იტვირთება

დეზინფორმაცია: მამაკაცი, რომელიც დათვმა დაგლიჯა, კორონავირუსით გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

2020 წლის 28 სექტემბერს, საინფორმაციო სააგენტოებმა „ნიუპოსტმა“, Ridate.com-მა და Metronome.ge-მ გამოაქვეყნეს სტატია სათაურით - „მამაკაცი, რომელიც დათვმა დაგლიჯა, კორონავირუსით გარდაცვლილად გამოაცხადეს“. აღნიშნული სტატიები Facebook-ჯგუფებში გავრცელდა: „მე მიყვარს საქართველო“, „Intellect Club”, „პოზიტივი“, „ექსკლუზივი“, „uMedia”. სტატიებში აღნიშნულია, რომ 67 წლის ბერნარდ რასელი, სახლის მახლობლად ლაშქრობისას, გრიზლი დათვმა დაგლიჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამაკაცს სასიცოცხლო ორგანოები მნიშვნელოვნად ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ქართული სააგენტოების თანახმად, ექსპარტიზამ დაადგინა, რომ ცხოველის მსხვერპლი ამავდროულად კოვიდინფიცირებული იყო და ალიასკის რეგიონალური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ის კორონავირუსით გარდაცვლილთა სიას მიამატა. სტატიებში აღნიშნულია, რომ ინფორმაციას Anchorage Herald-ი ავრცელებს. მოცემული ფაქტები რეალობას არ შეესაბამება და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

ქართული სააგენტოების სტატია 2020 წლის 25 სექტემბერს World News Daily Report-ზე გამოქვეყნებულ სიახლეს ეყრდნობა: „ალიასკა: კაცი, რომელიც გრიზლი დათვმა ცოცხლად შეჭამა, Covid-19-ით გარდაცვლილად ჩათვალეს“. World News Daily Report-ის სტატიაში აღნიშნულია: „მიუხედავად იმისა, რომ დათვის მსხვერპლს არანაირი ტესტი არ ჩატარებია, ის კორონავირუსით გარდაცვლილად ჩათვალეს“.

ინფორმაციის ნამდვილობის შთაბეჭდილების შესაქმნელად, როგორც ორიგინალ World News Daily Report-ის, ისე ქართულენოვან სტატიებში მოცემულია ექიმ ალან უაითის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს: „შესაძლოა გრიზლი დათვს იზიდავს კორონავირუსის სუნი, რომელიც გადადის ჰაერში მოძრავი ნაწილაკების მეშვეობით. მამაკაცი ცოცხალი გადარჩებოდა თვითიზოლაციის წესები რომ დაეცვა. თუ ხალხი COVID-19- ის წინააღმდეგ ბრძოლის უბრალო სანიტარულ ზომებს პატივს არ სცემს, ეს ტრაგიკული შემთხვევები, შესაძლოა, განმეორდეს”.

სინამდვილეში, სტატიაში ნახსენები Anchorage Herald-ი არ არსებობს (რეალურად ალიასკაში არსებობს საინფორმაციო სააგენტო Anchorage Daily News, რომელზეც მსგავსი შინაარსის ახალი ამბავი საერთოდ არ არის განთავსებული). Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ონლაინ-მედია პლატფორმას და მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, World News Daily Report-ი სატირული ვებგვერდია. World News Daily Report-ს თავადაც აქვს განმარტება განთავსებული, რომ ის სატირული ჟანრისაა: „World News Daily Report-ი თავის თავზე იღებს ყველა სახის პასუხისმგებლობას სტატიებისა და მათი შინაარსის სატირულ და გამოგონილ ხასიათზე. ყველა პერსონაჟი, მათ შორის რეალურ ადამიანებზე დაფუძნებულიც კი, რომელიც ამ ვებგვერდზე სტატიებში ჩანს მთლიანად გამოგონილია და ნებისმიერი სახის მსგავსება მათსა და სხვა ცოცხალ თუ გარდაცვლილ პირებს შორის სასწაულია“.

World News Daily Report-ის სტატიაში მოცემული ამბავი და მისი ყველა პერსონაჟი, მათ შორის ექიმი უათი, გამოგონილია.

„ნიუპოსტის“, „Ridate.com”-ისა და „Metronome.ge”-მ სტატიებში და შემდგომ Facebook-ჯგუფებში გავრცელებული ინფორმაცია სატირული ვებგვერდის მიერ გამოგონილი ამბავია, თუმცა ქართული სააგენტოები აღნიშნულს არ უთითებენ და შესაბამისად, მკითხველი შეცდომაში შეჰყავთ.


მსგავსი სიახლეები

3268 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი