იტვირთება

ერთ თვეზე მეტია, რაც აჭარის რეგიონი ნამდვილ ცხელ წერტილად იქცა. ყოველი დილა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციებით იწყება. მოსახლეობას სხვა სასაუბრო თემა თითქმის აღარ დარჩა. მოქალაქეები, მათ შორის ისინიც, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, საკუთარ მოსაზრებებს სოციალური ქსელებით ავრცელებენ და პირადად გადახდენილ თუ მოსმენილ ამბებს აქტიურად განიხილავენ.

იმ პაციენტებს შორის, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს, ან ამ ეტაპზე ჯერაც ინფიცირებული არიან, არაერთი მედიკოსია. საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას სწორედ ეს იწვევს - რა მოხდება, თუ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება? ათასობით კოვიდპაციენტის მართვას ისედაც ვერ აუდიან და პერსონალის დეფიციტი სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს.

საკუთარ გამოცდილებაზე, შიშსა და მოლოდინზე ფაქტ-მეტრს ის ადამიანები ესაუბრებიან, რომლებსაც კოვიდთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდათ.

ნანა შერვაშიძე, ექიმი: „მედალფაში ვიყავი, მართლა ყველა წესი დაცული იყო, ჰიგიენა, დეზინფექცია, უსაფრთხოება... პერსონალი ძალიან ყურადღებიანია. ჩემს შემთხვევაში, თავიდანვე ტესტირების გამო შეიქმნა პრობლემა. დამირეკეს, რომ კოვიდდადებითი ხართო. გადამიყვანეს მედალფაში და სამ დღეში მითხრეს, ტესტი დაზიანდაო. მოკლედ, ჯერ ვიმკურნალე და მერე დამიდასტურდა. დაკარგული მქონდა გემოსა და ყნოსვის შეგრძნება, ტემპერატურა ნორმის ფარგლებში იყო და სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა. პანდემიის მართვა ძნელია. ხალხიც დაუმორჩილებელი ვართ. მედიკოსები, რომლებსაც სახლში კოვიდინფიცირებულები ჰყავთ, სამსახურში დადიან და პაციენტებთან კონტაქტი აქვთ. სამედიცინო პერსონალი აკეთებს ამას და ყველგან ასეა. ამას რომ ვერ შეიგნებს ადამიანი, ვერ გაითავისებს, რა არის კოვიდი და პანდემია, რა უნდა მოსთხოვო მერე სახელმწიფოს? არ ჯერა ხალხს და ამდენი რესურსი იხარჯება, ამდენი კლინიკა გადავსებულია, საკარანტინო ზონები და კოვიდსასტუმროებია და მაინც ვერ გაითავისა ხალხმა. ბევრი ეპიდემიოლოგი, რომლებიც ქალაქში სიტუაციას მართავდნენ, თვითონ დაინფიცირდნენ, რამდენიმე საკმაოდ მძიმე ფორმაში მოხვდა კლინიკებში. მერე მართვა გადააბარეს სხვას და ისინი ისე ვერ მართავენ სიტუაციას, როგორც ეპიდემიოლოგები. გაწყდა მართვის ჯაჭვი და ყველაფერი აირია“.

სიტუაცია რომ აირია, ამის შესახებ არაერთი ადამიანი საუბრობს, რომლებსაც, ჯანმრთელობის გამო პრობლემები შეექმნათ, მაგრამ კლინიკებმა მათ მიღებაზე უარი თქვეს. მაგალითად, სოფო ნაგერვაძე ფაქტ-მეტრს უყვება, როგორ მივიდა ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში შვილთან ერთად, რომელიც მოწამლული იყო. სოფო თავს თვითონაც ცუდად გრძნობდა, ამიტომ, როცა ბავშვს სისტემა დაუდგეს, თვითონ ინფექციურ საავადმყოფოში წავიდა.

„წავედი ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრში, სადაც არ მიმიღეს. მითხრეს, რომ არ ვიყავი მათი პაციენტი. იქიდან გადავედი Bau International Hospital-ში. უკვე სუნთქვა უფრო მეტად მიჭირდა, როგორც კი მიმღებში შევედი, ექიმმა აგრესიულად მკითხა, აქ რა გინდაო. ავუხსენი სიმპტომები, მითხრა, რომ ცხელების ცენტრში გადავსულიყავი. ვუპასუხე, რომ კოვიდპაციენტი არ ვიყავი, მაგრამ მაინც არ გამიწია დახმარება და მომთხოვა, კლინიკა დამეტოვებინა. მომდევნო კლინიკაში მისვლამდე შეიძლება გონება დავკარგო, ძალიან ცუდად ვარ, ნერვიულობის ფონზე უფრო ცუდად გავხდი, მას შემდეგ რაც 112-ში დავაპირე დარეკვა, ექთნებმა დამაწვინეს საკაცეზე, გამიზომეს ტემპერატურა, რომელიც ნორმაში იყო. დაახლოებით, ნახევარი საათი ვიწექი იქ ისე, რომ არავის შემოუხედავს. როგორც კი თავი ცოტა უკეთ ვიგრძენი, წამოვედი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ასევე ცხელების ცენტრში მიპირებდენ გადაყვანას. უარი ვთქვი და ჩემს შვილთან დავბრუნდი. კოვიდი არ მქონდა და სხვა პრობლემას არც განიხილავდნენ. შემდეგ გაუარესდა ჩემი მდგომარეობა. დავურეკე კლინიკა ევექსის ოჯახის ექიმს. საბოლოოდ ნეფროზული სინდრომი დამიდგინდა და სასწრაფოდ გადამიყვანეს თბილისში“, - გვითხრა სოფო ნაგერვაძემ.

აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღება გაუჭირდა ჩვენს კიდევ ერთ რესპნდენტს, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა. ამიტომ კოვიდზე ტესტი აიღო. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, როცა პასუხს დააგვიანდა, თვითონ მოიკითხა. გაარკვია, რომ ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ კვლავ უფიქსირდებოდა მაღალი ტემპერატურა. ითხოვდა საავადმყოფოში გადაყვანას, რადგან იზოლაციის საშუალება არ ჰქონდა. ამბობს, რომ ტესტის პასუხს არ ენდო და გადამოწმება გადაწყვიტა. ფილტვების გამოკვლევა სურდა, მაგრამ არც ერთ კლინიკაში არ მიიღეს. საბოლოოდ, ბევრი მცდელობისა და ახლობლების ჩარევით, ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, ტესტი განმეორებით გაუკეთეს. პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. ის უკვე გაეწერა და მკურნალობას ბინაზე განაგრძობს. ამბობს, რომ კოვიდთან დაკავშირებით სიტუაცია კლინიკებში იმდენად ქაოსურია, რომ თუ ვინმე არ შეაწუხე, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, ფსიქიკური მდგომარეობაც დაგენგრევა.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს, რომ მისი ოჯახის სამ კოვიდინფიცირებულ წევრს, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია, რამდენიმე საათი დაატარებდნენ სასწრაფო დახმარების მანქანით და ცდილობდნენ, რომ რომელიმე კლინიკაში მოეთავსებინათ. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, ოჯახის სხვა წევრები რამდენიმე დღეა, ამაოდ ითხოვენ, რომ მათთან ვინმე მივიდეს და ტესტირება ჩაუტაროს. არაერთგზის რეკავენ შესაბამის ნომრებზე და მოლოდინის რეჟიმში არიან.

ფაქტია, რეგიონში ინფიცირებულების რიცხვი ყოველდღიურად 200-ს აღწევს და უკვე აღემატება კიდეც, 600 საწოლფონდზე გათვლილი რესურსი საკმარისი აღარაა და კლინიკებს პაციენტების მიღება და განთავსება უჭირთ. ამასთანავე, უკვე რამდენიმე დღეა პერსონალიც და მოქალაქეებიც კითხულობენ, რატომ არ ჩამოჰყავთ ეპიდემიოლოგები აჭარაში მედიკოსების დასახმარებლად. დღეს ყველაზე მწვავედ სწორედ ამის დეფიციტი დგას. ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლის თანახმადაც ინფექცია გადამდებია რვა დღის განმავლობაში, ამიტომ პაციენტებს კლინიკიდან მეათე დღეს უკვე უშვებენ. ეპიდემიოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მეთოდი მხოლოდ კლინიკებში ადგილების გამოთავისუფლებისა და სტატისტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენეს. მაგალითად, 30 სექტემბერს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აჭარის კლინიკებიდან 700-ზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა და ამ ფაქტს იმედისმომცემი უწოდა. როგორც ერთ-ერთი კლინიკის პერსონალმა გვითხრა, მათი დაწესებულებიდან პაციენტები ისე გაწერეს, რომ ტესტირებაც არ ჩაუტარებიათ და განუცხადეს, რომ ამას რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კლინიკებიდან ახალი პროტოკოლის თანახმად, მერვე დღეს გაწერილი პაციენტები კიდევ რამდენიმე დღე ბინაზე იმკურნალებენ და ტესტირება ამის შემდეგ ჩატარდება. ამ შემთხვევაში, საგანგაშო არაფერია, რადგან მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში პაციენტები კლინიკებში მედიკამენტოზურ მკურნალობასაც კი არ გადიან და სხვა ყველა პროცედურა მარტივად შეიძლება, ბინაზე განხორციელდეს. სწორედ ამ მეთოდის გამოყენებას ითხოვდა საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებისგან გაცილებით ადრე, თუმცა მაშინ ეპიდსიტუაციის მართვის მეთოდებში ეს კონკრეტული მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

არაერთი პაციენტი ჩვენთან საუბრისას ყვება, რომ მათ კლინიკაში ყოფნის დროს არანაირი მედიკამენტი არ მიუღიათ.

სალომე ჭანიშვილი: „17 სექტემბერი იყო, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასეთი ამბავი. პასუხი 24 საათში მივიღეთ. მხოლოდ მე და ჩვენს ერთ შვილს დაგვიდასტურდა. თუმცა ბავშვების პასუხები უფრო გვიან შეგვატყობინეს. სასწრაფო დახმარებამ მითხრა, როგორც კი თავისუფალი ეკიპაჟი იქნება, მოვალთო. მოსვლამდე ხშირად მეკონტაქტებოდნენ და ამბავს მეკითხებოდნენ. მოვიდა ექვსი-შვიდი საათის შემდეგ და გადამიყვანეს სასტუმროში. მეორე დღეს წამიყვანეს კლინიკა „მედალფაში“ და ჩამიტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. რადგან ფილტვებზე არანაირი მიზეზი არ მქონდა, კვლავ სასტუმროში დამაბრუნეს. ჩემი შვილის ტესტის პასუხიც რომ დადებითი აღმოჩნდა, ის ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს და მეც მოკლე დროში გადამიყვანეს ბავშვთან. არანაირი სიმპტომი არ გვქონდა არც ერთს. მედიკამენტოზური მკურნალობა არ დაგვჭირდა. ერთი კვირა ვიყავით კლინიკაში. ბავშვს რენტგენი გადაუღეს და ყოველდღიურად კეთდებოდა სისხლის ანალიზი. ძალიან ყურადღებიანი პერსონალი იყო. ისე ახლობლებისგან მეც ხშირად მესმის, რომ გარკვეული პრობლემები შეხვდათ. ალბათ, ჩვენ როცა დაგვიდასტურდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასეთი დაძაბული სიტუაცია. მე უფრო სტრესი მქონდა, ვნერვიულობდი ოჯახის წევრებზე, თანამშრომლებზე... მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ვმუშაობ და დამეწყო ნერვიულობა, თანამშრომლებს ხომ არ გადავდე-მეთქი. ამ ეტაპზე მაინც თვითიზოლაციაში ვარ, ამის საშუალება მაქვს“.

დღეს აჭარაში სიტუაცია ნამდვილად უფრო დაძაბულია, ვიდრე სექტემბრის დასაწყისში იყო. ბოლო მონაცემებით (01. 10. 2020) რეგიონში 241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (ყოველდღიურად მზარდია). კოვიდპაციენტების მიმღებ ცხრა კლინიკაში სულ 515 პაციენტი მკურნალობს. 24 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კოვიდკარანტინში 869 პირი იმყოფება, ხოლო 700-მდე პაციენტი ბინაზე მკურნალობს.

აჭარაში ამოქმედდა ორი ონლაინკლინიკა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინკლინიკებმა კონსულტაცია 700-მდე მოქალაქეს გაუწიეს. ჯამში, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 1 300-ზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ კოვიდის გავრცელების დღიდან, ვირუსი დაუდასტურდათ სათნოების სახლ „სავანეში“ მცხოვრებ მოხუცებსა და პერსონალს, სულ 30 პირს.

აჭარაში, პანდემიის გამოცხადების დღიდან, კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელითაც მთავრობა რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციის განმუხტვას ცდილობს, უფასო ტესტირების შეზღუდვაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტესტების მარაგიც იწურება და სწორედ ამიტომ, უფასო ტესტირება მხოლოდ იმ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ, რომლებიც კოვიდინფიცირებულების ახლო კონტაქტებს ან მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ასევე, აქვთ კოვიდვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სხვა მსურველებს კი სწრაფ ტესტში - 50 ლარის, ხოლო PCR ტესტში 150 ლარის გადახდა მოუწევთ.

უფასო ტესტირების კამპანიამ სამედიცინო დაწესებულებებთან უმართავი რიგები გამოიწვია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ზრდიდა. გარდა ამისა, ლაბორატორიებიდან პასუხი იგვიანებდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, რომლებმაც იცოდნენ, რომ დათქმულ დროში მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დაურეკავდნენ, ამ ვადის გასვლის შემდეგ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ეკონტაქტებოდნენ სხვა ადამიანებს. მათ ჩათვალეს, რომ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. დათქმულ ვადაზე რამდენიმედღიანი გადაცილებით კი შეატყობინეს, რომ კოვიდდადებითები იყვნენ. დღეს ისინი კოვიდპაციენტები არიან, მათ კონტაქტებს კი ეპიდემიოლოგები იკვლევენ და სახელმწიფო ამაში კიდევ უფრო მეტ რესურსს ხარჯავს.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, სიტუაცია სტაბილურია. მისივე თქმით, რა სახით გაგრძელდება მომავალში შემაკავებელი ღონისძიებები, ამას, ყოველდღიური შემთხვევებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს.

ფოტო: PCR ტესტის რიგი ბათუმში


მსგავსი სიახლეები

3288 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი