რეზიუმე: 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რანგში თენგიზ ხუბულურმა რამდენიმე დაპირება გასცა, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაც იყო.
დეპუტატის დაპირებიდან დაპირებებიდან 4 წლის თავზე, გორის მუნიციპალიტეტის 28 სოფელი გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი, 9 სოფელში სასმელ წყლის სისტემა არ არსებობს, 2-ში კი სარწყავი წყლის. ოფიციალური ინფორმაციით, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2016 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტის 50-მდე სოფელში სასმელი წყლის სისტემა რეაბილიტირდა, 15- მდე სოფელში კი სარწყავი სისტემა მოწესრიგდა. „ფაქტ-მეტრის“ კითხვა, გორის მუნიციპალიტეტის 118 სოფლიდან, ამ ეტაპზე, რამდენია სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილი, გორის მერიამ უპასუხოდ დატოვა.
ანალიზი
თენგიზ ხუბულური მე-8 და მე-9 (მოქმედი) მოწვევის პარლამენტის წევრია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიიდან შევიდა, 2016 წელს კი ხმების 73.93% მოიპოვა (42-ე ოლქში) და გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თენგიზ ხუბულურმა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2016 წელს, წყალმომარაგებასთან და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული დაპირებები, რაც მისი მხრიდან გაჟღერდა, შესრულებულია.
რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უშუალოდ პარლამენტარის პრეროგატივაში არ შედის, თუმცა თენგიზ ხუბულური ამბობს, რომ ეს საკითხები ბოლო 4 წელში გორის მუნიციპალიტეტში, სწორედ, მისი უშუალო ჩართულობით გადაწყდა. „გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემები თითქმის დაძლეულია, ნადარბაზევის ტბა, სადაც დღეს წყალი იტუმბება, გროვდება, არის ჩემი ინიციატივით გაკეთებული. აგრარული კომიტეტის სხდომაზე დავაყენე, მელიორაციასთან მქონდა თანამშრომლობა და ჩემი ინიციატივით ეს საკითხიც გადაწყდა. გაზიფიცირებას რაც შეეხება, ძალიან ბევრ სოფელში გაკეთდა, ან კეთდება და მალე დასრულდება. როდესაც მოსახლეობას ვხვდებოდი, გაზი იყო თუ წყალი, რაზეც პრობლემებს გამოთქვამდნენ, ეტაპობრივად ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდა ამ პერიოდში.”- აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების და წყალმომარაგების საკითხებით „ფაქტ-მეტრი“ გასულ წელსაც დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ 2014-2019 წლებში, გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების მიუხედავად, 19 სოფელი ბუნებრივი აირის, ხოლო 15 სოფელი სასმელი წყლის გარეშე იყო დარჩენილი. რაც შეეხება სტატისტიკას უფრო ადრინდელი პერიოდიდან, გორის მერიის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტის 84 სოფელს შეეხო, 28 სოფელი კი კვლავ ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მათ შორის, უწყებამ მხოლოდ ერთზე (კვარხეთი) იცის, რომ გაზიფიცირების სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.
წყალმომარაგების კუთხით კი, საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 1 ნოემბრიდან (ხუბულურის მაჟორიტარობიდან) დღემდე, 9 სოფელში სასმელ წყლის პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. 2 სოფელს კი სარწყავი წყალი საერთოდ არ მიეწოდება.
თუ გასულ წელს სასმელი წყლის პრობლემა მერიამ 15 სოფელში დაადასტურა, ახლა უკვე იგივე კითხვა უპასუხოდ დატოვა და „ფაქტ-მეტრს“ მხოლოდ იმ სოფლების ჩამონათვალი მიაწოდა, სადაც სასმელი წყლის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეობს და ან სამუშაოები დაგეგმილია.
ოფიციალური ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის118 სოფლიდან, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2016 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტის 50-მდე სოფელში სასმელი წყლის სისტემა რეაბილიტირდა,15-მდე სოფელში კი სარწყავი სისტემა მოწესრიგდა.
მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობაში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა გადაჭრილია, ისევე, როგორც გაზიფიცირების საკითხი. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასმელ წყალს ეზოებში მოწყობილი ჭებიდან იღებენ, სოფელში სასმელი წყლის სისტემის არ არსებობის გამო. შესაძლოა, ასეთი სოფლებში წყალგაყვანილობის არ არსებობა მერიამ სტატისტიკაში არც ჩათვალოს. რეალურად კი, მართალია,მოსახლეობა უწყლოდ არ არის დარჩენილი, თუმცა წყალგაყვანილობის სისტემა ამ სოფლებში არ არსებობს.
ოფიციალური ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტში არსებული 118 სოფლიდან, ბოლო ოთხ წელში, გაზიფიცირება და წყალმომარაგების სისტემის (სასმელი და სარწყავი წყლის) რეაბილიტაცია თითქმის ყველა სოფელში არ განხორციელებულა, როგორც ამას გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი,თენგიზ ხუბულური ამბობს. ჯერ კიდევ არის სოფლები დარჩენილი, სადაც გაზიფიცირების და წყალგაყვანილობის პრობლემა ისევ გადაუჭრელია.