იტვირთება

რეზიუმე: გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის 20 ივლისს, გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ის ჯერ კიდევ შიდა ქართლის მოქმედი გუბერნატორია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურად დარეგისტრირებამდე პარალელურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას. მანამდე ის კერძო სექტორში მუშაობდა, სადაც წილები ამჟამადაც აქვს და სამართავად თანამდებობის დაკავების შემდეგ სხვებს გადააბარა. ხოლო 2011-2013 წლებში ის სახელმწიფო უწყებაში, კერძოდ სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა.

რაც შეეხება მის ძმას, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეა. აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის იანვარში დაინიშნა, მანამდე ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, უფრო ადრე კი (2017 წლიდან) ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციას ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას ის 2004 წლიდან 2012 წლებშიც იკავებდა.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „ქართული ოცნების" მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულები უწოდა, მათ შორის, გორისა და კასპის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილიც დაასახელა. უგულავას განცხადებით, ძმები ხოჯევანიშვილები მაღალ თანამდებობებს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში იკავებდნენ.

„ივანიშვილს მაჟორიტარების ადგილებზე სჭირდება ფულიანი, მინი ოლიგარქები, რომლებსაც საგადასახადოთი, სუს-ით, პროკურატურით ადვილად დააშანტაჟებს. ამ პრინციპითაა ყველა იქ შერჩეული. ნებისმიერი კანდიდატი ყურით უჭირავს და ფელამუშივით ტალახში ჩააწობს და ამოაწობს. ასეთი გათხვრილი ადამიანები წარმოგვიდგინეს, რომლებიც ასეთი პატრონყმური ნიშნით არიან შერჩეულები. ან ის ხოჯევანიშვილი ვინ იყო? ვინ იყო და ერთი ძმა მერაბიშვილის თანაშემწე იყო, მეორე კი სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობდა და „ოცნებამ" ის ჯერ შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნა, ახლა პარლამენტში უნდა რომ შეიყვანოს. „ქართული ოცნება" კი არა, ეს არის „ჟულიკებისა" და თაღლითების პარტია“, -აღნიშნა გიგი უგულავამ.

გიორგი ხოჯევანიშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ მისი ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენ. ინსპექციის ხელმძღვანელობიდან, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მუშაობს. ძმები ხოჯევანიშვილები თანამდებობებს სახელმწიფო უწყებებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იკავებდნენ. კონკრეტულად კი, გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელიც ამჟამად მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატია, 2018 წლის აგვისტოში შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობს. მანამდე, 2011 წლიდან ის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი იყო. ეს თანამდებობა ამ უწყებაში სოზარ სუბარის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, 2013 წელს დატოვა. სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის პერიოდის გახსენება 2018 წელს, მას გუბერნატორად დანიშვნის პირველ დღეებშიც მოუწია.

„საერთაშორისო ორგანიზაციები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე თუ რამეს წერდნენ, ეს ხშირ შემთხვევაში იმ რეპორტებიდან გამომდინარე იყოს, რომლებიც ჩემი იქ მუშაობის პერიოდში, კანონის ფარგლებში ვრცელდებოდა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმდენად ჩაკეტილი სისტემა იყო, რომ ჩემი მუშაობა იმ მომენტისთვის სულ სხვა მიმართულებას მოიცავდა და ე.წ. „ციხის კადრებში“ ასახული ფაქტები ჩემთვის უცნობი იყო“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

„ოცნების“ ამჟამინდელმა კანდიდატმა 2 წლის წინ ისიც განმარტა, რომ სოზარ სუბარის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით უკეთესი შემოთავაზების გამო დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. ამ პერიოდში ( 2012-2014 წლებში) მისი ძმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უკვე ს.ს. სოფლის მეურნეობის კორპორაციის დირექტორი იყო. უფრო ადრე კი 2010-2012 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, 2009-2010 წელს ის ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა, 2006 წლიდან - თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2004-2005 წლებში კი უშიშროების მინისტრის მოადგილის თანაშემწე იყო.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქმიანობის ამსახველი კადრები საძიებო სისტემებშიც ამ დრომდე მრავლად იძებნება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს მაღალი თანამდებობები უკვე 2014 წლიდან ჩააბარეს. 2014-2017 წლებში მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ იმსახურა. 2017 წლამდე შსს-ს გენ.ინსპექციაში ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა, 2019 წლიდან კი ამჟამინდელი თანამდებობა, სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი უკავია.

თანამდებობების პარალელურად, ძმები ხოჯევანიშვილები სამეწარმეო საქმიანობებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები (ოფიციალურად და არაოფიციალურად). „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამჟამად 5 კომპანიის მესაკუთრეა, სადაც საკუთარი წილები სამართავად სხვებზე აქვს გადაცემული. აღნიშნული ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში აქვს შეტანილი, განსხვავებით შპს ლოჯისტიკისგან, რომელიც ადგილობრივ მედიაში გასულ წელს ერთ-ერთი სკანდალური თემა გახდა. მიზეზი კი ხოჯევანიშვილების რუს ბიზნესმენებთან კავშირები იყო.

გიორგი ხოჯევანიშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე კომპანიას წარმოადგენდა, რომელიც გადაზიდვებს რუსეთში აწარმოებდა. საუბარია შპს „ვესტ ლოჯისტიკზე“, რომლის 2 მეწილე (მინდია საბანაძე და მარატ ტუხვატულინი) რუსეთის მოქალაქეა. მესამე პარტნიორი ალექსანდრე გვარიშვილი 2012 წლის ივლისში „თავისუფალი დემოკრატების“ შემომწირველია (19 990 ლარი).

ცნობილი გახდა, რომ ეს კომპანია ჯერ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა სხვა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა, კუთვნილი 15%-იანი წილი კი ძმას, გიორგი ხოჯევანიშვილს 2014 წლის დეკემბერში იმ დროს გადაუფორმა, როდესაც მან შსს-ში დაიწყო მუშაობა. პარალელურად, გიორგი ხოჯევანიშვილი 2014-2018 წლებში რუსეთში თათარსტანის მხარის დედაქალაქის, ყაზანის საკონდიტრო ქარხნის პარტნიორი იყო.

ამ დროისთვის „ოცნების“ კანდიდატს წილები 5 კომპანიაში სამართავად სხვებზე, (ძირითადად სიმონ ხოჯევანიშვილზე, რომელიც ასევე ფიქსირდება შპს „ვესტელ ლოჯისტიკშიც“) აქვს გადაცემული. რაც შეეხება ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, სამეწარმეო საქმიანობაში მისი მონაწილეობა ამ დრომდე ოფიციალურად არ არის დადასტურებული. მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ძმები ხოჯევანიშვილები (სუს-ის უფროსის მოადგილე და შიდა ქართლის გუბერნატორი, ასევე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი) თანამდებობებს სახელმწიფო დაწესებულებებში წინა ხელისუფლების პერიოდშიც იკავებდნენ, ასევე კერძო სექტორშიც საქმიანობდნენ, საიდანაც შემოსავალს იღებ(დნ)ენ, რაზეც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა მიუთითებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3300 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი