გიორგი კანდელაკი: ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ააყვავებდა წყალტუბოს და ის აივსებოდა ტურისტებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ გიორგი კანდელაკის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს
რეზიუმე: 2019 წლის 29 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინების პროექტის დაწყება დააანონსა. მისი განცხადებით, ის წყალტუბოში არსებულ 22-ვე სანატორიუმს და 9 აბანოს საკუთარი სახსრებით გამოისყიდიდა და მათ რეაბილიტაციას განახორციელებდა. ასევე, მისი დაპირების მიხედვით, პროექტი რეგიონში 15 000-20 000 ადამიანს დაასაქმებდა. ივანიშვილის განცხადებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და დღემდე პროექტის შესახებ არანაირი დეტალი არ არის ცნობილი. განხორციელდება, თუ - არა, ივანიშვილის მიერ დაანონსებული „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“ გადაჭრით თქმა შეუძლებელია. ფაქტი ის არის, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში რაიმე აქტივობის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაჟღერებულა და შესაბამისად, რეალურად პროექტის განხორციელება არც დაწყებულა. ბიძინა ივანიშვილს პროექტის დაანონსებისას, სამწუხაროდ, პროექტის განხორციელების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა და პროექტის ფარგლებში ჯერჯერობით არაფერი დაწყებულა, გიორგი კანდელაკის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.
ანალიზი
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ქალაქი რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მმართველობით, ქუთაისთან ერთად, არის წყალტუბო. „ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ააყვავებდა წყალტუბოს, იქ დაცარიელებულ სასტუმროებს ხელახლა გახსნიდა და წყალტუბო აივსებოდა ტურისტებით. ყველა სხვა დაპირებასთან ერთად ეს დაპირებაც აღმოჩნდა ტყუილი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
2019 წლის 29 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს აღორძინების პროექტის დაწყება დააანონსა. „ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია: მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
როგორც ივანიშვილი აცხადებდა, იგი წყალტუბოში მდებარე უკლებლივ ყველა, 22-ვე სანატორიუმს და 9 აბანოს გამოისყიდიდა და მათ სრულ რეაბილიტაციას, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში (საპარტნიორო ფონდმა წყალტუბოს, როგორც სამედიცინო გამაჯანსაღებელი სპა კურორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა (შვეიცარული, საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ), რომლის ფარგლებში წყალტუბოში დამატებით ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, რესტორნები უნდა აშენებულიყო) მოახდენდა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მზად იყო, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ობიექტები ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენზე გაესხვისებინა გარკვეული ფასდაკლებით, უფრო მეტიც, „მნიშვნელოვანი ფასდაკლებით“. ასევე ის აცხადებდა, რომ მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნებოდა საუბარი.
ივანიშვილის განცხადებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და დღემდე პროექტის შესახებ არანაირი დეტალი არ არის ცნობილი. წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე (სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“) მხოლოდ 15 სასტუმროა, დანარჩენი შვიდი სასტუმრო პრივატიზებულია. ოფიციალური ინფორმაციით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 ობიექტის ფასი 47.5 მლნ ლარია. დღემდე უცნობია, წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები ბიძინა ივანიშვილს რა თანხად გადაეცემა. „ქონების შეთავაზება მოხდება საბაზრო ფასად,თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დადგინდება აუქციონის პირობებით, ღია მოთხოვნა-მიწოდების პირობებში“,- აცხადებდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში არსებული სანატორიუმების ერთიან პაკეტად გასხვისება რამდენჯერმე სცადა. ბოლო ასეთი მცდელობა 2019 წლის ოქტომბერში იყო, როდესაც სააგენტომ აუქციონზე ხუთი სანატორიუმი გაიტანა, ერთიანი პაკეტის ჯამურმა ღირებულებამ 21 მილიონი ლარი შეადგინა. აუქციონს შედეგი არც ამ ჯერზე მოჰყოლია. ობიექტებზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა. მინისტრის განცხადებიდან გამომდინარე, რამდენად მოახდენს მოთხოვნის არარსებობა გავლენას ბიძინა ივანიშვილისთვის მისაყიდი სანატორიუმების ფასის ფორმირებაზე, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე წლის მაისში ქუთაისში სტუმრობისას წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებულ კითხვას ეკონომიკის მინისტრმა აბასთუმნის მაგალითით უპასუხა: „ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე და კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება“.
წყალტუბოს „ბადენ-ბადენად“ ქცევის გეგმა მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა (იხილე „ფაქტ-მეტრის“ სტატია), თუმცა როგორც ყოფილი პრეზიდენტი აცხადებდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს იდეა მოკლა“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში წყალტუბოში გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები (12 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი - 37 მილიონი დოლარის ღირებულებით) განხორციელდა, თუმცა აღნიშნულ პროექტებს წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისად წყალტუბო „ბადენ-ბადენად“ ვერ იქცა. განხორციელდება, თუ -არა, ივანიშვილის მიერ დაანონსებული „წყალტუბოს აღორძინების პროექტი“, გადაჭრით თქმა შეუძლებელია. ფაქტი ის არის, რომ ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში რაიმე აქტივობის შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გაჟღერებულა და შესაბამისად, პროექტი არც დაწყებულა. ამის დასტურია პრემიერის განცხადებაც, რომელიც მან წყალტუბოში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას გააკეთა: „ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ახალი ინიციატივის - წყალტუბოს განახლების პროექტის მხარდაჭერის, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყება“.
ფოტო: იმედი