იტვირთება

რეზიუმე: 2020 წლის 17 ივლისს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით, ერთი კვირის განმავლობაში განიხილეს და დაამტკიცეს. კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს საკითხების სიღრმისეულად განხილვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ცვლილებების მიხედვით, თუ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის შეუტყობინებლად კომპანიის წილს შეიძენს, ან გაასხვისებს და კომისია ჩათვლის, რომ ასეთი გარიგებით ბაზრის კონკურენციის პრინციპი ირღვევა, კომისია უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ გარიგების პირობების შეცვლა, ან ასეთი გარიგების დადება საერთოდ აკრძალოს. მაგალითად, ზემოხსენებული საფუძვლით, კომისიას შეუძლია საქართველოში მოქმედ კომპანიას მისი მფლობელი უცხოური კომპანიის მიერ მეორე უცხოურ კომპანიისთვის წილების მიყიდვის გარიგების შეჩერება, ან გარიგების პირობების შეცვლა მოსთხოვოს. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ისეთ მოთხოვნას, რომლის შესრულების შესაძლებლობაც მას არ აქვს, კომისია მას მრავალჯერადად დააჯარიმებს, ხოლო მოთხოვნათა კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია კომპანიას სპეციალურ მმართველს დაუნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანიშნულ სპეციალურ მმართველს იმ გადაწყვეტილების აღსრულება დაევალება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც კომპანიას არ გააჩნია.

კომისიას სპეციალური მმართველის დასანიშნად სასამართლოსთვის მიმართვა იმ შემთხვევაში სჭირდება, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი კანონით განსაზღვრულ სპეციალურ ვალდებულებას, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებას (მაგალითად, კონკურენტ კომპანიას საკუთარი ქსელის გამოყენების უფლებას არ აძლევს), ან სატარიფო რეგულირებისა (მაგალითად, სხვადასხვა კომპანიების მიმართ განსხვავებულ ტარიფებს დააწესებს) და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას არ შეასრულებს.

კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება აქტის მოქმედების შეჩერებას აღარ გამოიწვევს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტის მოქმედების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას ცალკე მიიღებს.კანონპროექტის თავდაპირველმა ვარიანტმა მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და ტელეკომუნიკაციის კომპანიების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათი თქმით, ახალი ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის საქმიანობაში ჩარევისა და კონტროლის, ასევე საკუთრების უფლების არამართლზომიერად შეზღუდვის შესაძლებლობა ეძლევა. საზოგადოების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის შედეგად კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა, კერძოდ: სპეციალური მმართველის დანიშვნის წინაპირობები მკაფიოდ გაიწერა. ასევე, კანონპროექტიდან ამოიღეს ის ჩანაწერი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის გასხვისების უფლებამოსილებას აძლევდა. კანონპროექტში შესული ცვლილებების მიუხედავად, კანონპროექტის ძირითადი პრობლემები (მედიასაშუალებებში ჩარევის რისკი, ძალაუფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების საფრთხე, კერძო პირების საკუთრებაში და საქმიანობაში უხეში ჩარევა) კვლავ გადაუჭრელი რჩება.

საყურადღებოა ისიც რომ, კომისიის საქმიანობის 2019 წლიურ ანგარიშში, ისეთ გამოწვევებზე საერთოდ არ არის საუბარი, რომლებიც ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობას გაამართლებდა. შესაბამისად, შესაძლოა, მსგავსი მნიშვნელობის კანონპროექტის საზოგადოების არასაკმარისი ჩართულობით და დაჩქარებულად მიღება ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდეს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ცვლილებებს შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული. მისივე თქმით, „კავკასუს ონლაინის“ მფლობელისთვის (აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლია“) წილის ჩამორთმევამ და/ან გასხვისებამ შესაძლოა, საქართველოში „რეგიონული ციფრული ჰაბის“ პროექტის განხორციელებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. „რეგიონული ციფრული ჰაბი“ გულისხმობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნას, რომელიც ევროპას და ჩინეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელებისთვის „კავკასუს ონლაინს“ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგან ის ბულგარეთსა და საქართველოს შორის, შავ ზღვაში არსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებს ფლობს. ციფრული ჰაბის პროექტი ევროპაში არსებული დიდი სერვერებიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინტერნეტის მონაცემების მისაღებად ყველაზე მოკლე და სწრაფი გზაა.

ანალიზი

2020 წლის 17 ივლისს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

კანონში შეტანილი ცვლილებების მიმოხილვა

ცვლილებების მიხედვით, თუ ავტორიზებული /ლიცენზიის მფლობელი პირი[1] შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის/გასხვისების განზრახვის შესახებ კომუნიკაციების კომისიისთვის შეტყობინების ვალდებულებას არ შეასრულებს და კომისია ჩათვლის, რომ მსგავსი ქმედება კონკურენციის პრინციპის დარღვევაა, კომისია უფლებამოსილია, საკუთრი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სპეციალური მმართველი დანიშნოს[2]. სპეციალური მმართველის დანიშვნამდე, აუცილებელია, კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ კონკრეტული დარღვევისათვის კანონით განსაზღვრული ჯარიმები ერთხელ მაინც გამოიყენოს და ამ ჯარიმებმა კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ვერ უზრუნველყოს. ამასთან, სპეციალური მმართველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ სანქციადადებული პირისთვის ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ, შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. სპეციალური მმართველის დასანიშნად ზემოხსენებული წინაპირობების ერთდროული არსებობაა საჭირო.

სპეციალურ მმართველს, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ფართო უფლებამოსილება ენიჭება, კერძოდ: ის უფლებამოსილია, დანიშნოს და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი, ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ა.შ. გარდა ამისა, სპეციალურ მმართველს შეუძლია, სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება სადავო გახადოს და მათი შეჩერება, ან ბათილობა მოითხოვოს. სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ქმედებას სპეციალური მმართველის/კომუნიკაციების კომისიის წინასწარი თანხმობა სჭირდება.

ცვლილებების მიხედვით, კომისიის სამართლებრივი აქტების სასამართლოში გასაჩივრება კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერებას არ გამოიწვევს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტის მოქმედების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას ცალკე მიიღებს. აქტის შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას სამი დღის ვადაში იღებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, ზემოაღნიშნული ცვლილება საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით არის განპირობებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის პირველი რედაქციით ეს ცვლილება „მაუწყებლის შესახებ“ კანონშიც იყო გათვალისწინებული. ამასთან, თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, სპეციალური მმართველის დანიშვნის საფუძვლები და წინაპირობები დაკონკრეტებული არ იყო, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონის ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევდა და მედიის საქმიანობაში ჩარევის მომეტებულ რისკს ქმნიდა. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მარეგულირებელ ორგანოს შეეძლო, სპეციალური მმართველი იმ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის დაენიშნა, რომელიც მასთან შეთანხმების გარეშე წილებს შეიძენდა/გაასხვისებდა. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური მმართველი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ შეძლებდა (მაგალითად, გასხვისებულ წილს უკან ვერ დააბრუნებდა), კომუნიკაციების კომისიას უფლება ჰქონდა, კომპანიის ახალი მფლობელისთვის კუთვნილი წილი ჩამოერთმია და აუქციონის წესით გაესხვისებინა.

პრობლემები და საზოგადოების გამოხმაურება

კანონპროექტის თავდაპირველმა ვარიანტმა მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო სექტორისა და ტელეკომუნიკაციის კომპანიების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. მათი თქმით, ახალი ცვლილებების მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის საქმიანობაში ჩარევისა და კონტროლის, ასევე საკუთრების უფლების არამართლზომიერად შეზღუდვის შესაძლებლობა ეძლევა. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, კანონპროექტი საგანგაშოა, რადგან ის მედიის საქმიანობაში ჩარევის რისკებს შეიცავს და მსგავსი მნიშვნელობის ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არ შეიძლება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ახალი ცვლილებებით კომისიას როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტები უჩნდება იმისათვის, რომ მაუწყებლების საქმიანობაში ჩაერიოს და გამოხატვის თავისუფლება გაუმართლებლად შეზღუდოს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მასზე სავალდებულო შეფასება რეგულირების ზეგავლენასთან დაკავშირებით, იმ მოტივით არ გაკეთებულა, რომ კანონპროექტის დაუყოვნებლივ განხილვა აუცილებელია სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თუმცა დასაბუთებაში ვერ ვხვდებით კონკრეტულ საფუძველს, თუ რატომ უნდა იყოს კანონპროექტი დაჩქარებულად განხილული, რაც ზრდის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი მოემსახურება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას“.

9 ივლისს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მოქმედმა კომპანიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ხელმომწერთა თქმით, კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების კანონში” შესატან ცვლილებებზე ავტორიზებული პირების ფუნდამენტურ უფლებებს ეხება და კანონპროექტის, ამ ფორმით მიღება, მათ სამომავლო საქმიანობაზე, მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

საპარლამენტო უმცირესობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებისა და ტელეკომუნიკაციის კომპანიების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის შედეგად, საქართველოს მთავრობამ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი უკან გაიხმო, თუმცა „მაუწყებლის შესახებ“ კანონში გათვალისწინებული ცვლილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში გადმოიტანეს. რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, აღნიშნულ საკითხს საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციის, ტელეკომუნიკაციის კომპანიების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით კი, კომუნიკაციების კომისიამ კერძო სექტორთან რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც კანონპროექტში სპეციალური მმართველის დანიშვნის წინაპირობები მკაფიოდ გაიწერა. რიგ შემთხვევებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება, მარეგულირებელი ორგანოს ნაცვლად, სასამართლოს მიენიჭა. ასევე, კანონპროექტიდან ამოიღეს ის ჩანაწერი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის გასხვისების უფლებამოსილებას აძლევდა.

კანონპროექტის მოქმედი ვარიანტის მიხედვით, ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი ვალდებულია, შერწყმის, წილის შეძენის/გასხვისების თაობაზე კომუნიკაციების კომისიას წერილობით აცნობოს. კომისია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ იგი მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას გამოიწვევს. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, შესაბამის ავტორიზებულ პირს შეძენილი წილის/აქციების ფუნქციონალური განცალკევება მოსთხოვოს, რაც აღნიშნულის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად (იურიდიულ პირად) ჩამოყალიბებას გულისხმობს. კომისიის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია, საკუთარი მოთხოვნების აღსრულების მიზნით სპეციალური მმართველი დანიშნოს.

კანონპროექტში არსებული ძირითადი პრობლემები (ძალაუფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების საფრთხე, კერძო პირების საკუთრებაში და საქმიანობაში უხეში ჩარევა) კვლავ გადაუჭრელი რჩება. შესაბამისად, კანონში შეტანილი ცვლილებებით მარეგულირებელ ორგანოს შეუსაბამოდ დიდი ძალაუფლება მიენიჭა. კომუნიკაციების კომისიას სასამართლოს წინასწარი კონტროლის გარეშე შეუძლია, კონსტიტუციით დაცულ მეწარმეობის თავისუფლებაში ჩაერიოს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით, ერთი კვირის შუალედში განიხილეს და დაამტკიცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობდა და განხილვაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს საკითხების სიღრმისეულად განხილვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ტელეკომუნიკაციების კომპანიებმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „კომისიის საქმიანობის 2019 წლიურ ანგარიშში, რომელიც კომისიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა, არსადაა მითითებული ისეთი გამოწვევების და პრობლემური საკითხების შესახებ, რომელთა დაუყოვნებლივ გადაჭრაც საკანონმდებლო ინიციატივას საჭიროებს. კომისიას საკანონდებლო ორგანო არ ჩაუყენებია საქმის კურსში, რომ მის რეგულირების სფეროს მიკუთვნებული საკითხის გადასაჭრელად საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა და ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანა იყო აუცილებელი“. შესაბამისად, „გაურკვეველია“, მსგავსი მნიშვნელობის კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, რატომ იყო აუცილებელი.

„კავკასუს ონლაინის“ საქმე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა გამოეხმაურა. მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ბრაიზამ აღნიშნა, რომ კანონი შეიძლება გამოყენებული იქნას ინტერნეტთავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ სფეროში მოქმედი კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად. ამასთან, მისი შეფასებით, ცვლილებებს შესაძლოა, „კავკასუს ონლაინი“ ჰყავდეს მიზანში ამოღებული. „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კანონი რატომღაც, კონკრეტულად „კავკასუს ონლაინზე“ ფოკუსირდება. როგორც ვთქვი, ტელეკომუნიკაციების კომპანიასთან დაკავშირებით იყო 9 სხვა „ქეისი“, როდესაც კომუნიკაციების კომისიას შეთანხმების შესახებ დავა ჰქონდა, რადგან ამის შესახებ კომისიის ინფორმირება არ მომხდარა სათანადოდ, თუმცა ყველა შემთხვევაში კომპანიებს საშუალება მიეცათ, გარიგება შემდგარიყო. ეს, „კავკასუს ონლაინის“ შემთხვევა ერთადერთია, როდესაც კომისიამ ამის საშუალება შეზღუდა. ახლა, მას შემდეგ, რაც „ნექსოლმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლა გადაწყვიტა, უეცრად, ჩნდება ახალი კანონი. ასე რომ, ეს ყველაფერი საეჭვო გარემოებებია. იურისტი არ ვარ, რა თქმა უნდა, არც საქართველოს კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ შემიძლია, შევეხო სხვა ტელეკომუნიკაციის კომპანიების საპროტესტო წერილს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის. ისინი ასევე ამბობენ, რომ გამყიდველისა და მყიდველი „ნექსოლის“ მიერ დარღვეული ვალდებულების გამო მიღებული ზომა არაპროპორციულია. ანუ, გაყიდვის გაუქმება, „კავკასუს ონლაინის“ აქციების ნაციონალიზაცია ან კონფისკაცია, უკიდურესი ზომაა“. მისივე თქმით, „კავკასუს ონლაინის“ მფლობელისთვის (აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლია“) წილის ჩამორთმევამ და/ან გასხვისებამ შესაძლოა, საქართველოში „რეგიონული ციფრული ჰაბის“[3] პროექტის განხორციელებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი კანონით კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლება საგრძნობლად გაიზარდა, რაც მისი არაკეთილსინდისიერად, ან არამართლზომიერად გამოყენების საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. ცვლილებების მიხედვით, კომისია გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავად, ან სასამართლოს წესით, ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალურ მმართველს უნიშნავს. კანონში შეტანილი ცვლილებების მოქმედების და შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის საილუსტრაციოდ, კომისიისა და სასამართლოს მიერ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის მაგალითებს გთავაზობთ.

ზოგიერთი შესაძლო უარყოფითი მაგალითი

  1. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კომისიასთან შეუთანხმებლად წილებს/აქციებს შეიძენს, ან გაასხვისებს, ხოლო კომისია ჩათვლის, რომ ამ ტრანზაქციით ბაზარზე არსებული კონკურენცია დაირღვა, მას შეუძლია ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს ასეთი ტრანზაქციის შეწყვეტა, ან საწყისი მდგომარეობის აღდგენა, ან პრობლემური წილების/აქტივების ფუნქციონალური განცალკევება მოსთხოვოს, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია მრავალჯერადად დააჯარიმოს. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში, კომპანიის გასხვისებული წილის უკან დაბრუნება და/ან მათი ფუნქციონალური განცალკევება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ამ სფეროში მოქმედი კომპანია შეიძლება თავად სხვა, უცხოური კომპანიის საკუთრებაში იყოს (მაგალითად, „კავკასუს ონლაინი“, რომლის მფლობელი არის აზერბაიჯანული კომპანია „ნექსოლი“). შეუძლებელია, შვილობილი კომპანია დაავალდებულო, მისი მფლობელი კომპანიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, ან დადებულ გარიგებაზე ზეგავლენა მოახდინოს, რადგან შვილობილი კომპანია ასეთი ქმედების განხორციელების შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, კომპანიის მიმართ გამოყენებული ჯარიმები კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს. ამის მიუხედავად, კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, კომისია გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომპანიას სპეციალურ მმართველს უნიშნავს. კომპანიაში დანიშნულ სპეციალურ მმართველს იმ გადაწყვეტილების აღსრულება დაევალება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც კომპანიას არ გააჩნია.
  2. კომისიას სპეციალური მმართველის სასამართლოს გზით დანიშვნა შეუძლია, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი კანონით განსაზღვრულ სპეციალურ ვალდებულებას არ შეასრულებს. კომუნიკაციების კომისიის გეგმის მიხედვით, 2021 წლიდან ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური მობილური ოპერატორი კომპანიების შემოყვანა იგეგმება. ვირტუალური ოპერატორი გულისხმობს მობილური კავშირის მომსახურების ისეთ კომპანიას, რომელსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა (კაბელები, სიგნალის გადამცემი ანძები და ა.შ.) არ გააჩნია და მომსახურების გაწევისთვის სხვა კომპანიების კუთვნილ ინფრასტრუქტურას იყენებს. აღნიშნული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ბაზარზე მოქმედი კომპანიები (მაგთიკომი, სილქნეტი, ვიონ საქართველო) ვალდებულები იქნებიან, ვირტუალური ოპერატორები საკუთარ ქსელზე დაუშვან და მათი ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოხსენებული კომპანია ვირტუალური ოპერატორებისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურის გაზიარებაზე უარს იტყვის, კომისიას შეუძლია, იგი დააჯარიმოს და ვირტუალური ოპერატორისთვის საკუთარ ქსელზე დაშვება მოსთხოვს. თუ კომპანია ჯარიმების მიუხედავად, კომისიის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, კომისია შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სასამართლოს, რომელიც განიხილავს და კომპანიისთვის სპეციალური მმართველი დანიშვნის გადაწყვეტილებას მიიღებს. აღნიშნული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ კომისია ჩათვლის, რომ კომპანიის მიერ საკუთარ ინფრასტრუქტურაზე (ქსელის ელემენტები, ფუნქციონალური რესურსები, თავისუფალი სიმძლავრეები) დაშვების მსურველი სხვა კომპანიისთვის დაწესებული ტარიფი დისკრიმინაციულია და დანახარჯზე ორიენტირებული არაა.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები უარყოფითად შეიძლება შეფასდეს. ის მარეგულირებელ ორგანოს საშუალებას აძლევს, კერძო სუბიექტების ეკონომიკურ თავისუფლებაში უხეშად ჩაერიოს. აღნიშნულს, შესაძლოა, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარებაზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს.

-------------------------------------------------------------------------------------------------

[1] ავტორიზებული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი). მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაშია შესაძლებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდეს ავტორიზებული პირი მისთვის საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად.

[2] სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც.

[3] „რეგიონული ციფრული ჰაბი“ გულისხმობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების ქსელის შექმნას, რომელიც ევროპას და ჩინეთს ერთმანეთთან დააკავშირებს. ციფრული ჰაბის პროექტის განხორციელებისთვის „კავკასუს ონლაინს“ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგან ის ბულგარეთსა და საქართველოს შორის, შავ ზღვაში არსებულ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებს ფლობს. ციფრული ჰაბის პროექტი ევროპაში არსებული დიდი სერვერებიდან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ინტერნეტის მონაცემების მისაღებად ყველაზე მოკლე და სწრაფი გზაა.

რედაქტორის შენიშვნა

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში იყო ჩანაწერი: „ინიცირებულ კანონპროექტში შესული შესწორებების მიუხედავად, კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას კანონში არსებული საფუძვლებით შეუძლია, სპეციალური მმართველი იმ მედიაში დანიშნოს, რომელიც „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან ერთად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რეგულირების სფეროში ექცევა. მაგალითად, ტელეკომპანია „კავკასია“". აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია დაგვიკავშირდა. კომისიის განმარტებით, კომისიისთვის შეუტყობინებლად წილის გასხვისების შემთხვევაში, სპეციალური მმართველის დანიშვნის წესი მხოლოდ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს ეხება და იგი მედიასაშუალებებზე (საერთო მაუწყებლებზე) არ ვრცელდება. საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლება არცერთ მედიასაშუალებას არ აქვს.

„ფაქტ-მეტრი“ კომუნიკაციების კომისიის არგუმენტაციას იზიარებს, კერძოდ, ამჟამად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებებით განსაზღვრული სპეციალური მმართველის მექანიზმი მედიასაშუალებებს შეეხოს. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონის მოქმედი რედაქცია მედიასაშუალებებისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნის თეორიულ შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, კომისიის განმარტების საფუძველზე, ზემოხსენებული ჩანაწერი სტატიიდან ამოღებულია.


მსგავსი სიახლეები

3141 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი