რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, 2016-2019 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაოს მაძიებელი ან უკვე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე უმუშევრობის მაჩვენებელიც მცირდება. 2016 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა.
2019 წელს 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 27.8 ათასით გაიზარდა. ამავე პერიოდში, არასახელმწიფო/კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 54.9 ათასით შემცირდა. ირაკლი აბესაძე განცხადებისას, სამუშაო ძალის და დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაზე სწორად მიუთითებს . ასევე სიმართლეა, რომ ბოლო წლებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, სახელმწიფო სექტორში კი პირიქით იზრდება. ის ასევე საუბრობს, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების დაკარგვის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ირაკლი აბესაძე სავარაუდოდ 2019 წლის ბოლო კვარტლის მაჩვენებელს 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს ადარებს, როდესაც ბიზნეს სექტორში 20.4 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვაზე საუბრობს. ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების წლიური მაჩვენებელი კვარტალურ მაჩვენებელს არ უნდა შედარდეს, რადგან წლიურ მაჩვენებელი უფრო მეტი საწარმოს მონაცემებს ასახავს. ტენდენციის დასანახად კვარტალი წინა წლის შესაბამის კვარტალს უნდა შედარდეს. 2019 წლის ოთხივე კვარტალში 2018 წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაზრდილია.
ანალიზი
26 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ დასაქმების მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად მცირდება სამუშაო ძალა და აქტიური მოსახლეობა, ეს ხალხი ან გარბის ან უარს ამბობს საერთოდ, უპერსპექტივობის განცდით, მუშაობაზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები ყოველდღიურად მცირდება. მათ შორის, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 11 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა დაქირავებით დასაქმებულთა სექტორში. 2016-2019 წლებში დაიკარგა 55 000 სამუშაო ადგილი კერძო სექტორში, თუმცა დამატებით შეიქმნა 28 000 ადგილი სახელმწიფო სექტორში... 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორში 20 400 ადგილი დაიკარგა“.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი აბესაძის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. ამასთან, 2016-2019 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაოს მაძიებელი ან უკვე დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. საქსტატის მეთოდოლოგიით, თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს, ის გადადის სამუშაო ძალის მიღმა და უმუშევრად არ მიიჩნევა. უმუშევრობის მაჩვენებელი სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე შემცირდა (იხილეთ გრაფიკი 1).
გრაფიკი 1: დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებლები, 2012-2019 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 10.9 ათასით შემცირდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 7 ათასით გაიზარდა. საერთო ჯამში, 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 4 ათასით შემცირდა. 2017 წლიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, 2019 წელს 2016 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში 27.8 ათასი ადამიანი დასაქმდა. ამავე პერიოდში, არასახელმწიფო/კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 54.9 ათასით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობას საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით ითვლის. სამუშაო ადგილების რაოდენობა იმავე რაოდენობის დასაქმებულ პირს არ ნიშნავს. შრომისუნარიანი პირი შესაძლოა, ორ ან მეტ სამუშაო ადგილს იკავებდეს. საქსტატის მონაცემებით, 2012-2018 წლებში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლის წლიური მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული. ირაკლი აბესაძე სავარაუდოდ 2019 წლის ბოლო კვარტლის მაჩვენებელს ადარებს 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს, როდესაც ბიზნეს სექტორში 20.4 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვაზე საუბრობს. კვარტალური მაჩვენებლის წლიურ მაჩვენებელთან შედარება ცალსახად არასწორია და რეალურ სურათს ამახინჯებს. კვარტალური მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალს უნდა შედარდეს.
2019 წლის ოთხივე კვარტალში 2018 წლის შესაბამის კვარტლებთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაზრდილია. ამასთან 2020 წლის I კვარტლის მონაცემებით, როგორც 2019, ასევე 2018 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, სამუშაო ადგილები გაიზარდა (იხილეთ გრაფიკი 2).
გრაფიკი 2: ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა, კვარტლების მიხედვით, 2018, 2019, 2020 წლებში
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების წლიური მაჩვენებელი კვარტალურ მაჩვენებელს არ უნდა შედარდეს, რადგან წლიურ მაჩვენებლის შემთხვევაში მოცვა არის უფრო მეტი. მაგალითად, წლიურ მონაცემებში 15 ათასზე მეტი საწარმოს მონაცემების გამოკვლევა ხდება, ხოლო კვარტალურში 12 ათასამდე. ამასთან, სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების წლიური მაჩვენებელი აღემატება კვარტალურ ან კვარტლების გასაშუალოებულ მაჩვენებელს.