იტვირთება

საქართველოს მთავრობამ „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილება შეიტანა და საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროებითი წესი დაამტკიცა.

ამ წესის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით, საქართველოს ტერიტორიის დატოვება იმ მოქალაქისთვის არის ნებადართული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამის ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას ფლობს. მასში საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) უნდა იყოს დაფიქსირებული.

ამასთანავე, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, აპლიკაცია შეავსოს, რომელშიც საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა მიუთითოს. მან აპლიკაციას მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ვერსია უნდა დაურთოს. საქართველოს მოქალაქის მიერ შევსებულ აპლიკაციასა და მასზე დართულ დოკუმენტაციას სამუშაო ჯგუფი ამოწმებს, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის მიერ იქმნება. ჯგუფი რეგიონის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც აპლიკაცია შეავსო და საჭირო დოკუმენტები დაურთო, პასუხი აპლიკაციის შევსებიდან შვიდი კალენდარული დღის ვადაში უნდა ეცნობოს. თუ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მსურველის მონაცემები შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს მიეწოდება.

თურქეთის რესპუბლიკიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. აპლიკაციის შევსებიდან ერთი კვირის ვადაში, მოქალაქეებს sms-ით ატყობინებენ, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუ - არა. თუ დოკუმენტაციას რაიმე ტიპის ხარვეზი აქვს, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ის არასრულადაა წარმოდგენილი, ან დაზუსტებას საჭიროებს. მესამე ტიპის შეტყობინება კი მოქალაქეს ამცნობს, რომ დოკუმენტაცია მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

მოცემული პერიოდისთვის, იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც განაცხადი abroadworkers.moh.gov.ge-ზე შეავსეს და თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან გამოგზავნილი, ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული მოწვევა ატვირთეს, 430-ს აღწევს. თუმცა, თურქეთის რესპუბლიკაში სამთვიანი ვადით სამუშაოდ გადასვლის ნებართვა 110-მა მოქალაქემ მიიღო. დანარჩენს, მართალია, უარი არ ეთქვა, მაგრამ დოკუმენტაციის წარდგენა თავიდან მოუწევს. ასევე პირები, რომელთაც დეპორტაცია აქვთ ან საზღვრის კვეთის დარღვევა უფიქსირდებათ, აპლიკაციის შევსებისას დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაშიც, თურქეთის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ასეთ შემთხვევაში, თანხა, რომელიც მოქალაქემ დოკუმენტის თარგმნასა და დამოწმებაში გადაიხადა, უკან არ უბრუნდება.

ათასობით თვითდასაქმებული მოქალაქე (ზუსტი რაოდენობა დათვლილი არ არის), რომლებიც მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურად ან ყოველდღიურად გადადიოდნენ და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდნენ, სამთვიანი სამუშაო ვიზის მიღებას ვერ შეძლებს. ისინი აღნიშნული ცვლილებით უკმაყოფილო არიან, საზღვრის გახსნას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ მდგომარეობას ახალი წესი ოდნავადაც ვერ ამსუბუქებს. თურქეთის რესპუბლიკაში თვითდასაქმებულებმა, რომლებიც, უკვე ხუთი თვეა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, საზღვრის გახსნის მოთხოვნით, არაერთი აქცია გამართეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს საქართველოს სხვა რეგიონებში, კერძოდ, კახეთში დასაქმების პერსპექტივა შესთავაზა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეები თურქეთში მუშაობის ალტერნატივად ამ ინიციატივას არ განიხილავენ. ისინი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებენ, რომ თურქეთიდან დამსაქმებლისგან მოწვევას ვერ მიიღებენ, რადგან მაღაზიებში ან კვების ობიექტებზე მუშაობდნენ, რომლებიც ახლა დაკეტილია, რადგან მათი მომხმარებლები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. საზღვრის ჩაკეტვამ კი პრობლემა დამსაქმებლებსაც შეუქმნა და თუ საზღვარი არ გაიხსნა, ეს ობიექტები მაინც ვერ ამუშავდება. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად გადადიოდნენ თურქეთში სამუშაოდ, საზღვრის გადმოკვეთისას 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს, რაც მათ დასაქმებას შეუძლებელს გახდის.

ციალა თებიძე: „ყოველდღიურად გადავდიოდი თურქეთში, თეთრეულის მაღაზიაში ვმუშაობდი. მე ვინ მომცემს ახლა მაგ მოწვევას. მაგას უგზავნიან იმას, ვინც მუდმივად მუშაობდა იქ და პანდემიის დროს აქეთ დარჩა. მაღაზიები მაინც დახურულია, რადგან საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობდა. მე რომ წავედი, ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა. ოქროს ბირჟაზე ვმუშაობდი. მერე ბანკის ვალი დამედო და ვერ გადავიხადე. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც შემექმნა. გადავედი ქემალფაშაში. ჯანმრთელობა გამიუარესდა. ვმკურნალობ, მაგრამ მაინც დავდიოდი ყოველდღე და 30-35 ლარს გამოვიმუშავებდი დღეში. ჩემს წამალს და ქირას ყოფნიდა. სახლი გირაოთი გავეცი, მაგრამ ვეღარ ვიხდი და ბინა ბანკმა გადაიფორმა. ამ ნაქირავებში ვცხოვრობთ მე, ჩემი შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი. 12 000 დოლარი მაქვს გასასტუმრებელი. გაუსაძლის სიტუაციაში ვართ. კახეთში ისეთი პირობებია, რომ იქ ვერაფრით ვერ გავძლებ. სარდაფებში ცხოვრობენ აქედან ჩასულები, ქირას იხდიან, ჭამის თანხაც დასაქმებულისაა და რაღა უნდა დაგვრჩეს? თურქეთში ანაზღაურება ხომ გაცილებით უკეთესია და დღეში ორჯერადი კვებაც დამსაქმებლის ხარჯზეა. ახლა როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რა ვქნათ, არ ვიცი“.

მელანო ჯაბნიძე: „ახლა ვიყავი საკონსულოში. თქვენ რომ არ დამკავშირებოდით, მე ვაპირებდი ჟურნალისტებთან დარეკვას. როგორც კი რიჟვაძემ ახალი წესის ამოქმედების შესახებ განაცხადა, მეორე დღესვე გამომიგზავნეს თურქეთიდან მოწვევა, რომელსაც ქართული მხარე ითხოვს. თურქეთის საკონსულოში მივიტანე, იქ უნდა თარგმნონ და დაამოწმონ. 40 ლარი ღირს. ისედაც ვალებში ვარ და ეს თანხაც ვისესხე, მაგრამ საკონსულოში მითხრეს, ჯერ პასუხს ველოდებით, ბოლომდე გადაწყვეტილი არააო. მე არანაირი იმედი არ მაქვს უკვე. რას აპირებენ, ვერ ვხვდები. წესი ამოქმედებულია, მაგრამ მაინც პრობლემებს ვაწყდები.ხუთი წელია, თურქეთში გადავდივარ. ჩაის სეზონი დამთავრდება აწი, სანამ ჩვენ საბუთებს მოვამზადებთ.ხუთი თვის განმავლობაში რომ 300 ლარი დამირიცხეს, რაში უნდა ვიმყოფინო? ქირა დამიგროვდა 1 600 ლარი, ცალკე მაღაზიის ვალი დამედო და ჩემმა შვილმა სწავლაც მიატოვა, სტუდენტია და თანხა ვერ გადავიხადეთ. 17 წლის იყო, ისიც თურქეთში რომ წავიყვანე სამუშაოდ და გვყოფნიდა ჩვენი ნაშრომი. ახლა ნაქირავების დაცლა მომიწევს, თუ არ წავედით. კახეთში დასაქმებაზე კიდევ რა ვთქვა აბა, სისულელეა. მყავს იქ ნათესავები და მინდოდა წასვლა. მითხრეს, რთველზე 10-15 დღე იქნება სამუშაოო. თურქეთში რომ გადავდიოდით ჩვენ, ხარჯი არ გვქონდა, ფაქტობრივად. კვება დამსაქმებლის იყო და ხელფასს ხელზე გვიხდიდა. კახეთში ქირა, კვება და სხვა ხარჯებიც დასაქმებულის გადასახდელია და რა უნდა ჩამოიტანოს? ჩაის სეზონზე 3 500 ლარი გადმოგვქონდა და აქ რამდენ ხანს უნდა ვიმუშაო, რომ ამდენი დავაგროვო“.

მადონა შაინიძე: „მოდის ეს მოწვევა, მაგრამ რასაც ვხედავ, ეს არარეალურია. ვინც მიიღო, ისინიც ვერ აკეთებენ საჭირო საბუთებს. ჩემი ახლობელი მეხუთედ მივიდა საკონსულოში და უთხრეს, რომ ჯერ ეს წესი ბოლომდე გარკვეული არ არის. დღეში ორჯერ ვკვეთდი საზღვარს, დილით და საღამოს. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ისეთი სამსახური მქონდა. გაგვწირა ხელისუფლებამ, ლუკმაპური გვენატრება. მე კიდევ ისე მძიმე დღეში არ ვარ, მაგრამ ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებიც საზღვრის ჩაკეტვამ დაამშია. გული გაგიჩერდებათ, მაგათ სახლებში რომ შეხვიდეთ. ხუთი თვის განმავლობაში ძაღლივით მოგვიყარეს ეს 300 ლარი. საკმარისია ეს? აქციას გავმართავთ მალე და რიჟვაძეს მოვთხოვ, გამოვიდეს და გაგვცეს პასუხი, თუ არ შეუძლია, გადადგეს თანამდებობიდან. ძალიან გამწარებულები ვართ, შეიძლება, საკუთარ თავს რამე დავუშაოთ. ხომ არ დაავიწყდათ, რომელი თვეა? ოქტომბერში არჩევნებია და არც ერთი ჩვენგანი ხმას არ მივცემთ მაგათ. კახეთში თავიანთი ოჯახის წევრები გაუშვან. იქ ადამიანურ პირობებში არ არიან ჩვენები. 1 ლარი ოთახის ქირაა დღეში. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პირობები უნდა იყოს? დაბრუნდა უკან რამდენიმე ადამიანი, რაც მე ვიცი“.

ჯაბა: „მე ვარ აგერ ცოცხალი მაგალითი. სანამ მთავრობა გამოაცხადებდა, მანამდე წავედი კახეთში და იმ შრომის ფასად, რომელიც გვიწევდა, მიზერულ თანხას გვიხდიდნენ. თან სადღაც ჯურღმულში ვცხოვრობდით, ცხოველიც ვერ გაჩერდება იქ, ღია ცის ქვეშ სჯობს დარჩენა. კვება ჩვენზე იყო და ვერც ვერაფერი ჩამოვიტანე, გაუარესებული ჯანმრთელობით დავბრუნდი. რანაირი ხელისუფლებაა ეს, თვითონ და მაგათი ოჯახის წევრებს არც უგრძვნიათ პანდემია და ჩვენ კი გვაშიმშილებენ აგერ. მერე მოვლენ და ხმა მოგვეციო, გთხოვენ. ხმაც აღარ დამრჩა მე, არც -სული და ხორცი“.

რაც შეეხება მთავრობის სახლთან გამართულ აქციას, მისი მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა მოქალაქეებს მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა და დაჰპირდა, რომ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას შეათანხმებდა.

თურქეთში დროებით დასაქმებული მოქალაქეები უკვე ერთ თვეზე მეტია, საზღვრის გახსნას ან საკუთარ ქვეყანაში დასაქმებას ითხოვენ. მათ არაერთხელ საჯაროდ ჰკითხეს მთავრობას, რას უპირებს გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს. თუმცა კონკრეტული პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 300-ლარიანი კომპენსაციის გადახდა 29 ივლისს გადაწყდა. ისინი შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. 6 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც თვითდასაქმებულებმა ბათუმში კიდევ ერთი აქცია გამართეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა ის თვითდასაქმებული, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტების შეგროვება ვერ მოასწრეს, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებს და ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურად ან დღიურად დასაქმებულების ნაწილი აცხადებდა, რომ მათ ერთჯერადი დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და პორტალზე ატვირთვა დღემდე ვერ მოახერხეს.

საქართველოს ის მოქალაქეები კი, რომლებიც სპეციალურ მოწვევას ვერ მიიღებენ, კვლავ აქტიურად მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ ან ყოველთვიური დახმარება დაუნიშნოს, ან თურქეთთან საზღვარი გახსნას. მათ უკმაყოფილებას მთავრობის ის გადაწყვეტილებაც იწვევს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის ასაკიც 17 წლამდეა, 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. „რამდენი ოჯახია, რომელსაც ეს დახმარება არაფერში არ სჭირდება. ხომ ჯობდა, უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩენილების მდგომარეობა გაეთვალისწინებინათ და ყოველთვიური დახმარება მოეცათ, მშიერი გვყავს შვილები და ჯამში გამოგვივა 500 ლარი, ვისაც 17 წლამდე შვილები გვყავს. ახლა ეს თანხა გადაანაწილონ 5 თვეზე და იმყოფინონ თვითონ“, - გვითხრა ერთ-ერთმა უმუშევრად დარჩენილმა თვითდასაქმებულმა.


მსგავსი სიახლეები

3215 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი