იტვირთება

ანა დოლიძე: 5-ჯერ მეტი ადამიანი იხოცება ჩვენთან ქუჩაში, ვიდრე საშუალოდ ევროპულ ქვეყანაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ კაცზე საშუალოდ 53-ს შეადგენს.

თუ საქართველოს 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემებს გამოვიყენებთ, როგორც მოსახლეობის რიცხოვნობის, ისე ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაში, მივიღებთ 129 გარდაცვალებას მილიონ კაცზე. აღნიშნული მონაცემი ევროკავშირის 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 2.4-ჯერ აღემატება.

ანა დოლიძეს თავის განცხადებაში, რომელსაც დეტალურად ქვემოთ მიმოვიხილავთ, სხვა შედარებებიც მოჰყავს, მათ შორის, ნორვეგიის სტატისტიკასთან. საქართველოსა და ნორვეგიის ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების სტატისტიკის შედარება არამართებულია ამ ქვეყნების განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, თუმცა დოლიძის მიერ მოყვანილი ციფრები სწორია.

ანალიზი

31 ივლისს, „ღამის კურიერში“ სტუმრობისას დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ, თავის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. ქვეყანაში არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მან ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცლილთა რაოდენობა დაასახელა. კითხვაზე, თუ რას გააკეთებს ის ამ პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტში, დოლიძემ უპასუხა, რომ აქვს „მთელი სია“ ინიციატივების, რომლებიც გავა პირველ 100 დღეში [პარლამენტში მოხვედრიდან].

„დაახლოებით, 500 ადამიანი საგზაო შემთხვევაში კვდება ჩვენთან ყოველ წელს. ეს მეტია, ვიდრე ბოლო ომში, სამაჩაბლოში. 500 კაცი, აქედან 21 ბავშვი - 2018 წელს, 19 ბავშვი - 2019 წელს. იცით რამდენია ნორვეგიაში? 100 კაცი წელიწადში. ჩვენხელა ქვეყანაა. 5-ჯერ მეტი ადამიანი იხოცება ჩვენთან ქუჩაში, ვიდრე საშუალოდ ევროპულ ქვეყანაში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება სიმართლეს და შესაბამისი სტატისტიკა გადაამოწმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველი ორი კვარტლის (იანვარი-ივნისი) მონაცემებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (სსკ-ის 276-ე მუხლის მიხედვით) შედეგად სულ 203 ადამიანი დაიღუპა, 2982 ადამიანი კი დაშავდა.

პირველ კვარტალთან შედარებით, მეორე კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებმა და შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამაც მკვეთრად იკლო, რაც პანდემიის გამო მარტიდან დაწესებულ შეზღუდვებით უნდა იყოს განპირობებული. 2020 წლის პირველ კვარტალში 1236 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, მეორე კვარტალში კი 1034. რაც შეეხება გარდაცვლილთა რიცხვს, პირველ კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 134 ადამიანი დაიღუპა, მეორე კვარტალში - 69.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ცალკეული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით (2020 წლის პირველი ორი კვარტალი), მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ყველაზე ხშირია (1045 შემთხვევა). ასევე, ხშირია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა/შეჯახება ქვეით მოსიარულეზე (419 შემთხვევა).

გასული 5 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2015 წლიდან 2018 წლის ჩათვლით იკლებს, 2019 წელს კი მატება აღინიშნება.

გრაფიკი 1: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2015-2019 წლებში

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობას, გასული 5 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევა 2016 წელს დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი - 2019 წელს.

შსს-ს ინფორმაციით, 2017 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება პირველად აღინიშნა, რაც 2017 წლამდე 10 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

გრაფიკი 2: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 2015-2019 წლებში

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა, ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდა. ასევე, ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა დაიწყო ფუნქციონირება და ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს, როგორც გრაფიკზეც ჩანს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 373 ერთეულით მოიმატა.

რაც შეეხება ნორვეგიას, აღნიშნულმა ქვეყანამ გასულ წლებში საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ქვეყანაში 2001 წლიდან დანერგილია “vision zero” სტრატეგია, რომლის მიზანიც ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების ნულამდე შემცირებაა.

2000-დან 2018 წლამდე ნორვეგიაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 68%-ით შემცირდა. გასულ წელს გზებზე გარდაცვალების 110 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს - 108.

გრაფიკი 3: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ნორვეგიაში 2010-2017 წლებში

წყარო: www.statista.com

აღნიშნული წარმატება ნორვეგიაში ძირითადად გამოწვეულია არა მხოლოდ სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული არსებული შეზღუდვებით, როგორიცაა, გზებზე სიჩქარის შეზღუდვა, უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, ასაკობრივი ზღვრის დაწესება და ა.შ. არამედ ისეთი ფაქტორებითაც, როგორიცაა, საავტომობილო გზების ხარისხის გაუმჯობესება და ტრანსპორტის ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი კი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული. შესაბამისად, რადგან საქართველოსა და ნორვეგიის ეკონომიკური განვითარების ტემპი და არსებული მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია, ამ ორი ქვეყნის შედარება არამართებულია.

მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში 3 000 კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების გავლა სავალდებულო გახდა, მძღოლებმა ყალბი მოწმობების აღება და მანქანის ნაწილების დროებით ქირაობა დაიწყეს. აღნიშნული „იაფი გამოსავალიც“ სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებული რეგულაციის მოთხოვნის შესასრულებლად ადამიანებს საკმარისი შემოსავალი არ გააჩნიათ.

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაცემების მიხედვით, საგზაო უსაფრთხოების საუკეთესო მაჩვენებლები, 2019 წელს შვედეთსა (22/მილიონი) და ირლანდიას (29/მილიონი) ჰქონდა, ყველაზე ცუდი კი - რუმინეთს (96/მილიონი) ბულგარეთსა (89/მილიონი) და პოლონეთს (77/მილიონი).

2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყანაში ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ კაცზე საშუალოდ 53-ს შეადგენს.

თუ საქართველოს 2019 წლის სტატისტიკურ მონაცემებს გამოვიყენებთ, როგორც მოსახლეობის რიცხოვნობას, ისე ავტო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას, მივიღებთ 129 გარდაცვალებას მილიონ კაცზე. აღნიშნული მონაცემი დაახლოებით 2.4-ჯერ აღემატება ევროკავშირის 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს, ხოლო ნორვეგიისას - დაახლოებით 6.5-ჯერ (20/მილიონი).

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოსა და ნორვეგიის შედარება, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამართებულია. მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოს ფაქტობრივად გაცილებით ცუდი მდგომარეობა აქვს, როგორც ნორვეგიასთან, ისე ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე, არსებული მონაცემებით, ყოველწლიურად ავტო-საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა რიცხვი.

ამგვარად, ანა დოლიძის მხრიდან ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემაზე საუბრისას მოყვანილი ფაქტების უმრავლესობა სიმართლეა და ნაკლებად შეიცავს მანიპულაციურ ელემენტებს, შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3268 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი