იტვირთება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დარჩენილი ისტორიული ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე ბოლო პერიოდში ცხინვალში მაცხოვრებლებიც ალაპარაკდნენ. მათი ნაწილი, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შესახებ სოციალურ ქსელში ღიად წერს. ერთ-ერთი მათგანი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხუბათია. მისი ინფორმაციით, სოფელ ხეითთან მდებარე საბაწმინდის სახელობის ტაძარი განადგურების პირასაა. მისი აზრით, ადგილობრივი შესაძლებლობებით სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს ტაძრები განადგურდეს, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ თავს ცივილიზაციის ნაწილად მოვიაზრებთ“,-აცხადებს თემურ ცხუბათი.

ცხინვალის რეგიონში სულ 600-მდე ისტორიულ ძეგლია, მათი ნაწილი 1991 წლის მიწისძვრის დროს, ნაწილი 2008 წლის ომის შედეგად დაზიანდა და აღდგენას საჭიროებს. ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი ბადრი გასპაროვი წლების განმავლობაში დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობის ისტორიულ-კულტურულ ნაგებობებსა და ძეგლებს იკვლევს. მათ შორის, ოკუპირებული ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც ფლობს ინფორმაციას.

„კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ ჩვენთვის ცნობილია. 2008 წლის ომის შემდეგ დაზიანდა ხეითის მთავარანგელოზის მე-18-მე-19 საუკუნის ეკლესია, რომელსაც ჭურვი მოხვდა და შედეგად გუმბათი და სამრეკლო დაზიანდა. ასევე ერედვის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც საომარი მოქმედებების დროს გალავანზე მოხვდა ჭურვი და დაზიანდა, ასევე სვერში იყო წმ. გიორგის პატარა ხის ეკლესია, ისიც გვიანდელი პერიოდის, მე-19 საუკუნისაა და დამწვარია, სავარაუდოდ მასაც ჭურვი დაეცა. ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი თამარაშენში, 90-იან წლებში ააფეთქეს, შემდეგ რესტავრაცია ჩაუტარდა და შემდეგ უკვე მთლიანად მიწასთან გაასწორეს და დაანგრიეს. -ესენი უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული ძეგლებია“,-ამბობს ბადრი გასპაროვი.

მისივე ინფორმაციით, 2013 წლიდან შიდა ქართლის ისტორიული სოფლების ისტორიისგან მთლიანად გაწმენდა ხორციელდება. პარალელურად, ისტორიის დამახინჯების მცდელობაც აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ოკუპირებულ სოფელ აჩაბეთის ციხეზე ორი წლის წინ ოსური დროშა აღმართეს და მას ალანის ციხე უწოდეს. „გუგლის რუკით რომ ჩახედოთ, ვერ იტყვით, რომ იქ ოდესღაც სოფლები იყო და ხალხი ცხოვრობდა, მთლიანად მინდვრებითაა მოცული დიდი ლიახვის ხეობა (კეხვი, ქურთა, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ძარწემი, ქემერტი, ხეითი, თამარაშენი, სვერი). რაც შეეხება იკორთას, ეს ტაძარი პატარა ლიახვის ხეობას ეკუთვნოდა, 2008 წლამდე სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხარაჩოები ისევ გამართული დარჩა. შემდეგ უკვე იქ მყოფი ძალები მის რესტავრაციას აპირებდნენ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გაჩერდნენ. კონკრეტული სამუშაოები არ ჩაუტარებიათ. თირის მონასტერს სახურავი გადახადეს და რაღაც სამუშაოები ჩაატარეს და გარეთ ტერიტორია გაასუფთავეს. ამ ეტაპზე ეს სამუშაოებიც გაჩერებულია“,-ამბობს ბადრი გასპაროვი.

ხელოვნებათმცოდნეების განმარტებით, სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელება მთელ რიგ ეტაპებს მოიცავს. თავდაპირველად სარესტავრაციო პროექტი დგება, შემდეგ კვლევითი სამუშაოები, გაწმენდა-არქეოლოგია და ა.შ. იწყება. ასევე ხელოვნებათმცოდნის და გეოლოგის მხრიდან დასკვნაა საჭირო, შემდეგ კონსტრუქტორ-არქიტექტორ-რესტავრატორის დასკვნა და დგება შესაბამისი პროექტი. პროექტმა საპატრიარქო და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უნდა გაიაროს, სადაც მას კომპეტენტური და კვალიფიციური ექსპერტები განიხილავენ. მთავარი პროცესი მაშინ დგება, როდესაც უკვე წყდება, სამუშაოები ვინ უნდა შეასრულოს. მათივე თქმით, ასეთი თანმიმდევრული და პროფესიონალური მიდგომები ძეგლის რესტავრაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

„აჩაბეთის ციხეზე განხორციელებული სამუშაოები ნათელი მაგალითია, რომ ეს ზედაპირულად და არასწორად შესრულდა (საჭირო ეტაპების გავლის გარეშე). რაღაცეები გალესეს და რესტორანი გეგონება რომ შეხედავ, ისეა სამუშაოები შესრულებული. ისტორიული ძეგლები განადგურების საფრთხის წინაშეა და იქ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება. ვიცით, რომ რუსული სამხედრო ბაზებია და არ ვიცით როდის, რა დაემუქრება იქ დარჩენილ ისტორიულ ნაგებობებსა და ძეგლებს. მით უმეტეს, თუ მათ ამჟამინდელ მდგომარეობასაც და იქ მიმდინარე პროცესებსაც გავითვალისწინებთ. იქ, სადაც საარტილერიო დანადგარებია და წვრთნებს ატარებენ, ტაძრების განადგურების საფრთხეზე საუბარი ბუნებრივია“,-ამბობს ხელოვნებათმცოდნე პაატა ბასიშვილი.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების გადარჩენის მიზნით, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შეთავაზებას ქართული მხარე, როგორც IPRM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის) შეხვედრებში, ისე GID (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები) დისკუსიების დროს მუდმივად აყენებდა. საქართველოს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი იხსენებს, რომ ქართული მხარე ამ შეთავაზებაზე მეორე მხრიდან ყოველთვის კატეგორიულ უარს იღებდა.

„როგორც ცხინვალის, ისე აფხაზეთის მიმართულებით, მუდმივად ვითხოვდით, რომ შესულიყო იუნესკო და დაეთვალიერებინა ეს ძეგლები, იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო მათ მდგომარეობაში. მახსოვს, იმ პერიოდში ილორის ეკლესიის საკითხი იყო აქტუალური, რომელსაც რუსული „ხახვისთავა“გუმბათი დაადგეს, კედლები კი შეათეთრეს. მათი პასუხი ყოველთვის ის იყო,რომ ეს ჩვენი საქმეა და თქვენ არაფერ შუაში ხართ. ჩვენი ძეგლებია და არანაირი განადგურება მათ არ ემუქრებაო. ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობდა IPRM-ის შეხვედრებზეც და ჟენევის დისკუსიებშიც“,-ამბობს შოთა უტიაშვილი.

ამჟამად მსგავსი შეთავაზების გაჟღერება, კონკრეტულად ცხინვალის მიმართულებით, თუ ხდება და ისტორიული ძეგლების გადასარჩენად რა რესურსი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ამ კითხვაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ ახლაც მზად არიან შესაძლებლობების მიღების შემთხვევაში, საჭირო პროცედურებში ჩაერთონ და ძეგლები განადგურებისგან დაიცვან, თუმცა ამ დროისთვის ამ მზაობის განხორციელების გზებს ვერ ხედავენ.

კომუნიკაციის სირთულესა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან წვდომის არარსებობაზე კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანაშვილიც საუბრობს. მისი ინფორმაციით, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ცხინვალის რეგიონის ასეულობით ისტორიული მნიშვნელობის ობიექტი უყურადღებოდაა მიტოვებული. „ცხინვალის მიმართულებით ჩემი ინფორმაციით სულ 4 ძეგლის რესტავრაციაზე მიდიოდა საუბარი, მათ შორის იყო აჩაბეთში მდებარე თირის მონასტერი, იკორთა, საუბარი შეეხებოდა მოცულობითი ტაძრების აღდგენას, რომლებიც ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათად უნდა რომ გამოიყენოს ცხინვალმა სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ იმ ტურისტულ ზონებში, სადაც სამხრეთ-ოსეთი მოიხსენიება, ყველგან სწორედ ეს ობიექტებია შეტანილი და ამიტომ ეს უფრო მათი საგარეო დანიშნულების ობიექტებია და არა კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის საგანი. დაახლოებით 5 წლის წინ დაიწყო რუსულმა კომპანიამ თირის და იკორთის ტაძრების რეაბილიტაცია, რის შედეგადაც ორივე ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რაც ფრესკებსაც შეეხო. არაპროფესიონალიზმით იმდენად უხეში ჩარევა მოხდა ამ პროცესში, რომ თვითონ ცხინვალის წარმომადგენლობაც შეშფოთდა, რის შედეგადაც შეაჩერეს რესტავრაცია“,-ამბობს ზურა ბენდიანაშვილი.

ცხინვალში აცხადებენ, რომ მათ ტერიტორიაზე 300-მდე კულტურული ძეგლი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს. ყველაზე რთულ მდგომარეობას კი იკორთის და თირის მონასტრებში მიიჩნევენ.

1172 წელს აგებული იკორთის ეკლესია ცხინვალიდან 35 კილომეტრით არის დაშორებული. ფეოდალურ ხანაში იკორთა იყო ქსნის ერისთავთა ერთ-ერთი რეზიდენცია შიდა ქართლში. იკორთის ტაძარში კახეთის აჯანყების (1659) ხელმძღვანელები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები არიან დაკრძალულნი.

XVII საუკუნის 80-იან წლებში აგებული თირის მონასტერი კი ცხინვალიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

რამდენად შესაძლებელია ქართველი და ოსი ხალხისთვის ისტორიული ძეგლების მდგომარეობამ ახალი შეხების წერტილები წარმოშვას, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორს საუბარი უჭირს. კონფლიქტოლოგები ამ ეტაპზე ვერც იმას პროგნოზირებენ, რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის საკითხმა დაძაბულობა და შუღლი კიდევ უფრო გააღვივოს. ექსპერტების აზრით, ეს თემა დროულ ყურადღებას საჭიროებს და ცხინვალის რეგიონში განადგურების საფრთხის ქვეშ არსებული ისტორიული ნაგებობების მდგომარეობა დღის წესრიგში, ყველა საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენებით, დაუყონებლივ უნდა დადგეს.


მსგავსი სიახლეები

3288 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი