გია ვოლსკი: ოქრუაშვილი რუსეთის პლატფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდნენ

2020 წლის 18 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციურმა პარტიებმა საბურთალოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელეს.

ირაკლი ოქრუაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დასახელებით გამოჩნდა, თუ რა ტიპის ერთობა აქვს ოპოზიციას. მისი განცხადებით, „(ოპოზიციამ) საზოგადოებას მიაწოდა ამით ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს ერთობა. იგივე ოქრუაშვილი რუსეთის პლატფორმიდან ადანაშაულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდნენ და ის უარს ამბობდა...“

2007 წლის 25 სექტემბერს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა, რომ მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია პირადად დაუკვეთა. „სააკაშვილმა მითხრა, რომ თავიდან უნდა მოგვეშორებინა ის (პატარკაციშვილი) იმ გზით, რა გზითაც ეს მოხდა რაფიკ ჰარირის[1] შემთხვევაში“. მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის გეგმის თაობაზე ინფორმაცია ერთი პიროვნების საშუალებით ამერიკელებს გადასცა და ამის შემდეგ სააკაშვილს მასთან ამ საკითხზე აღარ უსაუბრია. ოქრუაშვილმა იგივე განცხადება 2008 წლის თებერვალში რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გაიმეორა. მისი თქმით, 2005 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია პირადად დაავალა. „სააკაშვილს ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია უნდოდა, რადგან ის გავლენიანი პიროვნება იყო და ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა“.

ოქრუაშვილი რუსულ ტელეარხებს, ანტი-სამთავრობო და საქართველოსთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გასავრცელებლად, აგვისტოს ომის შემდეგაც იყენებდა. 2011 წელს რუსეთის პირველი არხის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში „კავკასიის გეგმა 2 - მეტასტაზები“, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხსნიდა დერეფნებს ჩეჩენი ბოევიკებისთვის, ურიცხავდა მათ ფულს, ამარტივებდა სავიზო რეჟიმს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან, დაიწყო ომი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და ჩერქეზების გენოციდის თემით მანიპულირებდა, იმიტომ რომ ეს „ვიღაცას მოსწონდა“. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით, აჩიმეზ გოჩიაევს, რომელიც 1999 წლის სექტემბერში მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში იყო ბრალდებული, საზღვრის გადაკვეთისას დერეფანი გაუხსნეს.

ამასთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილი თავისი განცხადებებით საზოგადოებაში ანტი-დასავლურ განწყობას აძლიერებდა. 2011 წლის 10 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს“ საღამოს ეთერში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების შესაცვლელად პარტიას კონკრეტული გეგმა ჰქონდა, ამერიკის საელჩოსთან მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა კი ამ გეგმის ნაწილი იყო. „ჩვენ უნდა მივიდეთ სათავესთან და გადავკეტოთ ონკანი. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოსთან, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. ჩვენ ვაპირებთ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ისინი ამ რეჟიმისადმი მხარდაჭერით ასამარებენ საქართველოში დემოკრატიას. თუ ჩვენ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას. ვერასოდეს ტერიტორიებს ვერ გამოვიყენებთ შესაბამისად, თუ არ გვექნება თავისუფლება“.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარსულში, ოპოზიციის ლიდერები, ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას სწორედ ზემოხსენებული განცხადებების გამო გამორიცხავდნენ. 2019 წლის ივნისში „ევროპულის საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას დაუშვებლად მიიჩნევდა. მისი თქმით, „ჩემი თანაგუნდელი ვერ იქნება ის (ოქრუაშვილი), ვინც დადის მოსკოვში ... ის გამოდიოდა ოფიციალურად რუსული პროპაგანდის ორგანოებში კვიციანთან ერთად. აი, ეგეთი კაცია და ჩვენ მასთან არ ვთანამშრომლობთ. არც ის მოელის ჩვენგან თანამშრომლობას. წითელი ხაზების მიღმა მყოფ ძალებთან არ შეიძლება შეკვრა მარტო იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცუდია, უაღრესად ცუდია. ეს განგვასხვავებს ჩვენ ბევრი სხვისგან. ჩვენ ამ პრინციპებს არ ვღალატობთ არასოდეს“.

მსგავსი პოზიცია ჰქონდა გიგი უგულავასაც. 2018 წელს იგი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს ირაკლი ოქრუაშვილთან ვიზიტის გამო აკრიტიკებდა. უგულავას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო იყო პროდასავლური ამომრჩევლის მიმხრობა, რომელთათვისაც ირაკლი ოქრუაშვილთან კავშირი „წითელი ხაზის“ გადაკვეთად აღიქმებოდა, რადგან „იგი შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს „პოდმოსკოვსკი დაჩაზე“, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავსს განცხადებებს. რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა, როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება. ამის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა დააბრუნა ქვეყანაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩვენება მიეცა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ“.





[1] ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოკლეს.