არარსებობის გამო“ გამოძიება შეწყდა.

მოგვიანებით, 2019 წლის ნოემბერში სახალხო დამცველმა კერზაიას საქმის შესწავლა დაასრულა და დაადგინა, რომ საქმეში სისტემური ხარვეზები გამოვლინდა. ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

2019 წლის 6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ია კერზაიას საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

ბაჩანა შენგელიას საქმე

მიმდინარე წლის 19 ივნისს ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტომ ქსელიდან ის პროგრამა გამოურთო, რომლითაც ის სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა. შენგელია განმარტავდა, რომ კანონმდებლობით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი, ავადმყოფობის გამო, შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს 30 ივნისის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა დაევალა, გადაწყვეტილება 15 ივლისამდე არ აღსრულდა.

გარდა ამისა, 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. სამინისტროს მიერ შენგელიასთვის გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ ის Facebook-ზე მიკერძოებულ პოლიტიკურ შეხედულებებს საჯაროდ ამჟღავნებდა და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) ბაჩანა შენგელიას სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ის ნორმა გაასაჩივრა, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს. ორგანიზაცია შენგელიას წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნოტარიუსებისთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა მძიმე კატეგორიის გადაცდომად 2020 წლის მაისამდე არ ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, როგორც საია-ს იურისტები განმარტავენ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, ხომ არ არის ეს ბაჩანა შენგელიას დასჯისთვის მიზანმიმართულად დაწყებული პროცესი, რომელსაც არანაირი სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია.

ბაჩანა შენგელიას საქმეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც გამოეხმაურა, რომლის განცხადების მიხედვითაც, შენგელიას წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება მიკერძოებისა და ანგარიშსწორების აღქმას აჩენს.

ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერებას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაშიც და აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურ დევნადაც შეფასდა. „პრაქტიკულად იგივე გზა გაიარა, რასაც ეს ხელისუფლება, ბატონი გახარიათი დაწყებული, განათლების მინისტრით გაგრძელებული, 2018 წელს ახორციელებდა ბაჩანა შენგელიას დედის წინააღმდეგ. ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელი ფაქტი ღია პოლიტიკური დევნის, რომელზეც საჭიროა რეაგირება", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის თქმით, თავის დროზე შენგელია ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეობიდან პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო, მისი ძალისხმევით გაათავისუფლეს. ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ 2017 წელს წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთო კრებას თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ შემომწირველი კანდიდატი, მარიკა გოგოლაძე წარუდგინა. მარიკა გოგოლაძე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 12 000 ლარი შესწირა, თავმჯდომარის თანამდებობას 2017-2020 წლებში იკავებდა.

ანა სუბელიანის და თამაზ ახობაძის საქმე

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში, რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლდნენ. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება გააპროტესტეს.

2017 წლის სექტემბერში სააპელაციო სასამართლომ ცენტრს მათი კონკრეტულ პოზიციებზე აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალა. სასამართლომ დაადგინა, რომ დასაქმებულები გათავისუფლდნენ კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან სუბიექტური დამოკიდებულების გამო, რომელიც არ იყო კავშირში დასაქმებულების მუშაობის ხარისხთან და მათ კომპეტენციასთან.

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, ამ ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მის შესრულებაზე უარი თქვა. ცენტრის განმარტებით, თამაზ ახობაძის პოზიციაზე 2017 წლიდან სხვა პირი იყო დასაქმებული, ხოლო ანა სუბელიანის პოზიცია გაუქმებული იყო.

გარდა ამისა, მოგვიანებით გაირკვა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ახობაძის თანამდებობაზე აღდგენას შეეხებოდა, მის სამუშაო ადგილზე დანიშნულმა პირმა გაასაჩივრა და მისი საჩივარი დაკმაყოფილდა. თუმცა, 2018 წლის 23 ივლისს თამაზ ახობაძემ უზენაეს სასამართლოში სამინისტროს დავა კიდევ ერთხელ მოუგო.

2018 წელს სუბელიანმა იუსტიციის სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა შეწყვიტა და, მისი თქმით, იმაზე ნაკლებ კომპენსაციას დათანხმდა, ვიდრე ეკუთვნოდა.

ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრში თანამდებობაზე 2019 წლის მარტში აღადგინეს, თუმცა სამსახური მან მალევე დატოვა, რამდენადაც, მისი განცხადებით, „ცენტრში მუშაობა არაკომფორტული იქნებოდა წულუკიანისა და ცენტრის განცხადებების გამო“.

კორცხელის ინციდენტი

2016 წლის 22 მაისს, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების დროს, კორცხელის საარჩევნო უბანთან მისულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თბილისიდან ჩასული სპორტსმენები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შედეგად, დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მიიღო, მათ შორის - გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ.

ენმ-ის წევრების განცხადებით, დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ „ზონდერჯგუფები“ მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, დაპირისპირების მონაწილეებმა თავად დაადასტურეს, რომ მართლაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ.

კორცხელის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა, სამოქალაქო აქტიურობის შედეგად, ფაქტი უფრო მძიმე დანაშაულად გადაკვალიფიცირდა და საბოლოოდ 5 პირს ბრალი 239-ე მუხლით წარედგინა, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო ერთ პირს ბრალი უფრო დაუმძიმდა (239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი).

ბრალდებულებს, პროკურატურის მოთხოვნის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეეფარდათ.

ინციდენტს გამოხმაურება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ (მაგალითად, იხ. ბმული 1; ბმული 2) მოჰყვა. იმავე წელს, GDI -მ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა, რომელშიც წერია, რომ „ინციდენტი და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენები სახელმწიფოს მხრიდან აზრის/პოლიტიკური შეხედულების და არჩევანის თავისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებების განხორციელების საფუძვლიან ეჭვს აჩენს“.

გარდა ამისა, ISFED-ის 2016 წლის ანგარიშში აღინიშნა, რომ კორცხელის ინციდენტში ხელისუფლების მხრიდან შერჩევითი მიდგომის ნიშნები იკვეთება.

ძალადობრივი ინციდენტები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური თავდასხმები გახშირდა.

29 სექტემბერს, გვიან ღამით, მარნეულში მომხდარი ინციდენტისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და „მთავარი“ არხის კორესპონდენტი დაშავდნენ. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პირველი არხის“ ოპერატორს და კამერა დაუმტვრიეს. „მთავარი“ არხის ინფორმაციით, მათ კორესპონდენტს თავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ.

„ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც საოლქო კომისიასთან, ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვი მივიდა და ვითარების გარკვევას ცდილობდა, ამ დროს იქ იმყოფებოდა „ოცნების“ წარმომადგენელი ამირან გიორგაძეც. მათ შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყო, რაზეც „მთავარის“ ჟურნალისტმა გიორგაძეს შეკითხვა დაუსვა - „თქვენ დეპუტატს კითხეთ“- უპასუხა გიორგაძემ ჟურნალისტს.

პირველი არხის ინფორმაციით კი, როგორც ამ არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.

როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ შსს-მ ორი პირი დააკავა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ინციდენტში, ტრადიციულად, ოპოზიციას ადანაშაულებენ და მომხდარს პროვოკაციას უწოდებენ (იხ. ბმული 1; ბმული 2).

27 სექტემბერს, გლდანულაში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ქვები და კვერცხები დაუშინეს. მელიას განცხადებით, თავდასხმის უკან მმართველი გუნდი დგას და მსგავსი ქმედებები სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან არის წახალისებული.

ასევე, 27 სექტემბერს, ბოლნისის სოფელ ნახიდორში რამდენიმე პირს თავს დაესხნენ. დაპირისპირებისას შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. როგორც ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია „პირველთან“ ამბობს, მას თავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ. როგორც ის ყვება, ადგილობრივ ჩაიხანასთან ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათთან „ოცნების“ მხარდამჭერები, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი მეშველიანის ძმა მივიდნენ და თავს დაესხნენ. გოგი მეშველიანი ბრალდებას უარყოფს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

ფოტო: ipress.ge


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3718 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი