იტვირთება

ბოლო დღეებში საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით გაუარესდა, განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაციაა ბათუმში. 31 აგვისტოს კაფე-საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით, ვირუსი დაუდგინდა კაფის ერთ-ერთ მეპატრონეს, ხოლო კონტაქტების კვლევის შედეგად „დონასთან“ დაკავშირებულ კლასტერში კორონავირუსი 25-მდე პირს აღმოაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, ვირუსი ასევე დაუდასტურდა „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს, რომლებიც „დონაში“ იმყოფებოდნენ. ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა ისევ გრძელდება და თვითიზოლაციასა და კარანტინში ათობით ადამიანია გადაყვანილი.

აგვისტოს თვეში შედარებით ხალხმრავლობა იყო ბათუმში ტურისტული თვალსაზრისით და, შესაბამისად, ადამიანთა თავშეყრის შემთხვევები სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში გაიზარდა, სადაც დადგენილი რეგულაციებისა და უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვა ვერ ხერხდება. ამის ნათელი მაგალითია შრომის ინსპექციის მიერ 3 სექტემბერს ბათუმის 4 პოპულარული ღამის კლუბის დახურვა და დაჯარიმება, კორონავირუსის დადგენლ პროტოკოლთან შეუსაბამობის გამო.

ამ ფონზე, 12 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე დაგეგმილია ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, რომელიც დღევანდელი მოცემულობით, მაყურებლის დასწრებით ჩატარდება.

ისეთი სპორტული ღონისძიებების ჩატარება, რომელიც დიდი რაოდენობით მაყურებლის დასწრებას ითვალისწინებს, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. პანდემიის გამო, მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, არაერთი ტურნირი გადაიდო, გაუქმდა ან მაყურებლის გარეშე ჩატარდა. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ეროვნული/საკლუბო ჩემპიონატის რეგულარული სეზონი გააუქმა და ზოგიერთ შემთხვევაში შედეგების აღიარება პრე-კორონამდელი სატურნირო მდგომარეობის შესაბამისად მოხდა (მათ შორის ისეთ ცნობილ ჩემპიონატებში, როგორიცაა საფრანგეთის „ლიგა 1“ და ნიდერლანდების „ერედივიზიე“).

განსხვავებით ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატებისა, რომელთა უმეტესობა რეგულარულ სეზონს სექტემბერ-ოქტომბერში იწყებს, საქართველოს ეროვნული ლიგა ("კრისტალბეთ ეროვნული ლიგის") სტარტს წლის დასაწყისში იღებს (2020 წლის რეგულარული სეზონი 29 თებერვალს დაიწყო). საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირი, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ოფიციალურად, 11 მარტს შეწყდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" თამაშები, 1 აპრილს უნდა განახლებულიყო, თუმცა საბოლოოდ, ჩემპიონატის გაგრძელება მხოლოდ 25 ივნისს მოხერხდა. სეზონის განახლების წინ, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებსა და პერსონალს PCR-ტესტები ჩაუტარდა და კლუბების სტადიონების მასშტაბური დეზინფექციაც განხორციელდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) რეგულაციებს მიხედვით, 31 ივლისამდე, საფეხბურთო მატჩებზე მაყურებლები არ დაიშვებოდნენ, ხოლო 31 ივლისიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სპეციალური პროტოკოლი შევიდა ძალაში, რომელიც გარკვეული წესებისა და ნორმების დაცვით მაყურებლებს თამაშებზე დასწრების ნებას რთავს..

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში გულშემატკივრების დასწრების მასშტაბებითა და აქტიურობით ბევრი კლუბი არ გამოირჩევა, თუმცა ბათუმის დინამო გამონაკლისს წარმოადგენს. ბათუმელი გულშემატკივარი ცნობილია თამაშებზე აქტიური დასწრებითა და ემოციური ქომაგობით. ამ გარემოებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ბათუმს ახალი, ევროპული დონის სტადიონი შეემატა, რომლის მშენებლობაც თითქმის 3 წელი მიმდინარეობდა და 2020 წლის ივლისში დასრულდა. გულშემატკივრები განსაკუთრებით ელოდებიან ახალ სტადიონზე ბათუმის "დინამოს" პირველ საშინაო მატჩს, სადაც მათ დასწრების და ქომაგობის შესაძლებლობა მიეცემათ. 12 სექტემბერს ახლადგახსნილ სტადიონზე ბათუმის „დინამო“ მოქმედ ჩემპიონს - თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. სფფ-ს გადაწყვეტილებით ბათუმელ გულშემატკივარს საშუალება ექნება, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, თამაშს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნოს.

სამინისტროს და სფფ-ს რეკომენდაციები მაყურებლების დასწრებასთან დაკავშირებით მოიცავს შედეგ პუნქტებს:

• მაყურებელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სტადიონის სრული ტევადობის მესამედს (33%-ს);

• გულშემატკივარი უნდა განთავსდეს ორი სკამის გამოტოვებით;

• დაცული უნდა იქნეს რეკომენდაციებით დადგენილი დისტანცია, სტადიონზე შესვლისას აუცილებელია თერმოსკრინინგის გავლა;

• სტადიონზე შესვლისას სავალდებულოა ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით;

• იკრძალება სტადიონზე თამბაქოს მოხმარება;

• აუცილებელია დავემორჩილოთ მატჩზე მივლენილი სტიუარდების მითითებებს;

• სტადიონს, რომლის ტევადობა არ აღემატება 2500 მაყურებელს, სტუმარ გუნდს შეუძლია 30 ადამიანისგან დაკომპლექტებული ფანკლუბით ეწვიოს, ხოლო თუ სტადიონის ტევადობა აღემატება 2500 მაყურებელს, წინასწარი შეთანხმებით, სტუმარ გუნდს 50-100 გულშემატკივრის ჩაყვანა შეუძლია;

• დარღვევების შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.

ბათუმის ახალი სტადიონი 20,000 მაყურებელზეა გათვლილი და, ზემოაღნიშნული რეგულაციების შესაბამისად, 12 სექტემბრის თამაშზე, გაყიდვაში, დაახლოებით 6,650 ბილეთი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ დიდია ინტერესი როგორც თავად პრინციპულ მეტოქეებს შორის თამაშზე დასწრების, ასევე ბათუმის ახალი სტადიონის ხილვის, უამრავი გულშემატკივრობის მსურველი იქნება და, დიდი ალბათობით, ყველა ბილეთი გაიყიდება (ბილეთების ყიდვა 9 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი).

მსგავს რისკზე წასვლას ევროპის უმეტესი ქვეყანა ერიდება. მიუხედავად იმისა, რომ UEFA-მ დაამტკიცა საფეხბურთო მატჩებისა და ჩემპიონატების განახლების ახალი პროტოკოლი, გადამწყვეტი სიტყვა მაინც შესაბამის ეროვნულ უწყებებსა და ორგანოებს ეკუთვნით. ჯერ-ჯერობით მატჩების უმრავლესობა, ევროპაში და არა მარტო, ისევ მაყურებლების გარეშე ტარდება. UEFA-მ, ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სექტემბერში გასამართი ყველა სანაკრებო შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩატარდეს, მათ შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სექტემბერში დაგეგმილი ორი მატჩი, ერთა ლიგის ფარგლებში. აგვისტოში ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული საკლუბო ტურნის „ჩემპიონთა ლიგის“ დასკვნითი მატჩები და ფინალიც კი მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ბათუმსა და საქართველოში მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა (აპრილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა კორონავირუსის დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების), 6000-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა გაუმართლებელი რისკია. ლოჯისტიკურად, წარმოუდგენლად რთული იქნება ამხელა რაოდენობის ადამიანების კონტროლი პროტოკოლის შესაბამისად (თუნდაც მათ შორის დისტანციის დაცვის თალსაზრისით), განსაკუთრებით კი - მსგავს საფეხბურთო მოვლენაზე, სადაც ემოციების დიდი ტალღა იქნება.

ფაქტ-მეტრის გუნდი ულოცავს ბათუმელ გულშემატკივარს ახალ სტადიონს, თუმცა გვსურს, მოვუწოდოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, იფიქროს, გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, მატჩზე მაყურებელთა დაშვების მიზანშეწონილობაზე.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია


მსგავსი სიახლეები

3215 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი