ირაკლი კობახიძე: 2016 წელთან შედარებით, სამ წელიწადში, ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიამდე, 40%-ით გაიზარდა
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი
ანალიზი:
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: 2016 წელთან შედარებით, სამ წელიწადში, ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიამდე, 40%-ით გაიზარდა.
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროს გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრის არაერთი მაჩვენებელი არსებობს, თუმცა მათი უნარი, მაჩვენებლის ცვლილების ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკოსი განიხილავს მშპ-ს მაჩვენებელს მიმდინარე ფასებში. კერძოდ, 2019 წელს, 2016 წელთან შედარებით ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 40%-ით არის გაზრდილი. თუმცა, მშპ-ს დინამიკის განხილვა აღნიშნული მაჩვენებლით შინაარსს მოკლებულია, რადგან ის ინფლაციური პროცესებისგან თავისუფალი არ არის, ანუ ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. ამგვარად, დროის სხვადასხვა პერიოდში მშპ-ს შედარებისთვის ნომინალური რიცხვების გამოყენება არათუ მანიპულაციური, არამედ - ეკონომიკურად არასწორია.
მშპ-ს დინამიკის განხილვისთვის საჭიროა რეალური, ანუ ფასების დონით კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის განხილვა. აღნიშნული მაჩვენებელი ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებულ ობიექტურ საზომს წარმოადგენს და მისი საშუალებით ფასდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის, მათ შორის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ. 2019 წლის მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, 2016 წელთან შედარებით, დაახლოებით 16%-ით არის გაზრდილი. ეს კი 2,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ დასახელებული რიცხვი.
გრაფიკი 1: მშპ-ს დინამიკა 2015-2019 წლებში (მლრდ ლარი, %)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური