რეზიუმე: ახალი კორონავირუსის (covid-19) -ის გავრცელების გამო გამოცხადებულმა პანდემიამ აჭარის ა/რ ტურისტების ნაკადი საგრძნობლად შეამცირა.
აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2020 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელება სრულყოფილად ვერ შეძლო. მიმდინარე წლის აპრილში რეგიონის მთავრობამ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელა და „საგანგებო ბიუჯეტი“ დაამტკიცა. ამ ცვლილებების თანახმად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდა. სხვადასხვა პროგრამისა და ქვეპროგრამის ხარჯების შემცირების შედეგად, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ასიგნება გაიზარდა, საიდანაც 7 300 000 ლარი ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებებისთვის განისაზღვრა.
ტურიზმის სექტორი მუშაობის განსხვავებულ ეტაპზე თებერვლის ბოლოდან გადავიდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის შეზღუდვა საზღვრებზე ეტაპობრივად დაიწყო. პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყანაში მყოფი უცხოელი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებები ტარდებოდა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, დეპარტამენტმა პრიორიტეტებად შემდეგი მიმართულებები განსაზღვრა: სერვისის განვითარება და ახალი კორონავირუსის პირობებში ტურისტული მომსახურებების სტანდარტების შემუშავება - დანერგვა, ტურისტული პროდუქტების განვითარება და ტურისტულ მარშრუტებზე მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონის მარკეტინგი და პოპულარიზაცია საერთაშორისო და სამიზნე ბაზრებზე.
ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების ჯგუფის მიერ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ჩართულობით, რეგიონში ტურიზმის სფეროს ( განთავსება, კვება, პლაჟი და სხვა ) ამოქმედებისა და სტუმრის უსაფრთხოდ მიღების სტანდარტებია შემუშავებული. აჭარის რეგიონში 180-ზე მეტი განთავსების ობიექტი შემოწმდა და ისინი სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.
დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების პროექტზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტურისტულად მიმზიდველი ადგილები და დისტანციის პრინციპით გათვალისწინებული აქტივობები შეიქმნება, რომლებიც, ძირითადად, აჭარაში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებზეა გათვლილი.
ანალიზი: აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ განაცხადა: „აჭარის რეგიონში სტუმრების მასპინძლობას არასტანდარტულად ვაგრძელებთ. გვაქვს ობიექტები, რომლებიც აკმაყოფილებს იმ უსაფრთხოების სტანდარტს, რომელიც აუცილებელია აჭარის რეგიონში დასვენებისთვის. ვაგრძელებთ შიდა ტურისტებისთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას და შეთავაზებების მომზადებას“.
2020 წლის აპრილში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ უკვე დაწერა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
აჭარის რეგიონში საკარანტინო ზონების შერჩევა, მოწყობა და მართვა - მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ახალი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, ორმოცდახუთი საკარანტინო ზონა შეარჩია. დაიწყო სასტუმრო პერსონალის გადამზადება, სასტუმროებისა და იქ არსებული სერვისების ადაპტირება ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით.
სერვისის განვითარება და ახალი კორონავირუსის პირობებში ტურისტული მომსახურებების სტანდარტების შემუშავება-დანერგვა, რაც გულისხმობს მომსახურების სფეროში უსაფრთხოდ ტურისტების მიღებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავებასა და დანერგვას. დაგეგმილ ტრენინგების ფორმატში შევიდა ცვლილება და კორონავირუსის პირობების გათვალისწინებით, სპეციალური სატრენინგო პროგრამა შემუშავდა, რომელიც გათვალისწინებულია გიდების, საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს სერვისების მიმწოდებელი სხვა ორგანიზაციებისათვის. ასევე, ახალი კორონავირუსის პირობებში სტუმრების უსაფრთხოდ მიღებისთვის, დაინერგა საჭირო სტანდარტები და საინფორმაციო ტრენინგები. სატრენინგო პროგრამებისთვის მიმდინარეობს სპეციალური ვებპლატფორმის შექმნა, რომლის საშუალებითაც, სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონულად შეეძლებათ სატრენინგო მასალების მიღება და ტრენინგებზე ელექტრონული რეგისტრაცია. გარდა ამისა, გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იქმნება ქობულეთისა და ბათუმის თემატური ტურების ორენოვანი, პრაქტიკული სახელმძღვანელო.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების ჯგუფის მიერ, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ჩართულობით, ტურიზმის სფეროს (განთავსება, კვება, პლაჟი და სხვა ) ამოქმედებისა და სტუმრის უსაფრთხოდ მიღების სტანდარტები შემუშავდა. ამ ეტაპზე აჭარის რეგიონში 180-ზე მეტ განთავსების ობიექტს აქვს შემოწმება გავლილი. დეპარტამენტის ცნობით, ეს ობიექტები სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. დანართი 1
რაც შეეხება ტურისტული პროდუქტების განვითარებასა და ტურისტულ მარშრუტებზე მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობას, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის სოციალური მედიაკამპანიები იგეგმება და ხორციელდება. ჩირუხის ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტის მომზადება მიმდინარეობს, რომელიც გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის პროექტის შექმნას გულისხმობს. ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა მომზადდა,ორი ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტი დაიგეგმა. ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა მომზადდა, ოთხი ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირების პროექტი დაიგეგმა. სოფელ უჩხოში (ხულოს მუნიციპალიტეტი) არსებული ჩანჩქერების პოტენციალის კვლევა ჩატარდა და კანიონინგისა და ჩანჩქერებზე დაშვების ბილიკების მოწყობა მიმდინარე წლისთვის დაიგეგმა. ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლებში ტურისტული პოტენციალის კვლევა და მუნიციპალიტეტებს შორის გარდამავალი ბილიკების მარკირების პროექტების მზადება მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე ასევე ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის პროექტი მზადდება. ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, აქტივობების, მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება იგეგმება. დასრულდა ჩირუხის მთა - ხიხანის ციხე - გოდერძის უღელტეხილის ალპური მარშრუტის მარკირება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ამზადებს პროექტს გონიო - კვარიათი - სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნისთვის. ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიული შესწავლის კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის დაპროექტების სამუშაოები გრძელდება. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მაჭახლის ხეობაში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) მიმდინარეობს, ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული ვიზიტორთა ცენტრისა და ზედა ჩხუტუნეთში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ბათუმის ფასდაკლების ბარათი - Batumi Card, რომელიც აერთიანებს 60- ზე მეტ ტურისტულ ობიექტში 15 -50% -იან ფასდაკლებებს, განახლდა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურები სამიზნე ქვეყნებში პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებენ.
ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ ათეულში დაასახელა. 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებად, ბათუმთან ერთად, თბილისი, კორფუ, ზაგრები, ვარშავა, ვენა, ვილნიუსი, გდანსკი, რიგა და ა.შ. არის დასახელებული.
სულ აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი თხუთმეტ ღონისძიებას ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 8 613 000 ლარს შეადგენს.