ანალიზი

9/11-ის ტერაქტი - რა მოხდა?

2001 წლის 11 ოქტომბერს აშშ-ის ოთხი სამგზავრო კომერციული თვითმფრინავი 19-მა რადიკალმა ტერორისტმა გაიტაცა. ტერორისტული თავდასხმა ალ ქაიდას ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის, დაგეგმილი იყო. ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეაჯახეს, მესამე თვითმფრინავი - პენტაგონის შენობას, ხოლო მეოთხე - პენსილვანიაში, მინდორში ჩამოვარდა. ტერორისტულ თავდასხმას 2,977 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

9/11-თან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაცია

9/11-ის ტერაქტის მასშტაბურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით წლებია ვრცელდება (უფრო ვრცლად იხილეთ EUvsDisinfo-ს დეზინფორმაციების ბაზა).

9/11-თან დაკავშირებით შეთქმულების თეორიები და დეზინფორმაცია საქართველოშიც არაერთხელ გავრცელებულა. მაგალითად, პრორუსული გამოცემები - „საქართველო და მსოფლიო“ და „პოლიტიკანო“ ამტკიცებენ შემდეგს: „საერთაშორისო ტერორიზმი თავად აშშ-ს აწყობს“, „აშშ და ისრაელი ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო სამართლის ნორმებს მუდმივად არღვევენ და მათ ამ რეგიონში გლობალური ტერორიზმის დაუსრულებელი კამპანია გააჩაღეს, რითაც გამოიწვიეს, მაგალითად, 9/11“, „ნიკ როკფელერი ტერაქტამდე 11 თვით ადრე აცხადებდა, რომ მოხდებოდა რაღაც მნიშვნელოვანი, რის გამოც აშშ ავღანეთში და შემდეგ ერაყში და სხვა ქვეყნებში შეიჭრებოდა და ნავთობის საბადოებს ჩაიგდებდა ხელში“.

უფრო მეტიც, მაგალითად, „საქართველო და მსოფლიოს“ 9/11-ის ოფიციალურ ვერსიაში შეაქვს ეჭვი და იმავე დღეს დანგრეულ მესამე ცათამბჯენზე მიუთითებს (მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა 7). გაზეთი აცხადებს, რომ ოფიციალური გამოძიების ვერსია სანდო არაა. 9/11-ის საკითხზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაში „საქართველო და მსოფლიო“ მიუთითებს, რომ „შენობების დანგრევას აკონტროლებდნენ და, აქედან გამომდინარე, ეს ტერორისტული აქტი აშშ-ის მთავრობამ მოაწყო“. აღნიშნული მტკიცების დასადასტურებლად პრორუსული გაზეთი იშველიებს ოფიციალური გამოძიების სხვადასხვა კრიტიკოსს, რომლებიც აცხადებენ, რომ „ჩამოშლილი შენობების ნანგრევებში ნაპოვნია ასაფეთქებელი ნივთიერებების - „ტერმიტისა“ და „ნანოტერმიტის“ კვალი“, რომლებსაც ძველი შენობების დასანგრევად იყენებენ.

„საქართველო და მსოფლიომ“ „NATO-ს მიერ ორგანიზებულ ტერორისტულ აქტებსაც“ მიუძღვნა სტატია, სადაც 11 სექტემბრის ტერაქტზეც იყო საუბარი. სტატია შვეიცარიელ „მკვლევარ“ დანიელ განსერს ეყრდნობა, რომელიც „კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აშშ-ის ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ოფიციალურ ვერსიას 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შესახებ, რომლებიც ... უამრავ წინააღმდეგობას თუ გასაოცარ მიჩუმათებას მოიცავს“. განსერსაც ეჭვი შეაქვს მესამე ცათამბჯენის დანგრევის ოფიციალურ ვერსიაშიც და ამტკიცებს, რომ „11 სექტემბრის მოვლენების ოფიციალური ვერსია და კომისიის დასკვნები დაუჯერებელია“. გარდა ამისა, ის პენტაგონის შენობაზე თვითმფრინავის შეჯახებასაც წარმოუდგენლად მიიჩნევს, რადგან „წარმოდგენილ ფოტოსურათებზე არ ჩანს თვითმფრინავი, რომელიც შენობას შეეჯახა“. აღნიშნული მესიჯები საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულ დეზინფორმაციას ზუსტად ემთხვევა.

სტატიაში შემოგთავაზებთ ცნობილ შეთქმულების თეორიებს და განვმარტავთ, თუ რატომ წარმოადგენს თითოეული მათგანი დეზინფორმაციას.

დეზინფორმაცია - „ტყუპი კოშკები კონტროლირებული აფეთქებით გაანადგურეს“

შეთქმულების თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ შენობები ქიმიური ნივთიერებების მეშვეობით ააფეთქეს, რასაც მაღლიდან ქვემოთ მოყოლებული აფეთქებები მოწმობს, რა დროსაც ფანჯრები შიგნიდან ფეთქდებოდა. თუმცა კონტროლირებული აფეთქების დროს შენობების აფეთქება ქვემოდან იწყება და არა - ზემოდან. ხოლო ფანჯრების შიგნიდან აფეთქება და გარეთ ნამსხვრევებისა და ოფისის აღჭურვილობის გადმოყრა ზემოდან სათითაო სართულის ჩამოშლამ გამოიწვია.

კონტროლირებული აფეთქებისთვის უზარმაზარი რაოდენობის ასაფეთქებელი საშუალების შეტანა იქნებოდა საჭირო, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. მეტიც, მის ჩასამონტაჟებლად აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე შენობაში სხვადასხვა ხვრელების გათხრა უნდა დაეწყოთ, რისი შეუმჩნევლად გაკეთებაც ასევე შეუძლებელია. აღნიშნულის მოწმეები, ბუნებრივია, არც არსებობენ. რაც შეეხება ფანჯრების შიგნიდან აფეთქებას, ეს ჰაერის მოქმედების შედეგი იყო - როდესაც ერთი სართული ეცემოდა, ის მის ქვეშ ჰაერს წნეხდა და დაგროვებული ჰაერი გასასვლელის ძიებისას ფანჯრების მსხვრევას იწვევდა.

დეზინფორმაცია - „პენტაგონს არა თვითმფრინავი, არამედ რაკეტა მოხვდა“

აღნიშნული შეთქმულების თეორია პენტაგონის შენობის გარეგნულ დაზიანებებზე აიგო. პენტაგონზე შეჯახების შედეგად შენობაზე მრგვალი ხვრელი დარჩა. შეთქმულების მტკიცებით, თვითმფრინავის ფრთებს განსხვავებული ფორმის დაზიანება უნდა დაეტოვებინა. უფრო მეტიც, დეზინფორმაცია იმასაც ამბობს, რომ ზედა ხვრელი 16 ფუტის ზომის იყო, ხოლო შიდა - 12, რაც თვითმფრინავისგან დატოვებული კვალისთვის საკმაოდ პატარაა.

აღნიშნული თეორიის მიმდევრები ასევე ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები პენტაგონთან შემდეგ მიიტანეს, რაც გაყალბების ნაწილი იყო. თუმცა პენტაგონის თავზე თვითმფრინავი ათასობით ადამიანმა დაინახა და ზოგმა სცენის ფოტოც კი გადაიღო. შემთხვევის ადგილზე არსებული მგზავრებისა და ეკიპაჟის გვამები შეთქმულების თეორიის საწინააღმდეგოდ მიუთითებს. მოწმეთაგან ერთ-ერთი KCE Structural Engineers PC-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, ალენ კილშეიმერი იყო. პენტაგონთან თვითმფრინავის ნამსხვრევების შემდგომ მიტანას მოწმეები აუცილებლად შეამჩნევდნენ. რაც შეეხება პენტაგონზე დატოვებული ხვრელის ზომას ის დაახლოებით 75 ფუტის ზომის იყო და არა - 16, როგორც ამას დეზინფორმატორები ავრცელებენ. მიზეზი თუ რატომ არ დარჩა უფრო დიდი ზომის დაზიანება არის ის, რომ ერთ-ერთი ფრთა თვითმფრინავს შეჯახებამდე მოსძვრა, ხოლო მეორე შეჯახების მომენტში. მეორე ფრთა მსუბუქი კონსტრუქცია აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამაგრებულ ბეტონში შეეღწია. შიდა ხვრელის ნაკლები ზომა გამოწვეული იყო იმით, რომ შენობის სიღრმეში ხვრელის დატოვება მხოლოდ თვითმფრინავის უფრო მყარმა შასემ შეძლო. თვითმფრინავის შეჯახების შემდგომ პენტაგონის სურათები მრავლად მოიპოვება, (მაგალითად იხილეთ FBI-ს მიერ გამოქვეყნებული სურათები და სხვადასხვა იშვიათი ფოტო). პენტაგონზე თვითმფრინავის შეჯახების და დაზიანებების დეტალური აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ სტივენსონისა და იოლის მიერ Canadian Consulting Engineer-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

დეზინფორმაცია - „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა 7 (WTC 7) კონტროლირებული აფეთქებით დაანგრიეს, რადგან მას თვითმფრინავი არ შეჯახებია, რაც მიუთითებს, რომ 9/11-ის თავდასხმა დადგმული იყო“

„ტყუპი კოშკების“ დანგრევის (კონკრეტულად კი, ჩრდილოეთის) შედეგად WTC 7-ის სამხრეთ ნაწილს საკმაოდ რაოდენობის ნამსხვრევები შეეჯახა, რამაც დასაწყისიდან მეათე სართულამდე 25% დააზიანა და შენობის სტრუქტურული ერთიანობა მნიშვნელოვნად შეასუსტა. „ტყუპი კოშკებიდან“ WTC 7-ს ხანძარიც გადაედო და ის შვიდი საათის განმავლობაში იწვოდა. „ტყუპი კოშკების“ დანგრევით მიყენებულ სტრუქტურულ დაზიანებას მრავალსაათიანი ძლიერი ხანძრით შენობის რკინის დასუსტება დაემატა და საბოლოოდ, ის ჩამოიშალა. WTC 7-ის დანგრევის ტექნიკური დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სტანდარტებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის გამოძიებაში.

დეზინფორმაცია - „თავდასხმის უკან ისრაელი იდგა, რათა აშშ არაბულ სახელმწიფოებთან კონფლიქტში ჩაეთრია“

აღნიშნული შეთქმულების მთავარი არგუმენტი არის მცდარი ინფორმაცია, თითქოს 4 ათასი ებრაელი, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მუშაობდა, 11 სექტემბერს სამსახურში არ გამოჩენილა, რადგან ისინი ისრაელის დაზვერვის სამსახურმა, მოსადმა, წინასწარ გააფრთხილა. დასახელებული ციფრი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეფუძნება, რომელიც მან გააჟღერა თავდასხმის სამიზნე ქალაქებში მოცემულ დროს ისრაელის მოქალაქეების მიახლოებითი რაოდენობის შესახებ. დეზინფორმატორები კი მის განცხადებას განზრახ აბსოლიტურად განსხვავებულ კონტექსტში წარმოაჩენენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 9/11-ის ტერორისტული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილების 10%-ზე მეტი ებრაელი იყო.

ეზინფორმაცია - „მეოთხე თვითმფრინავი (რეისი 93), რომელიც თეთრი სახლისკენ მიემართებოდა, ჩამოაგდეს“

მოცემული შეთქმულების თეორიის ორი ვერსია არსებობს: 1) თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს და 2) თვითმფრინავი აშშ-ის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო.

რეალურად, შემთხვევის ადგილთან შენიშნული სხვა თვითმფრინავი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ აშშ-ის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა, ჩრდილოეთ კაროლინის კომპანია, VF Corp-ის, თვითმფრინავი - Dassault Falcon 20 იყო, რომელიც 11 სექტემბერს ჰაერში იყო და დაშვებამდე ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის კლივლენდის ცენტრმა სთხოვა, შეემოწმებინა არეალი, პენსილვანიაში, შანკსვილთან ახლოს, სადაც რეისი 93 ჩამოვარდა. თვითმფრინავი გამტაცებელმა ტერორისტებმა თავად ჩამოაგდეს, რადგან მგზავრები მათ შეეწინაღმდეგნენ და თავდასხმა სცადეს.

შეთქმულების თეორიის მიმდევრები ასევე ამტკიცებენ, რომ „ტყუპ კოშკებზე“ შეჯახება იმ დონის დაზიანებას ვერ გამოიწვევდა, რომ შენობები დაენგრია და რომ თვითმფრინავის საწვავი რკინის დნობაზე ნაკლებ ტემპერატურაზე იწვის. რეალურად, შენობები თვითმფრინავების შეჯახების შედეგად გამოწვეული დაზიანების, თვითმფრინავის საწვავის ლიფტის შახტაში ჩაღვრის შემდგომ შენობის დიდ ნაწილში გაჩენილმა ხანძარმა დაანგრია. შესაბამისად, აღნიშნული შეთქმულების თეორიაც დეზინფორმაციას წარმოადგენს.

სტატია მომზადებულია Guardian-ის, Sky History-ისა და Popular Mechanics-ის მასალების მიხედვით.

თეგები: