იტვირთება

2020 წლის 15 სექტემბერს 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში უნდა განახლებულიყო. სწორედ ამ დღეს ყველა სკოლას უნდა დაეკმაყოფილებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით შეიმუშავა. ამ რეგულაციების თანახმად, მოსწავლეებს შორის აუცილებელია 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა; შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის ტარება, გარდა მოსწავლისა; შენობაში ნებისმიერი პირის შესვლა დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფექციის შემდეგ; პირბადეების რეზერვის არსებობა სკოლებში; სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ; ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება.

ვინაიდან კოვიდვირუსთან დაკავშირებული სიტუაცია აჭარაში აგვისტოს ბოლოდან მკვეთრად გაუარესდა, გადაწყდა, რომ ქობულეთსა და ბათუმში სწავლა სკოლებში 1 ოქტომბერს განახლდებოდა. აღმოჩნდა, რომ სკოლების ნაწილი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის სრულყოფილად მოწესრიგებას 15 სექტემბრამდე მაინც ვერ ასწრებდა. რამდენიმემ, შესაძლოა, ვერც 1 ოქტომბრამდე მოასწროს, რადგან ტენდერები ამ ეტაპზე ან გამოცხადებულია, ან აწი უნდა გამოცხადდეს.

იმის გასარკვევად, თუ რა პრობლემების წინაშე არიან სკოლები სასწავლო წლის დაწყების წინ და რამდენად შეძლებენ რეგულაციების დაკმაყოფილებას, ფაქტ-მეტრი აჭარის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსებს დაუკავშირდა.

ხათუნა თურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ისეთი პრობლემატური სკოლა არ გვაქვს, რომ მოწესრიგება ვერ მოვასწროთ. საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველგან მოგვარდება. გვაქვს სოფლები, რომლებსაც წყალი არ მიეწოდება. ამიტომ გათვლილი გვაქვს, რა ტევადობის ავზია საჭირო. არის სოფლები, სადაც სველი წერტილები გარეთაა, თუმცა იქაც წესრიგდება“.

მადონა გოგიტიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ რამდენიმე სკოლაში სველი წერტილი გარეთაა. თითქმის ყველა ასეთ სკოლას გარედან მივაშენეთ საპირფარეშოებისთვის დამატებითი სივრცე, ან შიგნით გამოვძებნეთ ადგილები. წყლის მოწოდების პრობლემებიც გვქონდა სკოლებში, რადგან სოფლებს აქვთ ეს პრობლემა, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში. ამიტომ შეიძინეს სკოლებმა ავზები. ვფიქრობ, რომ რაღაც გამოწვევა მაინც არის, მაგრამ სკოლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული, რომ ამ რეგულაციების შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. მოგეხსენებათ, წყლის რეზერვუარსაც თავისი ტევადობა აქვს და ოთხ დღეში ერთხელ უნდა შეივსოს. აქედან გამომდინარე, დაზღვეული არ ვართ. ჩვენგან დამოუკიდებელმა გარემო ფაქტორებმა რომ რამე ტიპის პრობლემა შექმნას, ამას ვერ გამოვრიცხავთ. იმას, რომ სადღაც, შესაძლოა, რაიმე კერა გაჩნდეს, წინასწარ ვერ გავჭვრეტთ“.

დურმიშხან შავიშვილი, ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ჩვენ ეს სამუშაოები ადრე დავიწყეთ. როცა პანდემია გამოცხადდა, მაშინ განვსაზღვრეთ, რომ ამ გამოწვევის წინაშე აუცილებლად აღმოვჩნდებოდით და მის შემდეგ ვაწესრიგებთ სკოლებში სველ წერტილებს, საპირფარეშოებს. ამიტომ მოვასწრებთ ამის დასრულებას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. ძირითად სკოლებში პრობლემა არ გვაქვს. არის პატარა სკოლები, რომლებიც ადმინისტრაციულად მიერთებულია ძირითად სკოლებზე. ამ სკოლებში იყო პრობლემები, თუმცა უკვე გვარდება. საპირფარეშოები, ძირითადად, შიგნითაა შეტანილი. თუ მოწესრიგებულია ყველაფერი, დაცულია მოთხოვნები, საპირფარეშო რომ შენობის გარეთაა, პრობლემა არც ეგაა.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ სკოლაში წყლის მიწოდების პრობლემაა, მაგრამ რეზერვუარები გვაქვს. ყველა სკოლას მიეცა მითითება, რომ შეიძინოს. ამისთვის თანხები აქვთ და დანარჩენად განათლების სამინისტრო ეხმარება. მგონია, არ გვექნება ისეთი სკოლა, რომელიც რეკომენდაციებს ვერ დააკმაყოფილებს“.

ედუარდ გოგრაჭაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „სკოლების ნაწილში საპირფარეშოების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა სრულად მოწესრიგებულია, სხვაგან სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და 15 სექტემბრამდე დასრულდება. ზოგ შემთხვევაში, ტენდერებია გამოცხადებული. შესაძლოა სკოლების უმნიშვნელო ნაწილში ვერ მოესწროს სამუშაოების დასრულება, ერთი კვირა გადაცილდეს, მაგრამ აქ არსებული სველი წერტილებიც წესრიგდება, რომ ახლის დასრულებამდე მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს. სადაც წყლის პრობლემები იყო, აქ რეზერვუარები შეიძინეს. მაგალითად, მსგავსი პრობლემა გვქონდა ბუთურაულში. ახლა სოფელში წყალი შემოიყვანეს, მაგრამ სანამ სკოლამდე მიიყვანენ, მანამდე ავზს გამოვიყენებთ. სხვაგანაც გვქონდა მსგავსი პრობლემები, თუმცა უკვე მოგვარებულია, ან გვარდება“.

ედუარდ მიქელაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ბოლო შეხვედრა 12 მარტს მქონდა სკოლების დირექტორებთან და ამ საკითხებზე გავეცით მითითებები. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს, ან ტენდერებია გამოცხადებული. სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლაში იდეალურთან მიახლოებული მდგომარეობა იქნება. რესურსცენტრში სპეციალური კომისია შევქმენით, რომელიც სკოლებში ამ რეკომენდაციის დაკმაყოფილების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს უწევს. სველი წერტილების მოწესრიგება ისედაც საჭირო იყო. უბრალოდ, პანდემიამ პროცესი დააჩქარა“.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ფაქტ-მეტრთან აცხადებს, რომ რეგიონის სოფლებში სველი წერტილების მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიამდეც მუდმივი პრობლემა იყო. „ენტეროვირუსული აფეთქება რომ იყო, მაშინაც დავდექით ამ პრობლემის წინაშე. ყოველ ზაფხულს და სექტემბერშიც არის ეს მთავარი თემა. ეს რთული იქნება, რა თქმა უნდა. განათლების მინისტრთან ერთად ჩავერთვებით ჩვენ ამ მონიტორინგში. სკოლებმა [სველი წერტილების] მოწესრიგება მაქსიმალურად უნდა სცადონ. მონიტორინგის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია გავცევთ რეკომენდაციები, არის, თუ - არა მზად სკოლა, მაგრამ დასკვნების გაკეთება ჩვენი კომპეტენცია არ არის“, - გვითხრა ნინო ნიჟარაძემ.

ფაქტ-მეტრმა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ყველა მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების ახალი სასწავლო წლისთვის მზაობის შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, ბევრ სკოლაში სამზადისი ჯერაც არ დასრულებულა. რამდენიმე საჯარო სკოლა რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოასწრებს. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, რომელიც სკოლების მზაობას 4 სექტემბრიდან ამოწმებს, მათ ფუნქციონირების უფლებას არ მიანიჭებს.

ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საჯარო სკოლებიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელა თოთხმეტმა. №2 საჯარო სკოლაში კი 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლებს, ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაკმაყოფილებლად სამუშაოები ოთხ სკოლაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება. დანარჩენ ოცდახუთ სკოლაში სიტუაცია უკვე მოწესრიგებულია.

ხულოს მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაში სამუშაოები ასევე უახლოეს დღეებში დასრულდება. დანარჩენ სამოცდაექვს სკოლაში მოთხოვნები გათვალისწინებულია. აქედან ორში - ღურტისა და დიდაჭარის სკოლებში სველი წერტილები, ხელსაბანი და ჰიგიენის დაცვის სხვა აუცილებელი მოწყობილობები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. სოფელ ტაბახმელაში კი ახალი საპირფარეშო უნდა აშენდეს. ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებული არ არის.

შუახევის ოცდაცამეტ საჯარო და დაწყებითი სკოლიდან, საპირფარეშოებისა და სველი წერტილების მოწესრიგება უმეტესად დასრულებულია. ექვს სკოლაში სამუშაოები უახლოეს დღეებში დამთავრდება. სოფელ გუნდაურის სკოლის საპირფარეშოს მშენებლობაზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 14 სექტემბერს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება პროექტის განხორციელება. რვა სკოლაში სამუშაოების დასრულების ვადა სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის ბოლომდე მერყეობს.

ხელვაჩაურში სველი წერტილები ოცდაცამეტ სკოლაში აგვისტო-სექტემბერში მოწესრიგდა, მათ შორის რამდენიმეში სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. აქედან სამ სკოლაში - სოფელ ხელვაჩაურის, ჩაისუბნისა და ქვედა ახალშენის სკოლებში, სამუშაოები USAID-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ორმოცდაცხრა სკოლა ემზადება. როგორც მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, თორმეტ სკოლაში სველი წერტილების მოწესრიგების მიზნით, აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს ტენდერები გამოცხადებული აქვს, ხოლო კოხისა და ხუცუბნის სკოლებისთვის - უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. დანარჩენ სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. მათ შორის, ცხრა სკოლაში საჭირო ღონისძიებები USAID-მა განახორციელა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექციის დეპარტამენტი სკოლებს ფუნქციონირების უფლებას არ მისცემს. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტეს, რომ ამის საშიშროება არც ერთ სკოლას არ აქვს და უკვე შემოწმებული სკოლებიდან ნებართვა ყველამ მიიღო.

ინფორმაციისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 13 სექტემბრის ბრძანებით, ვირუსთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გაუარესების გამო, სწავლის დაწყება 1 ოქტომბრამდე კიდევ 19 სკოლაში გადაიდო.

ფოტო: ეტალონი


მსგავსი სიახლეები

3212 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი