დეზინფორმაცია: კორონავირუსი ბილ გეითსისა და ენტონი ფაუჩის მიერ კარგად დაგეგმილი აფიორაა

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

ანალიზი:

ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. Facebook გვერდი „სტალინი“ აქვეყნებს პოსტს, სათაურით, “საიდუმლო მასალები და ექიმის სკანდალური აღიარება – ვინ და როგორ დაგეგმა კორონავირუსის მსოფლიო ბლეფი“. პოსტი რაშიდ ბუტარის მიერ YouTube არხ Next News Network-ის ეთერში გაჟღერებულ შეთქმულების თეორიას ავრცელებს - თითქოს კორონავირუსი ბიზნესმენ ბილ გეითსისა და აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორის, ენტონი ფაუჩის, მიერ კარგად დაგეგმილი აფიორაა.

რაშიდ ბუტარი ცნობილია იმით, რომ ხშირად ავრცელებს შეთქმულების თეორიებს, არის ვაქცინების მოწინააღმდეგე და ალტერნატიული მედიცინის მიმდევარი. ის ამერიკული ავტორიტეტული სამედიცინო ინსტიტუტების მიერ სამედიცინო თაღლითობაში არაერთხელაა შემჩნეული. ბუტარს 2015 წელს ონკოლოგიური პაციენტების პირველადი დათვალიერების გარეშე მკურნალობა და ძვირადღირებული, დაუდასტურებელი მედიკამენტების დანიშვნა ედებოდა ბრალად. Next News Network კონსპირაციულ თეორიებსა და ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს. მაგალითად, მათ ეკუთვნით დეზინფორმაცია, თითქოს ჰილარი კლინტონს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, რაც ყალბი ამბავი აღმოჩნდა.

ბუტარი ამტკიცებს, რომ ფაუჩიმ კორონავირუსის მოსალოდნელი პანდემიის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს იცოდა. არგუმენტად ფაუჩის 2017 წლის განცხადება მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ იქნება პანდემია, რომელსაც ახლანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოესწრება. საკუთარი თეორიის გასამყარებლად ბუტარი აღნიშნავს, რომ თუ კორონავირუსი წინასწარ განზრახული არ იყო, შეუძლებელია, ფაუჩის სცოდნოდა, რა მოხდებოდა სამი წლის შემდეგ.

რაშიდ ბუტარის აღნიშნული განცხადება კონტექსტის დამახინჯებაა. რეალურად, 2017 წელს, ენტონი ფაუჩიმ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში არა მომაკვდინებელი პანდემიის, არამედ, ზოგადად, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ინფექციური დაავადებებისადმი მზადყოფნის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის საფუძვლად კი თავისი 32-წლიანი გამოცდილება მიიჩნია, რამაც აჩვენა, რომ ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მინიმუმ ერთი ინფექციური დაავადების კრიზისი გამოსცადა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ფაუჩიმ კორონავირუსის შესახებ 2017 წელს იცოდა,უსაფუძვლოა.

პოსტში ასევე გვხვდება მტკიცება, რომ ბუნებაში არ არსებობს ვირუსი, რომელსაც შეუძლია, კორონავირუსივით მარტივად გავრცელდეს. ბუტარი თვლის, რომ კორონავირუსი ქიმიურად შექმნილი კომბინირებული ვირუსია, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული ნაწილებისგან შედგება. მისი თქმით, ის რაღაც იმდაგვარს ჰგავს, რაც ამერიკაში უკვე იყო შექმნილი. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ პანდემიის დასაწყისიდანვე მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათ გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მეცნიერების მტკიცებით, COVID-19-ს ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია - აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა.

თეგები: