იტვირთება

რეზიუმე:

ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელია. აქ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობს. ამ სოფელში საბავშვო ბაღი დღემდე არ აშენებულა, თუმცა აშენების დაპირება ადგილობრივებმა ხელისუფლებისგან 2018 წლის ბოლოს მიიღეს.

ანალიზი:

„2019 წელს ერგნეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, რომელიც მოემსახურება ახლოს მდებარე სოფელ მეღვრეკისსაც“,- ეს განცხადება გორის მერმა 2018 წლის ბოლოს გააკეთა. წლის შემაჯამებელ ანგარიშში, გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა 2019 წელს დაგეგმილი და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა წარმოადგინა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთზე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული. კერძოდ, 2019 წლის განმავლობაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ამ სოფელს ახალი საბავშვო ბაღი და სპორტული კომპლექსი უნდა ჰქონოდა, თუმცა როგორც „ფაქტ-მეტრმა“ ადგილზე გაარკვია, ერგნეთში ამ ორი ობიექტის მშენებლობა, ამ დრომდე, დაწყებულიც კი არ არის. 2019 წლის დასაწყისში ერგნეთ-მეღვრეკისის საბავშვო ბაღის მშენებლობა გორის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტომაც დააანონსა. სააგენტომ განმარტა, რომ ერგნეთსა და მეღვრეკისში, ამ დრომდე, საბავშვო ბაღი არ ყოფილა, რის გამოც, ბავშვები, სკოლამდელი განათლების მისაღებად, მეზობელ სოფლებში დადიან. მერიაში განაცხადეს, რომ მშენებლობის დაგეგმვის შესაძლებლობა გასულ წლებში არ ჰქონდათ, ამჯერად კი ბაღის მშენებლობა 2019 წლის განმავლობაში დასრულდებოდა.

ახალი სასწავლო წელი 1 ოქტომბრიდან გორში, 63 მუნიციპალურ საბავშვო ბაღში დაიწყება. ამ რიცხვში, ისევე როგორც გასულ წლებში, წელიწადნახევრის წინ დაპირებული ერგნეთ-მეღვრეკისის საბავშვო ბაღი არ შედის, რადგან ამისთვის გასულ წელს ტენდერიც კი არ გამოცხადებულა და შესაბამისად, არც სამუშაოები დაწყებულა. გორის მერს მიმდინარე წლის აგვისტოში, ეს დაპირება თავად „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გორის საკრებულოში, ლია ჩლაჩიძემ შეახსენა: „ორი წლის წინ ხელისუფლება დაპირდა ერგნეთს და მეზობელ სოფელ მეღვრეკისს, რომ მათ საზღვარზე ააშენებდა საბავშვო ბაღს, რადგან ორივე სოფლიდან ბავშვები 12 კმ-ის მოშორებით ტრანსპორტით დაჰყავთ, თუმცა დღესაც არ არის მშენებლობა დაწყებული", - აღნიშნა ლია ჩლაჩიძემ.

მიმდინარე წელს კი გორის მერმა 14 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დააანონსა, რომელთა პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 631 829 ლარს შეადგენს. დაპირებულ ერგნეთის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე კი განცხადებაში არაფერია ნათქვამი. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, ერგნეთთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე 15-მდე სოფელი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი.

„ფაქტ-მეტრის“ შეკითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ამ დაპირების შესრულება, მერმა განმარტა, რომ დაგეგმილი სამუშაოების განხორციელებას ხელი პანდემიამ შეუშალა. კიდევ ერთი დაპირების, ერგნეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობის გადადება, კონსტანტინე თავზარაშვილმა ამავე მიზეზით ახსნა, თუმცა მთელი 2019 წლის განმავლობაში, როდესაც დაგეგმილი სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო, ახალი კორონავირუსი საერთოდ არ არსებობდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მერის დაპირება, რომ ერგნეთში 2019 წელს საბავშვო ბაღი აშენდებოდა, ფაქტ-მეტრის დასკვნით,არ შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი