დეზინფორმაცია: თერმოსკრინინგი აზიანებს ჯანმრთელობას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

Facebook-ში მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ამტკიცებს, რომ თერმოსკრინინგი ჯანმრთელობისათვის სახიფათოა და მის მრავალჯერად გამოყენებას ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ: „მივიღე 15 თერმოსკრინინგი, რომელიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის! რამოდენიმეჯერ რომ ჩავიტარე ეს პროცესი, იმ წუთიდან ვერაფერი ვიგრძენი; მაგრამ რომ გავიდა გარკვეული დრო, კიდევ მივიღე ეს პროცესი, ვიგრძენით მე და ჩემმა შვილმა ძლიერი ფეხების ტკივილი, რომელიც წააგავს რევმატიზმს, მაგრამ, სამწუხაროდ, თრომბის სიმპტომები აღგვენიშნება, და ამის მიუხედავად, მინდა გაცნობოთ, რომ ხშირად თერმოსკრინინგი იწვევს სისხლის ჩაქცევას (იგივე თრომბს). იყავით ფხიზლად!!!“.

აღსანიშნავია, რომ თერმოსკრინინგთან დაკავშირებით მსოფლიოს მასშტაბით და, საქართველოშიც, აქამდეც, მრავალი შეთქმულების თეორია ვრცელდებოდა. ამგვარი დეზინფორმაციის მიხედვით, თერმოსკრინინგი სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მათ შორის, მხედველობის დაკარგვას, ეპიფიზის დასხივებას, თვალის ბადურისა და ტვინის უჯრედების დაზიანებას და ა.შ.

აღნიშნული მტკიცებები მცდარია და მას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. უკონტაქტო თერმომეტრებს სხვაგვარად ინფრაწითელ თერმომეტრებსაც უწოდებენ. ბაზარზე სხვადასხვა სახის უკონტაქტო თერმომეტრი არსებობს, თუმცა მათი მუშაობის სპეციფიკა მსგავსია. უკონტაქტო თერმომეტრებს აქვთ ობიექტივი, რომელიც ადამიანის სხეულიდან გამოყოფილ ინფრაწითელ გამოსხივებას ზომავს. როდესაც ინფრაწითელი შუქი თერმომეტრის დეტექტორის ზედაპირზე ხვდება, ის სითბოდ გარდაიქმნება და ტემპერატურაში გამოისახება. სხეულის ინფრაწითელი ენერგია რაც უფრო დიდია, დეტექტორი მით უფრო ცხელდება და, შესაბამისად, თერმომეტრი მაღალ ტემპერატურას აჩვენებს. ინფრაწითელი თერმომეტრები საზიანო რადიაციას არ გამოყოფს. სამედიცინო სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის ნეირორადიოლოგიის დირექტორის, დოქტორი ჰარის სარის მიხედვით, ის ორგანიზმის დაზიანების რისკს არ შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ უკონტაქტო თერმომეტრს ლაზერი აქვს, რომელიც თერმომეტრის სამიზნე ობიექტზე ფოკუსირებას ემსახურება. ლაზერი ტემპერატურას არ ზომავს. ის თერმომეტრის გამომყენებელს ეხმარება, რომ თერმომეტრი სხეულის სწორ ნაწილს დაუმიზნოს, ძირითადად შუბლს, სადაც ტემპერატურის გაზომვა უფრო მაღალი სიზუსტითაა შესაძლებელი. უკონტაქტო თერმომეტრის მიერ გამოყენებული ინფრაწითელი ტალღები მსგავსი ტიპისაა, რასაც ტელევიზორის სამართავი პულტი იყენებს.

ამერიკის „კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტოს“ (USFDA) ინფორმაციის მიხედვით, უკონტაქტო ინფრაწითელი თერმომეტრების გამოყენება დაავადებათა გავრცელების რისკს ამცირებს და სწრაფად ზომავს ტემპერატურას, ის მარტივია გამოსაყენებლად და გასასუფთავებლად.

ამდენად, აღნიშნული ტიპის თერმომეტრი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და მისი გამოყენებით ადამიანების დასხივება შეუძლებელია.

ამავე თემაზე „ფაქტ-მეტრი“აქამდეც წერდა.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია